ნაწამებ პატიმრებს შესაძლოა ხელახლა მოუსმინოს მოსამართლემ – საქმის განხილვის მეხუთე წელი 

„ბათუმის ციხის უფროსების საქმის“ განხილვა შესაძლოა თავიდან დაიწყოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მოსამართლე დავით მამისეიშვილი სხვა სასამართლოში გადავა სამუშაოდ, ხოლო სამუშაო ადგილის შეცვლამდე სათადარიგო მოსამართლე არ დაინიშნება. ამ ეტაპზე „ციხის უფროსების საქმის“ განხილვა ისევ შეჩერებულია და არც სათადარიგო მოსამართლეა დანიშნული. დავით მამისეიშვილი კი, სამუშაო ადგილის შეცვლას აპირებს.

ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, დავით მამისეიშვილი განიხილავს. თუკი საქმეს სათადარიგო მოსამართლე არ ჰყავს, რომელიც პერიოდულად ეცნობა საქმის მასალებს, ამ შემთხვევაში ახალმა მოსამართლემ ყველა მოწმის ჩვენება, რომელიც დაკითხულია, ხელახლა უნდა მოისმინოს.

ამ დრომდე მოსამართლეს დაახლოებით 40-მა ყოფილმა პატიმარმა მისცა ჩვენება იმის შესახებ, თუ როგორ აწამებდნენ მათ ციხეში. დასაკითხია 100-ზე მეტი მოწმე, თუმცა 2018 წლის მაისის შემდეგ პროცესი არ გამართულა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში აპირებს გადასვლას და წლის ბოლომდე მოსამართლეთა კონკურსის შედეგს ელის. მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უკვე გაესაუბრნენ.

„ბათუმელებმა“ დავით მამისეიშვილს დღეს, 19 ნოემბერს, ერთ-ერთი სასამართლო სხდომის შემდეგ ჰკითხა, რატომ შეჩერდა საქმის განხილვა ისევ [2018 წლის მაისამდეც ამ საქმეზე სასამართლო პროცესი ერთი წლის განმავლობაში არ ტარდებოდა] და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი საქმის განმხილველი მოსამართლე თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადავა სამუშაოდ. დავით მამისეიშვილმა გვითხრა, რომ მორიგი პროცესი უკვე ჩანიშნულია, ხოლო სათადარიგო მოსამართლის დანიშვნა ამ ეტაპზეც შეიძლება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერის თქმით, დავით ვეკუას და ზაზა ჯიქიას საქმის განხილვა 18 დეკემბერს განახლდება.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, პაატა დიასამიძის განმარტებით, სათადარიგო მოსამართლეს სასამართლოს თავმჯდომარე ნიშნავს. „კანონი არ ადგენს კონკრეტულ წესს, როდის უნდა დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე – კონკრეტული მოსამართლისთვის საქმის გადაცემის დროს თუ მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე ამა თუ იმ მიზეზით ვერ ახერხებს საქმის განხილვის გაგრძელებას,“ – აღნიშნავს პაატა დიასამიძე.

საია-ს იურისტი არასწორად მიიჩნევს სასამართლო სისტემაში დღეს დამკვიდრებულ პრაქტიკას, რაც სათადარიგო მოსამართლეების დანიშვნას უკავშირდება:

„საერთო სასამართლოებში დღეს არსებული პრაქტიკის მიხედვით, სათადარიგო მოსამართლეს ნიშნავენ საქმის განმხილველი მოსამართლის ჩამოცილების შემთხვევაში. ეს, ვფიქრობთ, არასწორია… სათადარიგო მოსამართლის დანიშვნა უნდა მოხდეს საქმის განმხილველი მოსამართლისათვის სისხლის სამართლის საქმის გადაცემის პარალელურად, ისეთი გარემოების (მაგალითად, საქმის მოცულობა, მტკიცებულებათა სიმრავლე, რაც მიუთითებს საქმის განხილვის ისეთი დროით გაგრძელების შესაძლებლობაზე, რა დროსაც გონივრულობის ფარგლებში მოსალოდნელია საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობის ცვლილება) გათვალისწინებით, რაც სისხლის სამართლის საქმის მიღებისთანავე აჩენს იმის გონივრულ ვარაუდს, რომ ამ საქმის დასრულება შესაძლებელია ვერ შეძლოს სასამართლოს უცვლელმა შემადგენლობამ. ასეთი გონივრული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს თავმჯდომარემ უნდა დანიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც შეცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც „ციხის უფროსების საქმეს“ უკავშირდება, კანონში შესული ცვლილებაა, რომლის მიხედვითაც, სასამართლო ვალდებულია 2019 წლის პირველ იანვრამდე დაასრულოს იმ საქმის განხილვა, სადაც ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. ეს წესი მხოლოდ იმ საქმეებზე ვრცელდება, რომლის განხილვაც სასამართლომ 2016 წლამდე დაიწყო. „ციხის უფროსების საქმე“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2014 წლის 4 მარტიდან განიხილება.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო ამ ვადაში ვერ დაასრულებს საქმის განხილვას – საია-ს იურისტების განმარტებით, კანონი ზუსტად არ განსაზღვრავს, რა ხდება მსგავს ვითარებაში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი