მთავარი,სიახლეები

ექსკავატორი „რივიერაზე“ – კომპანია დავალებას ითხოვს, მერია – დუმს

20.11.2018 • 2802
ექსკავატორი „რივიერაზე“ – კომპანია დავალებას ითხოვს, მერია – დუმს

ექსკავატორი, რომელიც ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას, ნაკვეთის მესაკუთრის თქმით, მათ არ დაუქირავებიათ და იქ ამ დროისთვის რაიმე სამუშაოებს არ ახორციელებენ. ეს ტერიტორია, სადაც 6 შენობის აშენებაა დაგეგმილი, „სილქ როუდის“ შვილობილი კომპანიის – „ბათუმი რივიერას“ საკუთრებაშია. ექვსი შენობიდან ყველაზე მაღალი – „სილქ თაუერი“ კი, სავარაუდოდ, 42-სართულიანი იქნება. პროექტის განხორციელება ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ფინანსური თანამონაწილეობით იგეგმება.

პროექტის დაწყება, როგორც კომპანია „ბათუმი რივიერაში“ გვითხრეს, დამოკიდებულია იმ გეგმარებით დავალებაზე, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტისგან უნდა მიიღონ. ასეთი დავალების გაცემას კი, ბათუმის მერია და საკრებულო აჭიანურებენ.

თქვენი ინფორმაციით, რატომ არ გასცემს გეგმარებით დავალებას ბათუმის მუნიციპალიტეტი? – ამ კითხვაზე „ბათუმი რივიერას“ დირექტორმა ასე გვიპასუხა: „კარგი კითხვაა, რომელზეც პასუხი არ მაქვს. არ ვიცი. ველოდებით, როდის დაინიშნება საკრებულოს სხდომა.“

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დავალება ჯერ მიღებული არ აქვს, კომპანიამ ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევა ჩაატარა.

„გეოლოგიური კვლევა დასრულდა და შედეგებიც გვაქვს“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში „ბათუმი რივიერას“ დირექტორმა გიორგი კაპანაძემ.

კითხვაზე – კვლევის შედეგად შესაძლებელია თუ არა აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობების აშენება და ხელოვნური ტბის მოწყობა? – გიორგი კაპანაძემ გვიპასუხა:

„შენობის აშენება შეიძლება ნებისმიერ ნიადაგზე. კვლევა კი იმისთვის არის საჭირო, რომ სწორი ფუნდამენტი შეირჩეს… ტექნიკურად მაქ ხელოვნური ტბის გაკეთებაც შესაძლებელია. რაც შეეხება ტექნიკას, რა ესკავატორია, არ ვიცი. ჩვენი შეყვანილი არ არის. მაქ ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე სამუშაო. ჯერ ერთი – ტერიტორია არქეოლოგიური კვლევისთვის გავთხარეთ, სადაც გვეგონა, რომ ძველი [მეფის რუსეთის დროინდელი] ფორტის ნაწილები იყო დარჩენილი. აჭარის არქეოლოგიის ინსტიტუტი დავიქირავეთ მაგისთვის, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ. ამის შემდეგ ჩავატარეთ გეოლოგიური კვლევა. მეტი სამუშაო მაქ არ ჩატარებულა. შეიძლება ვინმემ თავისი ნებით შეიყვანა რამე ტექნიკა. მაგიტომ მინდოდა შემოგვეღობა ეგ ტერიტორია, მაგრამ ნებართვა მერიამ არ მოგვცა“.

„რივიერას“ ტერიტორია, ბათუმი / 19.10.2018 / გურამ მურვანიძის ფოტო

ქალაქის მერიაში ერთი თვის წინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „რივიერას“ ტერიტორიაზე კომპანიისთვის გეგმარებითი დავალების მიცემა-არმიცემის საკითხს ქალაქის საკრებულო უახლოეს სხდომაზე გადაწყვეტდა.

მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს „უახლოესი სხდომა“ რამდენჯერმე ჩატარდა, ეს საკითხი დღის წესრიგში არ იყო. მეტიც, შესაბამისი პროექტი დღესაც არ არის გადაგზავნილი საკრებულოში.

აღნიშნულ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება 2018 წლის 29 სექტემბერს დაიწყო. 19 ოქტომბერს კი, საკრებულოს ღია კარის სხდომაზე, საზოგადოება „ბათომმა“ საკრებულოს „რივიერასთან“ დაკავშირებული პროცედურების შეჩერება სთხოვა.

„ბათუმელები“ იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით გეგმარებითი დავალების გაცემის საკითხზე ბათუმის მერიას კვლავ დაუკავშირდა.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „მოხდება საკითხის საჯარო განხილვა, რომლის შემდეგაც მერია მიმართავს საკრებულოს“. რატომ არ მოხერხდა საჯარო განხილვის ორგანიზება დღემდე, რატომ ჭიანურდება პროცესი ან ხომ არ შეჩერებულა პროცესი ოფიციალურად? – მერიაში ვერ გვიპასუხეს და საკითხის განხილვის თარიღად კვლავ „უახლოეს მომავალი“ დაგვისახელეს.

გეგმარებითი დავალების გაცემა-არგაცემის საკითხი საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს. საკრებულოს შესაბამისი განკარგულების პროექტი კი, ქალაქის მერიას მეორე თვეა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვს ატვირთული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: