სიახლეები

ვეშაპის კუჭში 115 ცალი პლასტმასის ჭიქა და რამდენიმე წყვილი რეზინის ჩუსტი იპოვეს

21.11.2018 • 2539
ვეშაპის კუჭში 115 ცალი პლასტმასის ჭიქა და რამდენიმე წყვილი რეზინის ჩუსტი იპოვეს

ინდონეზიის სანაპიროზე გამორიყული, დაღუპული ვეშაპის კუჭიდან ცხოველთა უფლებებზე მომუშავეებმა რამდენიმე კილოგრამი პლასტმასი ამოიღეს, მათ შორის 115 ცალი პლასტმასის ჭიქა და რამდენიმე წყვილი რეზინის ჩუსტი. ვეშაპის კუჭში, მთლიანობაში, 6 კილოგრამი პლასტმასის სხვადასხვა ნივთი იპოვეს.

9.5 მეტრის სიგრძის დაღუპული ძუძუმწოვარი ორშაბათს კუნძულ სულავეიზე გამორიყა ოკეანემ. ვეშაპის კუჭში აღმოჩნდა:

  • 4 ცალი პლასტმასის ბოთლი
  • 25 ცალი ცელოფნის პარკი
  • 115 ცალი პლასტმასის ჭიქა
  • რამდენიმე წყვილი რეზინის ჩუსტი
  • დაახლოებით 3.2 კილოგრამი პლასტმასის სადენები
  • დაახლოებით 140 გრამი პლასტმასისგან დამზადებული სხვადასხვა დეტალი.

რადგან ოკეანის ბინადარის სხეული იმ დროს იპოვეს, როდესაც თითქმის გახრწნილი იყო, შეუძლებელი აღმოჩნდა სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა. „მაგრამ, რაც ჩვენ ვნახეთ, ნამდვილად არის საშინელება“, – აცხადებს გარემოსდაცვითი მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი ინდონეზიაში.

ინდონეზიის ხელისუფლების განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია პლასტმასის წარმოების შემცირება და გამოყენება. ისინი არ გამორიცხავენ, რომ პლასტმასის საგნებით ოკეანეებში ახლაც ბევრი ბინადარი შეიძლება იღუპებოდეს.

ინდონეზიაში უკვე მუშაობენ იმაზე, რომ მაღაზიებში აღარ გამოიყენონ ცელოფნის პარკები. 2025 წლისთვის კი ქვეყანა პლასტმასის გამოყენების შემცირებას 70%-მდე გეგმავს. ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ ამ ამოცანას ადამიანები გაიგებენ, თუ დაინახავენ, რომ პლასტმასი ყველას საერთო მტერია.

მთავარი ფოტო: დაღუპული ვეშაპი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: