მთავარი,სიახლეები

კიდევ ერთი სამშენებლო პროექტი ქობულეთის ფიჭვნარში, მწვანე ზოლში

23.11.2018 • 1969
კიდევ ერთი სამშენებლო პროექტი ქობულეთის ფიჭვნარში, მწვანე ზოლში

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შპს „L & R-კომპანი“ ქობულეთში, აღმაშენებლის #379-ში გეგმავს განახორციელოს 40-მილიონიანი ინვესტიცია. კომპანია საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე 240-ნომრიან სასტუმროს ააშენებს, რომელშიც გამაჯანსაღებელი ცენტრი, ღია და დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზი, სპა ცენტრი, რესტორნები და კაფეები განთავსდება.

„ბათუმელების“ ინფორომაციით, კერძო კომპანიისთვის საკუთრებაში გადაცემულ ტერიტორიაზე ინვესტორმა სამი შენობის მშენებლობის ნებართვა 2018 წლის ზაფხულში მოითხოვა და მიიღო კიდეც. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ პრეზენტაციას კი ხვალ, 24 ნოემბერს მთავრობის წევრებთან ერთად გეგმავს.

რას უპირებს კომპანია გადაცემულ ტერიტორიაზე მრავალწლოვან ფიჭვებს? – ამ კითხვაზე პასუხი, ჯერჯერობით, არ გვაქვს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქობულეთის ფიჭვნარში, აღმაშენებლის ქუჩის #379-ის მიმდებარედ 13 213 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ორმა ჩეხურმა კომპანიამ – შპს „L & R – კომპანიმ“ და „სის ინვესტიმ“ 2018 წლის ივლისში დაირეგისტრირეს.

შპს „L & R – კომპანის“ 50 %-ს ფლობს სლოვაკეთის მოქალაქე ლევან შერაზადიშვილი, ხოლო „სის ინვესტის“ ასივე პროცენტს სლოვაკეთის მოქალაქე იან ბიბანი ფლობს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: