მთავარი,სიახლეები

11 ათასი აბონენტი – მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა

25.11.2018 • 1700
11 ათასი აბონენტი – მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა

დღეს, 25 ნოემბერს, ხიჭაურში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, რომელმაც ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაზიფიცირების პირველი ეტაპის დასრულების აღსანიშნავად მაგისტრალური მილიდან გაზი აანთო.

„ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ნაბიჯი, ვინაიდან, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მთიან აჭარაში მოსახლეობა არათუ შემცირდეს, არამედ პირიქით, კიდევ უფრო გაიზარდოს და ეს ადგილი გახდეს უფრო საინტერესო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ეს შესანიშნავი ბუნება, რასაც ჩვენ ვუყურებთ, უნდა გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი და რა თქმა უნდა, ამის წინაპირობა გახლავთ სწორედ გაზიფიცირება. კიდევ ერთხელ მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ყველას და კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მათ შორის დონორებს, რომლებიც დაგვეხმარნენ ამ პროექტის რეალიზაციაში. როგორც შეგპირდით, 2020 წლისთვის უკვე გოდერძის უღელტეხილამდე მივა ჩვენი მილსადენები და დამატებით 15 000 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი გაზის მიღებას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის ცნობით, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის პირველი ეტაპი სოფელ სალიბაურიდან სოფელ ხიჭაურამდე მონაკვეთს მოიცავს. გაზის მილები ცენტრალური მაგისტრალის 65 კმ მონაკვეთზე ჩაიდო. პროექტი ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს.

გაზსადენის მშენებლობის ღირებულება 25 768 251 ლარია. სამუშაოები შპს „ენერჯი ინვესტი2009″-მ განახორციელა.

პროექტი 2017 წლის 17 ოქტომბერს დაიწყო.

საქართველოს მთავრობის ცნობით, უკვე დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მეორე ეტაპის პროექტირება, რაც შუახევი-გოდერძის უღელტეხილის 54.0 კმ. მონაკვეთზე ძირითადი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ დამატებით 15 200 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება. გაზიფიცირების მეორე ეტაპის მშენებლობა ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარით ფინანსდება.

________________

მთავარ ფოტოზე: ზურაბ პატარაძე, მამუკა ბახტაძე და თორნიკე რიჟვაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: