მთავარი,სიახლეები

გზების დეპარტამენტს ადგილობრივი კომპანიების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ – ქუთაისის შემოვლითი გზა

18.11.2018 • 2445
გზების დეპარტამენტს ადგილობრივი კომპანიების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ – ქუთაისის შემოვლითი გზა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერების გამო ოთხი კომპანია დავების საბჭოში უჩივის. კომპანიები აცხადებენ, რომ დეპარტამენტის სატენდერო პირობები ადგილობრივი კომპანიებისთვის დისკრიმინაციულია, ზღუდავს ჯანსაღ კონკურენციას და უცხოურ კომპანიებზეა მორგებული.

დეპარტამენტის მიერ „სატენდერო პირობების განსაზღვრისას თავდაყირაა დაყენებული სახელმწიფო შესყიდვების, როგორც უმნიშვნელოვანესი მმართველობითი საქმიანობის პროცედურის არსი და მიზანი, ასევე კონკურენციის შესახებ კანონის იმპერატიული მოთხოვნა და რაც ყველაზე არსებითია შემსყიდველის მხრიდან ხდება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ჩვენს მიერ სადაოდ გამხდარი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მორგებულია შემსყიდველის სასურველ უცხოურ კომპანიაზე/კომპანიებზე, რადგანაც ემსახურება რეზიდენტი [ადგილობრივი] კომპანიების ჩახსნას ტენდერიდან და უსამართლო პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს უცხოურ კომპანიებს“ – აღნიშნულია ერთ-ერთი კომპანიის საჩივარში.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქუთაისის შემოვლითი გზა ოთხზოლიან ავტომაგისტრალად უნდა გადაკეთდეს, რისთვისაც არსებული ორზოლიანი გზის პარალელურად ახალი ორზოლიანი გზა აშენდება. მშენებლობა მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ჯამური სატენდერო თანხა 204 572 062 ლარია. 41-კილომეტრიანი გზის სამშენებლო სამუშაოებზე კი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერები ოთხ ლოტად გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით ახალი გზა შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებიდან 22 თვეში უნდა აშენდეს, თუმცა შესყიდვების სააგენტოში დავის გაგრძელების შემთხვევაში სატენდერო პროცედურები დროში გაიწელება.

ტენდერებში წინადადებების მიღება 2018 წლის 19-20 ნოემბერს უნდა დაიწყოს, თუმცა საავტომობილო გზების დეპარტამენტს ოთხი ადგილობრივი კომპანია უკვე სატენდერო პირობების გამო ედავება. ოთხივე კომპანია დავების საბჭოდან ერთიდაიმავეს ითხოვს:

[checklist]

  • შესყიდვების სააგენტომ გააუქმოს დეპარტამენტის სატენდერო პირობების კონკურენციის შემზღუდავი და დისკრიმინაციული ჩანაწერი, კერძოდ სატენდერო პირობების ტექნიკური მოთხოვნების ის ნაწილი, რომელიც ეხება მიმწოდებელი კომპანიების გამოცდილებას;
  •  დაავალონ საავტომობილო გზების დეპარტამენტს რათა მან კანონმდებლობის მოთხოვნათა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბაზრის კვლევის შესახებ რეკომენდაციების სრული დაცვით ჩაატაროს ბაზრის კვლევა;
  • დაავალონ გზების დეპარტამენტს ბაზრის კვლევის შედეგებიდან გამომდინარე განსაზღვროს და დააწესოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შებამისი სატენდერო პირობები პრეტენდენტი ორგანიზაციების გამოცდილებასთან დაკავშირებით.

[/checklist]

 „საინტერესოა, თუ რა არგუმენტებით ადასტურებს შემსყიდველი იმ გარემოებას, რომ მაგალითად, თუ კომპანიას ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული აქვს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 25 ან 30%, ის ვერ შეძლებს ტენდერით მოთხოვნილი სამუშაოების მაღალი ხარისხით შესრულებას. ასევე, რის საფუძველზე დაადგინა შემსყიდველმა, რომ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც სავარაუდო ღირებულების 50%-ს შეადგენს, ასეთი კომპანია აპრიორი ჯეროვნად შეასრულებს შესყიდვას და რომ მისი შესრულების ხარისხი იქნება უკეთესი, ვიდრე მაგალითად საკმაოდ გამოცდილი და ძლიერი კომპანიის, რომელსაც აქვს საკმაოდ ბევრი პროექტი წარმატებით განხორციელებული, თუმცა შესაძლოა ერთი ხელშერკულების ფარგლებში შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 30%, და არა დაწესებული 50%“ – აღნიშნულია საჩივარში.

შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში საჩივრების განხილვა მიმდინარე წლის 19 ნოემბრისთვისაა ჩანიშნული, სადაც, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, სავარაუდოდ, მოუწევს მტკიცებულებების წარდგენა, რომ ტენდერის ის მოთხოვნები, რის გამოც ედავებიან, არის ადეკვატური, პროპორციული და არადისკრიმინაციული.

 

მთავარი ფოტო: ქუთაისის შემოვლითი გზა / გზების დეპარტამენტის ფოტო

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: