მთავარი,სიახლეები

აჯიკის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

21.11.2018 • 3280
აჯიკის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

აფხაზური მარილის – „აპირპილ-ჯიკას“ და მეგრული აჯიკის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს. ეს სტატუსი ქართულ საკმაზს ქეთევან პაპავასა და არჩილ ზამბახიძის პროექტ „ქართული გემოს მემკვიდრეობის” ფარგლებში მიენიჭა.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, „აპირპილ-ჯიკას“(ანუ, მარილი – „აჯიკა“ (аџьыка), წიწაკიანი მარილი – „აპირპილ-ჯიკა“ და შეკმაზული მარილი – „აჯიკ-ცაცა“) წარმოშობა აფხაზ მწყემსებთან არის დაკავშირებული. მისი პირველადი დანიშნულება – ქურდობის პრევენცია უნდა ყოფილიყო, კერძოდ, საქონლის მეპატრონეები პირუტყვის საძოვრებზე გაშვებამდე მწყემსებს ცხოველების გამოსაკვებ მარილს აძლევდნენ (ეს უკანასკნელი, საქონელს მადას უღვიძებდა, შესაბამისად, ისინი მეტ წყალსა და მეტ საკვებს იღებდნენ, რაც მათ წონას მატებდა; ხოლო, გამომდინარე იქიდან, რომ იმ დროისათვის, მარილი საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტი იყო და დაქირავებული მწყემსები მას იპარავდნენ ან თავად იყენებდნენ, მეპატრონეები “ცხვრის საგზალს”, ცხარე წიწაკას აყრიდნენ. თუმცა წიწაკიანი მარილი მეცხვარეებისათვის უფრო საინტერესო აღმოჩნდა და დროდადრო, მათ თავადაც დაიწყეს სანელებლებისა და ბალახეულის დამატება.

„კოლხური, კერძოდ კი აფხაზური და მეგრული „აპირპილ-ჯიკას“ ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ქცევა, ისტორიული და პოლიტიკური მნიშვნელობისაა, რამდენადაც ეს პროცესი კიდევ უფრო ცხადყოფს აფხაზეთის, როგორც ჩვენი ერთიანი კულტურის ორგანულ კავშირს,” – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

გადაბეჭდვის წესი