რატომ არ გაკეთდა სერგი მესხის ქუჩა ბათუმში – ახალი ტენდერი და დავა სასამართლოში

ბათუმის მერიამ სერგი მესხის [ყოფილი 31 დეკემბრის] ქუჩის მოსაწესრიგებლად ტენდერში გამარჯვებულ ინდმეწარმე დავით სიჭინავასთან ხელშეკრულება 2 737 000 ლარზე 2018 წლის პირველ მარტს გააფორმა. სამუშაოები 2019 წლის აპრილამდე უნდა დასრულებულიყო. ინდმეწარმე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მერიამ მას ხელშეკრულება სამუშაოების დაწყებიდან ერთ თვეში უკანონოდ შეუწყვიტა. ხელშეკრულებას ხელს მერიის მხრიდან მერი, ლაშა კომახიძე აწერს.

„ხარვეზი იყო. გარკვეული მონაკვეთი ინდმეწარმემ ვადაში ვერ შეასრულა და ამიტომ შეუწყდა ხელშეკრულება. მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები. საქმე სასამართლოშია,“ – გვითხრეს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში.

ტენდერის შესაბამისად, ხელშეკრულების მიხედვითაც, სამუშაოები სრულად უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 390 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო ბათუმის სასაფლაოებთან მისასვლელი გზის გარკვეულ მონაკვეთზე – მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალიდან ფერიის ქუჩამდე – ასფალტო-ბეტონის საფარის პირველი ფენა უნდა დაგებულიყო 2018 წლის 5 აპრილამდე [აღდგომის დღესასწაულამდე].

„ერთ თვეში შემიწყვიტეს ხელშეკრულება, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. არც გაფრთხილება, არც ჯარიმა. ისეთი დღე ვერ ნახეს, რომ არ ვმუშაობდი. 190 ათასი ლარის სამუშაოები მქონდა სერგი მესხის ქუჩაზე შესრულებული. პრობლემა იყო ის, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების ნახაზი არ იყო. გაზსადენების ქსელია მაქ, რაც არ ჰქონდათ დატანილი რუკაზე. ერთ ფენა ასფალტის დაგებას ვასწრებდი, მაგრამ რადგან მიწისქვეშა კომუნიკაციები აღმოჩნდა, არ დავაგე შეგნებულად. რომ დამეტკეპნა, ბუნებრივი დატკეპნისთვის მეტი დრო უნდოდა და ტექნიკით რომ დამეტკეპნა, მიწისქვეშა კომუნიკაციები ჩაიშლებოდა და იქნებოდა ჩემი ბრალი“.

დავით სიჭინავა ამბობს, რომ მას ერთ დღეს ორი ხელშეკრულება შეუწყვიტა მერიამ – სერგი მესხისა და გონიოს ქუჩების მოწესრიგების: „გონიოს ქუჩები თითქმის დამთავრებული მქონდა, ცოტა ასფალტი და ბეტონი მქონდა დარჩენილი, რაც 20 დღის სამუშაო იყო. ვიღაცას არ აწყობდა მერიაში ის, რომ მე შემესრულებინა ეს სამუშაოები. მათ ჰყავთ ეტყობა კომპანიები და უნდათ ყველა ტენდერი მაგ კომპანიებს მოაგებინონ. აბსურდია, რა მიზეზითაც შემიწყვიტეს ხელშეკრულება. 517 ათასი ლარი გამიჩერეს, ამას დამატებული 200 ათასი ლარი გარანტიის თანხა. რაც გავაკეთე, პირნათლადაა თავისი ექსპერტიზებით. ამ 717 ათას ლარს ვითხოვ ბათუმის მერიისგან. 5 თვის წინ მივმართე სასამართლოს და სხდომა 20 დეკემბერს ჩანიშნეს. ფინანსურ კოლაფსში ჩამაგდეს, რომ მეორედ არ გავბედო მერიის ტენდერებში შესვლა. პროკურატურასაც მივმართე, მაგრამ არც კი დაუკითხიათ არავინ“.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერები ხელახლა გამოაცხადა და სერგი მესხის ქუჩის კეთილმოსაწყობად ხელშეკრულება შპს „მამისონთან“ 2 500 000 ლარზე გაუფორმა. ამ ტენდერში დავით სიჭინავაც მონაწილეობდა, რომელმაც მერიას მესხის ქუჩის მოწესრიგება „მამისონზე“ ნაკლებ ფასად, 2 285 012 ლარად შესთავაზა. თუმცა სატენდერო კომისიამ მას დისკვალიფიკაცია მისცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.

„მამისონთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სერგი მესხის ქუჩის კეთილმოწყობა 2019 წლის 17 სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. ამჯერად, მომავალი წლის აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასაფლაოს მიმდებარე ქუჩის კეთილმოწყობის ვალდებულება არც სატენდერო პირობაშია და არც ხელშეკრულებაში.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „მამისონთან“ არის ზეპირი შეთანხმება, რომ სასაფლაოს მიმდებარედ სერგი მესხის ქუჩის კეთილმოწყობა აპრილის ბოლომდე დასრულდება.

„ბათუმელები“ კომპანია „მამისონსაც“ დაუკავშირა, სადაც გვითხრეს, რომ კომპეტენტური პირის საკონტაქტო ნომერს მოგვაწვდიან და დეტალურად მას გავესაუბროთ. კომპანიიდან ნომერი ამ დრომდე არ მიგვიღია.

აღდგომის დღესასწაული 2019 წელს 28 აპრილს აღინიშნება.

სერგი მესხის [ყოფილი 31 დეკემბრის] ქუჩა ბათუმში / 27.11.2018

სერგი მესხის [ყოფილი 31 დეკემბრის] ქუჩისა და გოგოლის ქუჩის კვეთა, ბათუმი / 27.11.2018

სერგი მესხის [ყოფილი 31 დეკემბრის] ქუჩა ბათუმში / 27.11.2018

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com