მთავარი,სიახლეები

ელჩი ზურაბ პატარაძე საქართველოს მოქალაქის აზერბაიჯანში დაკავებაზე

19.11.2018 • 2164
ელჩი ზურაბ პატარაძე საქართველოს მოქალაქის აზერბაიჯანში დაკავებაზე

„აზერბაიჯანის საკონსულო ჩართულია ამ პროცესში, კონსული იმყოფებოდა სასამართლო პროცესზე და ჰქონდა კომუნიკაცია დაკავებულთან. ამ ეტაპზე სხვა ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, – მხოლოდ ამ მწირი ინფორმაციით შემოიფარგლა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრო მირტაგ ასადოვთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხისას.

„ბათუმელები“ 14 ნოემბრის შემდეგ ცდილობს გაარკვიოს, რა ვითარებაში და რატომ დააკავეს საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა.

მირტაგი ასადოვი „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ თავმჯდომარეა. ოჯახის ინფორმაციით, ასადოვმა 7 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, გადაკვეთა წითელი ხიდის საბაჟო-გამშვები პუნქტი აზერბაიჯანის მიმართულებით.

14 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ 7 ნოემბრის შემდეგ თითქმის 4 დღის განმავლობაში დაკავებული სასულიერო პირის ადგილსამყოფელისა და ბედის შესახებ ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ. სწორედ ამის გამო ისინი საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში მოუწოდებდნენ, დაინტერესებულიყო დაკავებული საქართველოს მოქალაქის მდგომარეობით.

სამი დღის წინ მირტაგი ასადოვის საქმეზე „ბათუმელები“ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს ზურაბ პატარაძეს დაუკავშირდა. ჩვენ გვაინტერესებდა, რა ინფორმაცია მიაწოდა ასადოვმა საელჩოს და სხვა რა გარემოებები იკვეთება მისი დაკავების საქმეში. ელჩი ზურაბ პატარაძე შეგვპირდა, რომ საქმის დეტალებში უკეთ გარკვევის შემდეგ, მეორე დღესვე მოგვაწვდიდა ინფორმაციას. დღეს, 19 ნოემბერს კი, მან გვითხრა, რომ შვებულება აიღო და ბათუმში დაბრუნდა.

„ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ვღებულობთ ყველა ზომას იმ დოზით, რა დოზითაც ჩვენ ეს გვეხება და კანონმდებლობა გვაძლევს საშუალებას. როცა საუბარია საქართველოს მოქალაქეზე, რა თქმა უნდა, საქართველოს საელჩო არის ჩართული ყველა იმ პროცესში, რაც ჩვენს მოქალაქეებს ეხებათ. სხვა დეტალებზე დაელაპარაკეთ საკონსულოს. ამ ეტაპზე სად ვართ სამართლებრივად, რა ხდება, რა ინფორმაცია მოგვაწოდეს – ამ ყველაფერზე დაგელაპარაკებათ საკონსულო“, – გვითხრა ზურაბ პატარაძემ.

ბაქოში საქართველოს საკონსულოში „ბათუმელებს“ დამატებით ის უთხრეს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის უნდა მიგვემართა.

საქართველოში მოქმედ 15 არასამთავრობო ორგანიზაციას ეჭვი აქვს, რომ ასადოვის დაკავება შესაძლოა უკავშირდებოდეს მის საქმიანობას:

„შეიხი მირტაგი ასადოვი საქართველოს მოქალაქეა და რელიგიურ და საქველმოქმედო მოღვაწეობასთან ერთად აქტიურად მუშაობს საქართველოში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვასა და თანასწორობის ხელშეწყობაზე. ის განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევა სახელმწიფოს იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც საქართველოში მუსლიმური რელიგიური ორგანიზაციების კონტროლსა და ინტერვენციაზე არის ორიენტირებული. ხშირად გამოხატავს ქართველი აზერბაიჯანელი თემის უკმაყოფილებებს და საჭიროებებს და ამგვარად სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის მნიშვნელოვან გამოცდილებას ქმნის რეგიონში”, – ვკითხულობთ 14 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვრცლად საქართველოს მოქალაქის დაკავებაზე:

https://netgazeti.ge/news/319478/?fbclid=IwAR24WOHLJYEiAqlQDnreHHbmZDPRzM9qVLNXDXlyqEkW8LbTwVF2qyJsvkY

გადაბეჭდვის წესი


ასევე: