მთავარი,სიახლეები

როგორ აფასებს საკრებულოს მუშაობას ოპოზიცია – ანგარიში კითხვების გარეშე

21.11.2018 • 1595
როგორ აფასებს საკრებულოს მუშაობას ოპოზიცია – ანგარიში კითხვების გარეშე

წინასაარჩევნოდ საკრებულოს მუშაობა შეაჯამა ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ . ანგარიში ოპოზიციურმა ფრაქციამ მხარდამჭერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრას პარტიის ლიდერებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე კითხვები არ დასმულა.

კორუფციის ნიშნები ერთ-ერთი საკითხი იყო, რაზეც დღეს მირდატ ქამადაძემ, ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელმა ისაუბრა. მისი თქმით, კორუფციის ნიშნებს შეიცავდა ახალი ავტობუსების შეძენა, ასევე, ბათუმის ახალი სასაფლაოს მოწყობის პროექტი.

„მერიამ თითო ავტობუსში 76 ათასი ევრო გადაიხადა. ჩვენ მივწერეთ ამ კომპანიას ელექტრონულად და გვიპასუხეს, რომ ავტობუსის საცალო ფასი გადასახადების ჩათვლით 63 ათასი ევროა. როცა ტენდერი ცხადდება და ერთიანად ყიდულობ საქონელს, ცნობილი პრაქტიკაა, რომ ფასი ბევრად დაბლა იწევს… ჩვენ მოვიწვიეთ მერი ამ საკითხზე საკრებულოში, მაგრამ არ მოვიდა. ვიცე-მერმა კი გვითხრა, რომ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა… რატომ მიიღო მონაწილეობა ასეთ ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ, ეს აჩენს კითხვებს,“ – აღნიშნა მირდატ ქამადაძემ.

საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია, ასევე, აპროტესტებს ააიპ „ბათუმის სასაფლაოებისთვის“ დამატებით 190 ათასი ლარის გამოყოფას. მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ორგანიზაციას ამ დრომდე არ ჩაუბარებია ანგარიში საკრებულოსთვის, თუ რაში დაიხარჯა აქამდე გამოყოფილი 4 მილიონი და რატომაა დღემდე დაკეტილი ბათუმის ახალი სასაფლაო.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მუშაობას „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე, კრიტიკულად აფასებს მშენებლობების კუთხით. ოპოზიციის თქმით, ინიციატივა არ გაიზიარა საკრებულომ იმის შესახებ, რომ მშენებლობების სიმაღლეში გაზრდის ნებართვების, ე.წ. კა2-ის გაცემის პროცესში საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს და გადაწყვეტილებები დისკუსიის გზით მიიღონ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მირდატ ქამადაძემ ისაუბრა, ქუჩებისთვის სახელების შეცვლაა: ლერმონტოვის ქუჩისთვის ამერიკელი სენატორის – მაკკეინის, ხოლო გრიბოედოვის ქუჩისთვის ცხინვალში გატაცებული და შემდეგ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სახელების დარქმევას ოპოზიცია რამდენიმე თვეა ითხოვს, თუმცა საკრებულოს ამ საკითხებზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიში არ მოუსმენიათ საკრებულოს უმრავლესობის წევრებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: