მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ კოორდინატორების გასაჭირი ერთი სოფლის მაგალითზე

21.11.2018 • 2194
„ოცნების“ კოორდინატორების გასაჭირი ერთი სოფლის მაგალითზე

„რას გაიგებ ხალხის აზრს, არ ამხელენ ვის აძლევენ ხმას ან დაგპირდება, მაგრამ არავინ იცის, სინამდვილეში რას ფიქრობს. ყველაფერი ყუთთან რომ მივა, მაშინ გადაწყდება,“ –  გვიყვება „ოცნების“ ერთ-ერთი კოორდინატორი. რამინ აბულაძე ხულოს მუნიციპალიტეტის ვაშლოვნის თემის ზონის „ოცნების“ კოორდინატორია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ამ თემში პარტიის სხვა კოორდინატორებისა და აგიტატორების მუშაობაზეც ეკისრება პასუხისმგებლობა.

ვაშლოვნის თემი ზემო და ქვემო ვაშლოვანს, ასევე, სოფლებს: თაგოსა და ჩაოს აერთიანებს. თემში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოთხი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი – #18, 19, 20, 21.

ცესკოს მონაცემების მიხედვით, ამომრჩევლის რაოდენობის თვალსაზრისით, ყველაზე დიდი მე-18 საარჩევნო უბანია, სადაც 1 145 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან პირველ ტურში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 695-მა ამომრჩეველმა, მათგან 310-მა სალომე ზურაბიშვილს მისცა ხმა, 230 ხმა მიიღო გრიგოლ ვაშაძემ. „ოცნების“ კოორდინატორებმა იციან, რომ მეორე ტურისთვის აქტიურად მუშაობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორებიც, ამიტომაც ამ დროისთვის მათ პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

„ოცნების“ ზონის კოორდინატორის, რამინ აბულაძის თქმით, მეორე ტურისთვის პარტიამ კოორდინატორების დამატების გადაწყვეტილება მიიღო და, მეორე ტურის წინ, საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ვაშლოვანში 12 კოორდინატორი და ექვსი აგიტატორი მუშაობს. მათი მოვალეობები ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდება. ისინი კარდაკარ შემოვლის პრინციპით აკითხავენ ამომრჩეველს და არწმუნებენ, რომ 28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებზე აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო ყუთთან და არჩევანი სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთონ: „ჩვენ დაველაპარაკებით, დანარჩენი ამომრჩევლების გადასაწყვეტია.“

სოციალური პრობლემები, გაძვირებული პროდუქტი და საწვავი – ეს ის ძირითადი პრეტენზიებია, რისი მოსმენაც ხელისუფლებაზე განაწყენებული ხალხისგან როინ აბულაძეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინაც მოუწია. ის „ოცნების“ აგიტატორია. მისივე თქმით, ამომრჩევლები იმავე პრობლემებს ასახელებენ მეორე ტურის წინაც, თუმცა განწყობა ოდნავ შეცვლილია.

„ხელისუფლების მცდელობები ხალხის განწყობებზეც აისახა. კმაყოფილიც ბევრია. სოფელში ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, ბაგა-ბაღი აშენდა. ვაშლოვანი მაღალმთიანი სოფელია, პრობლემები აქვთ – გაჭირვებაა და სოციალური დახმარების მიღება უნდათ, ქულების მიხედვით კი დახმარება ბევრს არ მოუწია. გვთხოვენ, რომ დახმარების მიღება გაიოლდეს,  ხელისუფლებამ ეს გაითვალისწინოსო“, – გვიყვება  როინ აბულაძე.

როინ აბულაძე წინასაარჩევნო აგიტაციაში პირველად არ არის ჩართული. ამბობს, რომ მას ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვს. მისთვის „ხელისუფლება ყოველთვის ხელისუფლებაა“ და მხოლოდ ხელფასის მისაღებად არ მუშაობს: „არც ვიცი რამდენს გადამიხდიან. მე უფასოდაც ვიმუშავებდი, ქვეყანას სჭირდება.“

ვაშლოვანის კოორდინატორების მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ  კოორდინატორს უმეტესწილად პარტია ირჩევს და არა პირიქით, იმის მიხედვით, ვის როგორი ავტორიტეტი აქვს სოფელში.

„მე რომ ხალხს ვთხოვო პიროვნულად ჩემი მხარდაჭერა, უფრო მნიშვნელოვანია, ალბათ, ზოგჯერ – მეზობლობა, მეგობრობა, ყველაფერი მოქმედებს. ამ შემთხვევაში უფრო მე მიჭერენ მხარს, ასე გამოდის“,  – ამბობს კიდევ ერთი კოორდინატორი ზვიად აბულაძე.

როგორც კოორდინატორები, ასევე,  აგიტატორებიც ამბობენ, რომ დაპირებების გაცემა მათი საქმე არ არის. „ჩვენ დაპირებებს ვერ მივცემთ, დაპირებებზე ხელისუფლება ტელევიზორში ლაპარაკობს და მოისმენენ. ჩვენთვის მთავარია, ამომრჩეველი გააქტიურდეს და არჩევნებზე მივიდეს,“ – გვიხსნის სხვა კოორდინატორი ნუგზარ აბულაძე.

აგიტატორ როინ აბულაძის თქმით კი, მისთვის მთავარია, რომ ხალხს არ ატყუებს, რადგან „ტყუილი მამაკაცს არ ეკადრება, ქალს კი შეიძლება ეს მხოლოდ ჭორაობაში ჩაეთვალოს“. თუმცა კითხვაზე, რატომ ეპატიება ქალს ტყუილი, მით უმეტეს, როცა მას პრეზიდენტობა სურს? – ის ჯერ ბოდიშს იხდის: „ქალებთან ბოდიში“, შემდეგ კი გენდერულ ბალანსზე იწყებს საუბარს:

„თუ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ გენდერულ თანასწორობაზე, მაგას მნიშვნელობა არა აქვს – მე, მაგალითად, მიმაჩნია, რომ ქალი უფრო ლოიალური და უფრო დამთმობი, უფრო შემრიგებლური იქნება. იყვნენ ქალი პიროვნებები აღიარებული ყველაფერში და ახლა რა იქნება აქ დასაძრახი, მე ვერ წარმომიდგენია საერთოდ“.

კოორდინატორის ანაზღაურება 150 ლარია. ეს თანხა ერთხელ უკვე მიიღეს კოორდინატორებმა. კიდევ ერთხელ 150 ლარის გადახდას მათ მეორე ტურის შემდეგ ჰპირდებიან.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: