მთავარი,სიახლეები

დაზღვევა თურქეთში – როგორ გაჩნდა ახალი შეთავაზება პაციენტებისთვის

22.11.2018 • 4264
დაზღვევა თურქეთში – როგორ გაჩნდა ახალი შეთავაზება პაციენტებისთვის

სადაზღვევო კომპანიებს საქართველოში ახალი სერვისი აქვთ – დაზღვევა თურქეთში. შეთავაზება მას შემდეგ გააქტიურდა, როცა საქართველოდან თურქეთში ადამიანების გადასვლის მაჩვენებელმა იმატა. მედიკამენტების იაფად ყიდვის გარდა, ადამიანები სამედიცინო მომსახურების მიღებასაც თურქეთის სამედიცინო კლინიკებში არჩევენ.

„არდის სადაზღვევო ბარათით თქვენ მიიღებთ ექსკლუზიურ ფასდაკლებას თურქეთის ნომერ პირველ წამყვან კლინიკაში…“ – ეს სადაზღვევო კომპანია „არდის“ ჯანმრთელობის დაზღვევის შეთავაზებაში გაჩნდა. შეთავაზების მიხედვით, „არდის“ მომხმარებელი თურქეთში მითითებულ კლინიკაში სამედიცინო მომსახურების საფასურის 5-დან 10 პროცენტამდე ფასდაკლებას მიიღებს, ისრაელში მდებარე კლინიკებში კი 7-15 პროცენტამდე.

შეთავაზება ვრცელდება საზღვარგარეთ მედიკამენტების შეძენაზეც – 50 პროცენტის ოდენობით. თუკი „არდის“ დაზღვევის მქონე ადამიანი წამალს საქართველოში შეიძენს, ის 55-პროცენტიან ფასდაკლებას მიიღებს, თუმცა მედიკამენტი მხოლოდ PSP – სააფთიაქო ქსელში უნდა შეიძინოს. ამ დრომდე სადაზღვევო კომპანიები კონკრეტულ სააფთიაქო ქსელთან არიან დაკავშირებული. მას შემდეგ, როცა თურქეთში მედიკამენტების დაბალ ფასად ყიდვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რამდენიმე სააფთიაქო ქსელი მომხმარებელს ამ სერვისსაც დაჰპირდა – წამლების თურქეთიდან გადმოტანას იმის მიუხედავად, რომ თავად მედიკამენტების წარმოება-გაყიდვით არიან დაკავებული.

„არდის“ მსგავსად საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების დაზღვევას სხვა კომპანიებშიც შემოგთავაზებენ, ანუ სადაზღვევო ბიზნესს შეუმჩნეველი არ დარჩენია ქართველი მომხმარებლის ინტერესი თურქული კლინიკების მიმართ. კომპანიების: „ირაოს“, „იმედი L“-ს, „სადაზღვევო ჯგუფის“, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ცხელი ხაზის ოპერატორებმა გვითხრეს, რომ თურქეთში მკურნალობის დაზღვევა შესაძლებელია. „დეტალები ფორმა 100-ზეა დამოკიდებული და ინდივიდუალურ შეთანხმებაზე“, – აღნიშნეს ოპერატორებმა.

სადაზღვევო კომპანიების ოპერატორების განმარტებით, კორპორატიული დაზღვევის შემთხვევაში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში მკურნალობის საფასური მაშინ იფარება, თუკი ანალოგიური სერვისის მიღება საქართველოში შეუძლებელია. ოპერატორებმა, ასევე, გვითხრეს, რომ შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლებელია კორპორატიული დაზღვევაც ითვალისწინებდეს თურქეთში მკურნალობის დაზღვევას იმის მიუხედავად, კონკრეტული სამედიცინო მომსახურება საქართველოში მდებარე კლინიკებში აქვთ თუ არა.

რატომ გააქტიურეს სადაზღვევო კომპანიებმა თურქეთში მკურნალობის დაზღვევა და კონკრეტულად რამდენად აძვირებს ეს სიახლე სადაზღვევო პაკეტის საფასურს – სადაზღვევო კომპანიების ოპერატორების თქმით, ამ თემაზე ინფორმაციის მოწოდება მათ არ შეუძლიათ. ოპერატორები დაგვპირდნენ, რომ მენეჯერებს შეატყობინებდნენ ჩვენთვის საინტერესო თემის შესახებ და შემდეგ მივიღებდით პასუხს. ამ დრომდე კომპანიებისგან განმარტებები არ მიგვიღია „არდის“ გარდა, სადაც გვითხრეს, რომ კონკრეტულად თურქეთთან დაკავშირებით კონკრეტული მენეჯერი მუშაობს, რომელიც ორშაბათამდე სამსახურში არ იქნება.

ამ თემაზე:

მოქალაქე: წამლები, რომლებშიც საქართველოში 187 ლარი უნდა გადამეხადა, თურქეთში 63 ლარად ვიყიდე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: