მთავარი,სიახლეები

დეპარტამენტი: წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები აჭარაში 17,8 პროცენტითაა გაზრდილი

17.11.2018 • 1530
დეპარტამენტი: წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები აჭარაში 17,8 პროცენტითაა გაზრდილი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის ათი თვის მონაცემებით, აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 17,8 პროცენტითაა გაზრდილი [ამ პერიოდში 1 725 468 ვიზიტი განხორციელდა]; იმატა საერთაშორისო ფრენების რაოდენობაც. 2018 წელს, 2016 წელთან შედარებით, რეგიონში 41 პროცენტით მეტი ფრენა განხორციელდა.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბოლო ორ წელში, რეგიონს პოპულარიზაცია 16 სამიზნე ქვეყანაში სხვადასხვა მარკეტინგული და სარეკლამო აქტივობებით გაუწია. მათ შორის სატელევიზიო რეკლამითა და გადაცემებით BBC-ზე, Euronews-ზე, CNN-ზე, Deutsche Welle-ზე, RTL-ზე და N-TV-ზე, ასევე გარე რეკლამით სამიზნე ქვეყნების 35-ზე მეტ ქალაქში და აქტიური ონლაინ რეკლამით 14 ქვეყნის სოციალურ და ონლაინ პლატფორმებზე.

გარდა ამისა, დეპარტამენტმა პრეს-ინფოტურის ფარგლებში რეგიონში 963 ჟურნალისტსა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენელს უმასპინძლა, რომლის შედეგადაც აჭარის შესახებ 266-ზე მეტი სტატია, რეპორტაჟი და გადაცემა გავრცელდა სამიზნე ქვეყნების წამყვან მედიასაშუალებებში. რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარა ბოლო ორ წელში 57 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და ღონისძიებაზე იყო წარდგენილი“, – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებულ ტრენინგ-სემინარებში, დეპარტამენტმა სექტორში დასაქმებული 2 700-ზე მეტი პირი გადაამზადა. მათ შორის კვებისა და განთავსების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების, საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები და გიდები. გარდა ტრენინგებისა გიდებისთვის მომზადდა ღვინის გიდის გზამკვლევი და გიდის პრაქტიკული სახელმძღვანელო.

მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით კი, ბოლო სამ წელში აჭარაში 15 ტურისტული მარშრუტის მარკირება მოხდა. არსებულ მარშრუტებზე 65-მდე ინფოტური მოეწყო, რომლის ფარგლებშიც გიდები და ტურისტული სააგენტოები იქ არსებულ ტურისტულ სერვისებსა და პროდუქტებს გაეცნენ. დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ წელს მთიან აჭარაში ვიზიტორების რაოდენობა 98 პროცენტით გაიზარდა.

„წლის ბოლო დასრულება, რეგიონის 2018-2025 წლების ტურისტული განვითარების სტრატეგია, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი დოკუმენტი ტურიზმში ჩართული სამთავრობო და კერძო სექტორისთვის“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

დეპარტამენტმა რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტები შეაჯამა. ორი წლის საქმიანობის ანგარიში დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა ტურიზმის სექტორსა და მთავრობის წარმომადგენლებს დღეს, 17 ნოემბერს, წარუდგინა.

2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით 853 ათასი ლარით მცირდება. ნაცვლად მიმდინარე წელს დაგეგმილი 9 764 800 ლარისა, მომავალ წელს დეპარტამენტი 8 911 800 ლარით დაფინანსდება. უცვლელი რჩება დეპარტამენტში დასაქმებულთა რაოდენობა [46 კაცი] და მათი შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო თანხა [895 200 ლარი].

 

მთავარი ფოტო: ტურისტები მტირალას ეროვნულ პარკში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: