მთავარი,სიახლეები

 ბათუმის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისა და ქალაქის გაფორმებისთვის 700 000 ლარი გამოყო

22.11.2018 • 3474
 ბათუმის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისა და ქალაქის გაფორმებისთვის 700 000 ლარი გამოყო

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერი გამოაცხადა. 2018 წლის 25 დეკემბრიდან 2019 წლის 3 იანვრის ჩათვლით, შესაბამისი მომსახურებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 273 500 ლარია გამოყოფილი.

ღონისძიებებში შედის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთება, ფეიერვერკები 25 და 31 დეკემბერს, სხვადასხვა ინსტალაციის მოწყობა, თეატრალური წარმოდგენებისა და ბავშვთა გასართობი სცენების მოწყობა და სხვა. კულტურის ცენტრი ტენდერში მონაწილეებს ინსტალაციების ნიმუშებსაც სთავაზობს.

წელსაც მოეწყობა აკრობატი თოვლის ბაბუების შოუ 25, 29, 30 და 31 დეკემბერს – ევროპის მოედანზე არსებულ შენობიდან თოვლის ბაბუის ფორმაში გამოწყობილი აკრობატების ჩამოსვლა.

მთავარი საახალწლო ღონისძიებები ბათუმში, ტრადიციულად ევროპის მოედანზე გაიმართება. ღონისძიებების ორგანიზების მსურველთა სატენდერო წინადადებების მიღება 30 ნოემბერს დაიწყება და 3 დეკემბერს დასრულდება.

საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმების სამუშაოებზე ცალკე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. სატენდერო თანხა 428 423 ლარი იყო.

მიმდინარე წლის 2 ნოემბერს სატენდერო კომისიამ ტენდერში მონაწილე კომპანია „აჭარგანათება“ ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვია. „აჭარგანათებამ“ სააგენტოს სამუშაოების შესრულება ზუსტად იმ თანხაში შესთავაზა, რაზედაც ტენდერი იყო გამოცხადებული, ანუ 428 423 ლარად.

ტენდერი აუქციონის გარეშე ჩატარდა, შესაბამისად, სისტემაში არ ჩანს მონაწილეობდა თუ არა მასში სხვა პრეტენდენტი კომპანია.

„აჭარგანათება“, რომელიც მერიის ტენდერებს ხშირად იგებს, ბათუმში რუსთაველის დასახლებაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარის ირაკლი თოფურიძის ოჯახს ეკუთვნის. კომპანიამ ქალაქში სამუშაოების სამზადისი უკვე დაიწყო.

ამავე თემაზე:

ბათუმის მთავარი ნაძვის ხე აინთო (ვიდეო)

გადაბეჭდვის წესი


ასევე: