მთავარი,სიახლეები

საიდან ხვდება ნარჩენები შავ ზღვაში – ახალი პროექტი შავი ზღვის ხუთი ქვეყნისთვის

21.11.2018 • 3090
საიდან ხვდება ნარჩენები შავ ზღვაში – ახალი პროექტი შავი ზღვის ხუთი ქვეყნისთვის

საიდან ბინძურდება შავი ზღვა და აკვატორიის რა ნაწილია დაბინძურებული ნარჩენებით – ამის დასადგენად მუშაობა ხუთმა ქვეყანამ ერთობლივად დაიწყო: ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, უკრაინა, საქართველო. პროექტის ფარგლებში საერთო ინტერნეტპლატფორმა შეიქმნება, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს მშობლიურ ენაზე შეეძლება ინფორმაციის მიღება შავ ზღვაში ნარჩენებთან დაკავშირებით. მომხმარებელს პლტაფორმაზე ინფორმაციის დამატების საშუალებაც ექნება, რომელიც გადამოწმების შემდეგ აისახება საიტზე.

დღეს, 21 ნოემბერს, პროექტის MARLITER კოორდინატორი ნინო ცხადაძე გარემოს დაცვის საკითხებით დაინტერესებულ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე, მეცნიერებს შეხვდა. ერთ-ერთი შეკითხვა, რაც ნინო ცხადაძეს დაუსვეს, ლურჯი ალმის გამოჩენას ეხებოდა ბათუმის სანაპიროზე. ლურჯი ალამი სუფთა პლაჟსა და წყალს ნიშნავს.

უნდა ველოდოთ თუ არა ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ლურჯ ალამს ბათუმში – ეს კითხვაც დავუსვით ინტერვიუს დროს ნინო ცხადაძეს, პროექტის MARLITER კოორდინატორს საქართველოში.

ქალბატონო ნინო, კონკრეტულად რა ნარჩენების აღწერაზეა საუბარი? შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბათუმში დაბინძურების ერთ-ერთი კერა დღემდე არის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ნარჩენები. 

ამ პროექტის ფარგლებში საუბარია მხოლოდ მყარ ნარჩენებზე, შესაბამისად, ნავთობი და ასე შემდეგ ვერ აისახება იმ ინტერნეტპლატფორმაზე, რის შექმნაც იგეგმება. ეს საიტი 2021 წლის იანვრისთვის იქნება მზად. პროექტის ლიდერი ქვეყანა არის ბულგარეთი, კონკრეტულად კი, არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი BSNN, საბერძნეთიდან პროექტში მონაწილეობს სალონიკის უნივერსიტეტი, უკრაინიდან – ოდესის სამეცნიერო ცენტრი, რუმინეთიდან – არასამთავრობო ორგანიზაცია „მარე ნოსტრუმი“ და საქართველოდან  – შავი ზღვის ეკო აკადემია. პროექტის მიზანია გარემოსდაცვითი მონიტორინგის სფეროში თანამშრომლობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

რატომ არ ჩაერთო თურქეთი და რუსეთი პროექტში? 

პროექტი მოამზადა ბულგარეთის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა, მან შეარჩია პარტნიორები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. თურქეთი არ ჩაერთო, ასე არ არის, რამდენიმე პროექტია ამ მიმართულებით და თურქეთი აუცილებლად იქნება წარმოდგენილი სხვა პროექტში. დღევანდელ შეხვედრაზეც ითქვა, რომ თურქეთი არის ერთ-ერთი დამაბინძურებელი შავი ზღვის და ეს ცნობილი ფაქტია, თუმცა, ბულგარეთისთვის თურქეთი არ წარმოადგენს პრობლემას. პროექტში ჩართული არ არის ასევე რუსეთი, რადგან იგი არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არც ასოცირებულია. საბოლოოდ ამ პროექტის მიზანია დაიდოს ზუსტი მონაცემები და ამ მონაცემის საფუძველზე დაიგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები, რაც შეამცირებს ნარჩენების რაოდენობას შავ ზღვაში.

ამ დროისთვის რა არის ცნობილი – რამდენად არის დაბინძურებული შავი ზღვა და საიდან? 

ზუსტი მონაცემები არ არის, მაგრამ დაბინძურების კერები რომ არსებობს, ფაქტია. ცნობილია ასევე, რომ დაბინძურების 95 პროცენტი მოდის პლასტმასის ნივთებზე. ეს ნივთები, ძირითადად, ზღვაში ხვდება მდინარეებიდან. ჩვენი მდინარეებიდანაც ჩადის ზღვაში ნარჩენები. ბევრ სოფელში ჩვენთან არ არის ნაგვის ურნები და მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნივთებს მდინარის პირას ყრის… ეს ნივთები საბოლოოდ ხვდება ზღვაში, ნაწილი დეგრადაციას განიცდის გარკვეული დროის შემდეგ, ილექება და ყლაპავენ თევზები. შემდეგ ეს იწვევს სერიოზულ დაავადებებს. პლასტიკატი არის სერიოზული დამაბინძურებელი.

რამდენად შესაძლებელია დაბინძურების კერებზე ზუსტი ინფორმაციის მოგროვება?

დღეს ჩვენ შევხდით ამ თემით დაინტერესებულ ყველა ორგანიზაციას, მათ უნდა მოგვაწოდონ ეს მონაცემები. ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი იქნება გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელსაც გარკვეული ინფორმაცია აქვს დაბინძურების კერებზე. ჩვენ ამ ინფორმაციას აუცილებლად გამოვითხოვთ. აქვე, შეხვედრაზე ითქვა, რომ მდინარე მეჯინისწყალი ყოფილა ერთ-ერთი დამაბინძურებელი და ეს შეხვედრის სხვა მონაწილეებმა, მაგალითად, არ იცოდნენ. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ინფორმაცია შეგროვდეს და გავცვალოთ ეს ინფორმაცია.

ვინ დაამუშავებს ამ ინფორმაციას და იქნება თუ არა პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაცია განახლებადი? 

კი, ინფორმაცია იქნება მუდმივად განახლებადი. მომხმარებელს ექნება გამოხმაურების შესაძლებლობა, მაგალითად, დაბინძურების კონკრეტული კერის შესახებ გაქვთ ინფორმაცია და ის არ არის აღნიშნული იმ გეოფიზიკურ რუკაზე, რომელიც საიტზეა გამოქვეყნებული, თქვენ შეგიძლიათ მიწეროთ საიტის ადმინისტრაციას და ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, ეს მონაცემიც დაემატება რუკას… პლატფორმის ამოქმედებამდე შეგროვებულ ინფორმაციას დაამუშავებს ოდესის სამეცნიერო ცენტრი, ელექტრონული რუკების შექმნას კი სალონიკის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს. პროექტს ევროკავშირი აფინანსებს და მისი საერთო ბიუჯეტი 770 ათასი ევროა.

შეხვედრაზე ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა იკითხა ლურჯ ალამთან დაკავშირებით. როდის იქნება შესაძლებელი ბათუმის პლაჟზეც გამოჩნდეს ეს ალამი, როგორც სუფთა წყლის ნიშანი? 

ლურჯი ალმის მინიჭების პროცესი საკმაოდ რთულია, ამას რამდენიმე წელი მაინც დასჭირდება. ჯერ საუბარია მონაცემების შეგროვებაზე იმის გასარკვევად, თუ რისი გაკეთებაა შემდგომში საჭირო. ამ პროექტის დასრულების შემდეგ შესაძლებელია შემდეგ ეტაპი იყოს ლურჯი ალმის პროცესის დაწყება.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: