მთავარი,სიახლეები

2019 წელს ბათუმის მერია „სიმაღლის გადასახადიდან“ 800 ათასი ლარის ამოღებას გეგმავს

16.11.2018 • 2285
2019 წელს ბათუმის მერია „სიმაღლის გადასახადიდან“ 800 ათასი ლარის ამოღებას გეგმავს

2019 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც მერიამ განსახილველად საკრებულოში უკვე გადააგზავნა, ე.წ. ზონალური მოსაკრებლის სახით მერია 800 000 ლარის ამოღებას გეგმავს – ასეთია საპროგნოზო მაჩვენებელი. 2018 წელს ამ მოსაკრებლიდან მერია მილიონ 200 000 ლარის ამოღებას გეგმავდა, თუმცა ათი თვის შედეგებით, ამ თანხის მხოლოდ 3,2 პროცენტი ამოიღო [37 899 ლარი]. ეს არის ამ დროის ფაქტობრივი შესრულება, რაც სავარაუდოდ გაიზრდება. მიუხედავად ამისა, მერიამ საპროგნოზო მაჩვენებელი მომავალი წლისთვის მხოლოდ 400 000 ლარით შეამცირა.

სპეციალური ზონალური მოსაკრებელი შენობაზე კ2 კოეფიციენტის, ანუ სიმაღლის გადასახადს გულისხმობს, რაც კ1-ის, ანუ იმ ადგილის ფართობის მიხედვით განისაზღვრება, სადაც შენობა უნდა აშენდეს.

ასეთი შეთანხმების დადების შემდეგ მშენებელი სამშენებლო მოედანს მაქსიმალურად იყენებს, შესაბამისად, ადგილი პარკინგისა და გამწვანებისთვის ან საერთოდ არ რჩება, ან ძალიან მცირეა. ამას ემატება ისიც, რომ მშენებლები, ძირითადად, ქალაქის ცენტრით ინტერესდებიან, სადაც  ბევრ ქუჩაზე სახლები ერთმანეთთან იმდენად ახლოსაა, რომ როგორც მზის სხივის გავრცელების, ასევე ჰაერის გადანაწილების პრობლემები იქმნება.

კ2-განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტია, რაც შენობის სიმაღლეს განსაზღვრავს. ბათუმის კონკრეტულ ზონაში კონკრეტული კოეფიციენტია დადგენილი. რეგულაცია, რომელიც ბათუმის საკრებულომ 2013 წელს დაამტკიცა, კონკრეტულ ზონაში დადგენილ ნორმებს გარეთ მშენებლობისთვის ორი სახის გადასახადს ითვალისწინებს: საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში კვადრატულ მეტრზე 315 ლარს, ხოლო საცხოვრებელ ზონაში – 143 ლარს.

სპეციალური ზონალური შეთანხმება გულისხმობს კ2-ის გაზრდაზე მოლაპარაკებას მერიასა და მშენებელს შორის, რომ მერიამ მშენებელს თანხმობა მისცეს, უფრო მაღალი შენობა ააშენოს, ვიდრე იმ კონკრეტულ ზონაშია დაშვებული.

2017 წლის 8 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე, პერიოდში ბათუმის უკვე არჩეული მერი, ლაშა კომახიძე არ უარყოფდა, რომ  ბათუმს განაშენიანების თვალსაზრისით პრობლემები აქვს, საჭიროა პარკინგის პრობლემის მოგვარება და ქალაქის გამწვანებაზე ზრუნვა.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის, ედნარ ნატარიძის განმარტებით, წელს ზონალური შეთანხმების კომისია გვიან შეიქმნა, ამ მიმართულებით შეთანხმებებზე თანხმობები არ გაცემულა და, შესაბამისად, მოსაკრებელიც არ შევიდა ბიუჯეტში. ახლა კი კომისია შექმნილია და, სავარაუდოდ, შეთანხმებები იქნება.

ხომ არ შეცვალა მერიამ ამ მიმართულებით პოლიტიკა? – კითხვაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ედნარ ნატარიძემ განმარტა:

„მერი არ აპირებს თანხმობების გაცემას კონკრეტულ უბნებში, მისი პოზიცია იყო, რომ ადრე არსებული ტენდენცია არ გაგრძელდებოდა. გარდა ამისა, არის სამართლებრივი მხარე, რაც ითხოვს, რომ განისაზღვროს გარკვეული ოდენობა, თუმცა ეს პროგნოზია და არა აუცილებლობა“.

იმ მონაცემების მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ გამოითხოვა, მერიის შესაბამისი კომისია კ2 კოეფიციენტის გაზრდაზე  წელს 24 კომპანიას დაეთანხმა, თითქმის ამდენივე კომპანიას კი უარი უთხრა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: