მთავარი,სიახლეები

ჭეიშვილი მეგობარს ნარკოტიკის შემოტანაში დაეხმარა – ამ ცნობის უარყოფა ვასაძეს სასამართლომ დაავალა

20.11.2018 • 2768
ჭეიშვილი მეგობარს ნარკოტიკის შემოტანაში დაეხმარა – ამ ცნობის უარყოფა ვასაძეს სასამართლომ დაავალა

მედეა ვასაძემ მედიასაშუალებებით უნდა უარყოს ინფორმაცია, რომელიც მან ირაკლი ჭეიშვილის შესახებ 2015 წელს გაავრცელა. უმაღლესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატმა, მედეა ვასაძემ, მოქმედ დეპუტატს, ირაკლი ჭეიშვილს, მორალური ზიანისთვის, ასევე, 1 ლარი უნდა გადაუხადოს.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მან ირაკლი ჭეიშვილის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი მურმან დუმბაძის ნაწილში. მოსამართლეს არ განუმარტავს მიღებული გადაწყვეტილება.

სასამართლო დავა სამი წლის წინ დაიწყო. დავის საგანი 2015 წელს „რუსთავი 2“-ის ეთერში ირაკლი ჭეიშვილის შესახებ გასული სიუჟეტი გახდა, სადაც იმ დროისთვის უმაღლესი საბჭოს წევრი, მედეა ვასაძე ამბობს, რომ ირაკლი ჭეიშვილის მეგობარმა ჭეიშვილის დახმარებით აჭარაში ნარკოტიკული ნივთიერება შემოიტანა. იმ პერიოდისთვის პარლამენტარი მურმან დუმბაძე აცხადებდა, რომ ნარკოტიკი ირაკლი ჭეიშვილის სამსახურებრივი ავტომანქანით შემოიტანეს. ირაკლი ჭეიშვილმა ეს ინფორმაცია საქმიანი რეპუტაციის შელახვად მიიჩნია და ფაქტის საჯაროდ უარყოფა მოითხოვა.

“პირველად ეს ინფორმაცია გაავრცელა მედეა ვასაძემ, შემდეგ გაიმეორა მურმან დუმბაძემ. ჩვენთვის მთავარი იყო დადასტურებულიყო ის, რომ პირველწყარომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა,” – ამბობს პაატა გოგალაძე, ირაკლი ჭეიშვილის ადვოკატი.

სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებას დღეს მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე არ ესწრებოდნენ.

ამ თემაზე:

ირაკლი ჭეიშვილის სასამართლო დავა მედეა ვასაძისა და მურმან დუმბაძის წინააღმდეგ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: