მთავარი,სიახლეები

ენმ: პოლიციელებს წოდების მომატების სანაცვლოდ ხმების მიტანას სთხოვენ

26.11.2018 • 1655
ენმ: პოლიციელებს წოდების მომატების სანაცვლოდ ხმების მიტანას სთხოვენ

ენმ-ს წარმომადგენელმა, ყოფილმა პოლიციელმა, გია ხალვაშმა, დღეს, 26 ნოემბერს, ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ შსს მინისტრი, გიორგი გახარია, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სასარგებლოდ ხმების მიტანას აიძულებს.

„ის (გახარია) პოლიციელებს არ აძლევს თავისუფალი არჩევანისა და თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალებას. პოლიციელებს, რომლებიც სოციალურ ქსელში აზიარებენ „რუსთავი 2“-ის სიუჟეტებს ან გრიგოლ ვაშაძის გამოსვლებს მოიწონებენ, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

პოლიციელები, რომლებიც ელოდებოდნენ წოდების მინიჭებას, წოდების სანაცვლოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა ოცკაციანი სია მოსთხოვეს.“

„ბათუმელების“ კითხვაზე, შეუძლია თუ არა დაასახელოს კონკრეტული მაგალითები, საიდანაც იკვეთება ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა, გია ხალვაში ამბობს, რომ კონკრეტული პირების ვინაობა იცის, თუმცა ამაზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს.

„თავს შევიკავებ სახელ-გვარების დასახელებისგან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურს დაატოვებინებენ“, – ამბობს ხალვაში.

„ბათუმელების“ შემდეგ კითხვაზე, უშუალოდ მასთან კონკრეტულად რამდენმა პოლიციელმა ისაუბრა ზეწოლაზე, გია ხალვაში ამბობს, რომ სამმა პოლიციელმა.

„როცა ქუჩაში მხვდებიან პოლიციელები, ღიად გვესაუბრებიან, თუმცა მედიაში არ სურთ ამაზე საუბარი და მთხოვეს, რომ არ დამესახელებინა ისინი.

პოლიციელებზე ზეწოლაა, როცა მიმდინარეობს მათი როტაცია და პოლიციელები, რომლებიც ცხოვრობენ ბათუმში, გააგზავნეს იმ რაიონებში, საიდანაც არიან წარმოშობით და სადაც უფრო მეტი ნათესავი ჰყავთ, რომ ამუშაონ საარჩევნოდ“, – ამბობს ხალვაში.

მისივე თქმით, პოლიციელების როტაცია არ არის იშვიათობა, „თუმცა ეს საგანგებო შემთხვევებს უკავშირდება“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: