მთავარი,სიახლეები

ბათუმის დრამატული თეატრის დახურული გახსნა

25.11.2018 • 2520
ბათუმის დრამატული თეატრის დახურული გახსნა

დღეს, 25 ნოემბერს, ბათუმის დრამატულ თეატრს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ეწვია მთავრობის წევრებთან ერთად და მსახიობებსაც შეხვდა.

ოფიციალური ცნობით, პრემიერმა თეატრი დღეს, დილის 11 საათზე გახსნა, თუმცა არ შემდგარა გახსნის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც ფართო საზოგადოება დაესწრებოდა და შეხვედრა მსახიობებთან მედიისთვისაც დახურული იყო. ჟურნალისტები შენობის გარეთ დარჩნენ, მათ თეატრის გახსნის და მსახიობებთან შეხვედრის გაშუქების შესაძლებლობა არ მიეცათ.

პრემიერ-მინისტრის მსახიობებთან შეხვედრის მოკლე ფრაგმენტი მამუკა ბახტაძის ოფიციალური გვერდით გავრცელდა.

„განსაკუთრებით მინდა მივულოცო დღევანდელი დღე აქ მოღვაწე საზოგადოებას. შენობა აღდგენილია ისე, რომ შენარჩუნებულია ყველა ისტორიული ნიუანსი, უნიკალური მხატვრობა, ჭაღები, კოლონები… ეს გააკეთა ფონდმა „ქართუმ“ და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს ამ დახმარებისთვის,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის წევრებიც, ასევე, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე და აჭარის მთავრობის კიდევ ერთი ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ ხაბაძე.

არჩევნების მეორე ტურის წინ აჭარაში სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფთან მედიისთვის დახურულმა შეხვედრებმა იმატა. 16 ნოემბერს აჭარაში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა ექიმებს დახურულ შეხვედრაზე, იმავე დღეს კი, განათლების მინისტრი შეხვდა ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტებს, ასევე, დახურულ შეხვედრაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: