მთავარი,სიახლეები

ბათუმში არ აჩერებენ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც მედიცინას სწავლობენ 

19.11.2018 • 2766
ბათუმში არ აჩერებენ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც მედიცინას სწავლობენ 

ბათუმში მყოფმა სამმა უცხოელმა სტუდენტმა საქართველო რამდენიმე დღეში უნდა დატოვოს. სახელმწიფომ მათ უსაფრთხოების მიზეზით უარი უთხრა ბინადრობაზე. სახელმწიფოსგან მიღებული ოფიციალური წერილით სტუდენტებისთვის გაუგებარია, რატომ ან სად ქმნიან ისინი საფრთხეს, ან თუ საფრთხეს ქმნიან, რატომ არ ითხოვს მათ გაძევებას სახელმწიფო. ერთ-ერთმა უცხოელმა სტუდენტმა სასამართლოს მიმართა იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ.

სტუდენტები, რომლებსაც საქართველომ ბინადრობა არ მისცა, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში, BAU-ში, მედიცინას სწავლობენ. ამ უნივერსიტეტში სულ 36 სტუდენტია და ყველა უცხოელი. მათგან ბინადრობა წელს 9-ს დასჭირდა.

„სამს უარი უთხრეს, დანარჩენს კი ხარვეზი დაუდგინეს… ზოგს ნასამართლეობის შესახებ ცნობის წარმოდგენა მოსთხოვეს თავიანთი ქვეყნებიდან, ზოგს გარკვეული დოკუმენტაციის ლეგალიზაცია. გასულ წელს ნოტარიულად დამოწმებული ასლებიც კი მიიღეს, წელს – გართულდა,“ – გვიყვება თეა მიქელაძე, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი.

უცხოელი სტუდენტები ჯერ უმაღლეს სასწავლებელში აბარებენ, ჩამოდიან და ამის შემდეგ ითხოვენ ბინადრობას. თეა მიქელაძე განმარტავს, რომ ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეს, მაგალითად, თურქეთიდან ან იორდანიიდან, ბინადრობა არ სჭირდებათ, რადგან მათ სასწავლო ვიზის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ საქართველოში დარჩენა.

„რაც შეეხება ერაყელებს, ეგვიპტელებს, ირანელებს და ასე შემდეგ, მათ მხოლოდ 90 დღე შეუძლიათ აქ დარჩენა წლის განმავლობაში… ლეგალურად ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მათ აქვთ 45-დღიანი ვადა, რომ მოითხოვონ ბინადრობის ნებართვა. წინა წლებშიც იყო პრობლემა, მაგრამ ამ რაოდენობით არა. გასულ წელს, ჯამში, 4 სტუდენტს შეექმნა პრობლემა. წელს კი ცხრას დასჭირდა ნებართვა და ცხრავე პრობლემურია. პრობლემაა ასევე საზღვარზე შემოსვლა. მაგალითად, ერთი სტუდენტი არ შემოუშვეს ბათუმის გამშვები პუნქტიდან. იგივე სტუდენტი ორი თუ სამი დღის შემდეგ თბილისიდან შემოვიდა,“ – ამბობს თეა მიქელაძე.

სტუდენტებმა ბინადრობაზე უარი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მიიღეს. ეს იუსტიციის სამინისტროს უწყებაა. სამინისტროდან მიღებულ წერილში წერია, რომ ბინადრობის ნებართვაზე უარი მათ კანონის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით უთხრეს.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მითითებული კანონის კონკრეტული მუხლები ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს ადგენს:

„არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ“, „იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს“.

რაზე დაყრდნობით მიიჩნია იუსტიციის სამინისტრომ ამ სტუდენტების ქვეყანაში ყოფნა საფრთხის შემცველად? – ამ შეკითხვით იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მივმართეთ. უწყებაში კომენტარს დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე იგი არ მიგვიღია.

იურისტი გიორგი ხიმშიაშვილისთვის გაუგებარია კიდევ ერთი საკითხი – „ყველაზე უცნაური არის ის, რომ ამ მოტივით უარს ეუბნებიან ხშირ შემთხვევაში იმ პირებს, რომლებიც უკვე საქართველოში იმყოფებიან და მათ მიმართ არავითარი პროცედურული ღონისძიება საქართველოდან გაძევების არ მიმდინარეობს. ლოგიკურად, თუ ეს ადამიანები მართლაც ასეთი საფრთხის მატარებლები არიან, მაშინ სახელმწიფომ ისინი უნდა გააძევოს ქვეყნიდან, მაგრამ ასეთ რეაგირებას სახელმწიფო არ ახორციელებს… გვაქვს გონივრული ვარაუდი, რომ ეს მხოლოდ ქაღალდზე ასახული შაბლონური პასუხია, რომელსაც საფუძვლად არავითარი ფაქტობრივი გარემოებები არ უდევს,“ – გვითხრა „იურიდიული მრჩევლის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ხიმშიაშვილმა, იგი ერთ-ერთი უცხოელი სტუდენტის ინტერესებს სასამართლოში დაიცავს.

სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ ქვეყანაში დარჩენის ვადა ხანგრძლივდება დავის დასრულებამდე. თუმცა იურისტი ამბობს, რომ სასამართლო დავა მსგავს სიტუაციაში თითქმის ფორმალურ ხასიათს ატარებს. დავა ფორმალურია, რადგან კანონი უშვებს შესაბამისი ორგანოს მხრიდან დასაბუთების არქონას, როცა ბინადრობაზე უარს გეუბნებიან.

უცხოელი სტუდენტები არიან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. აქ სამედიცინო ფაკულტეტზე 478 უცხოელი სწავლობს. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ბინადრობის პრობლემა ჯერ არ დაფიქსირებულა, რადგან ახალ სტუდენტებს, რომლებიც უცხო ქვეყნიდან არიან, ბინადრობა ჯერ არ მოუთხოვიათ.

„სამწუხაროდ, ამ მოტივით უარს ეუბნებიან სტუდენტებს, ბიზნესმენებს და ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ საქართველოში ფინანსური რესურსების დაბანდებით ხელი შეუწყონ ეკონომიკის განვითარებას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამგვარი გადაწყვეტილებით სახელმწიფოს თავადვე აფერხებს ეკონომიკის განვითარებას და ყველა იმ დარგის, სადაც შეიძლება უცხოელთა გონებრივი, ფინანსური თუ ადამიანური რესურსებით მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს სახელმწიფოს,“ – მიიჩნევს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.

ბიზნესის კუთხით პრობლემის შექმნაზე საუბრობენ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაშიც. თეა მიქელაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ საკითხის გარკვევა იუსტიციის და განათლების სამინისტროებში სცადა, თუმცა უშედეგოდ.

„იუსტიციის სახლში გვითხრეს, რომ ისინი უგზავნიან დოკუმენტაციას შესაბამის უწყებებს და თითოეული უწყებიდან უნდა მოვიდეს დასტური, ან უარყოფა. რეალურად ისინი გადაწყვეტილებას მაშინ იღებენ, თუკი ექვსი უწყებიდან სამი თანახმაა ბინადრობის მიცემაზე, სამი – წინააღმდეგი. განათლების სამინისტროში რეალურად არ აქვთ ინფორმაცია, რატომ აძლევენ, ან არ აძლევენ ბინადრობას, ისინი ვერ ერევიან ამ სიტუაციაში. შესაბამისად, ჩვენთვისაც უცნობია მიზეზი, რის გამო ეუბნებიან სტუდენტებს უარს ბინადრობაზე,“ – აღნიშნავს თეა მიქელაძე.

2015 წელს საფრანგეთმა ქართველ სტუდენტებს არ მისცა სასწავლო ვიზები. მაშინ საქართველოში საფრანგეთის საკონსულომ განმარტა, რომ უარი აპლიკანტების დოსიეების სტანდარტული შესწავლის საფუძველზე მიიღეს.

„ეს კიდევ სხვა შემთხვევა, როცა უცხო ქვეყანაში ვერ შედიხარ… ბათუმში მყოფი უცხოელი სტუდენტების შემთხვევაში კი, ისინი უკვე აქ არიან, ლეგალურად შემოვიდნენ და სწავლობენ, მათ ქვეყნის დატოვება უწევთ,“ – დასძენს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.

მთავარი ფოტო BAU-ს ფეისბუქგვერდიდან

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: