მთავარი,სიახლეები

„დრიმლენდ ოაზისი“ ბათუმის ბულვარის განვითარების ახალ კონცეფციას ამზადებს

16.11.2018 • 2718
„დრიმლენდ ოაზისი“ ბათუმის ბულვარის განვითარების ახალ კონცეფციას ამზადებს

რადგან მხარეებმა მორიგების სურვილი გამოთქვეს, მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ბათუმის ბულვარისა და „დრიმლენდ ოაზისის“ სასამართლო დავის განხილვა 2019 წლის 11 იანვრამდე გადადო. ამ ვადაში ბათუმის ბულვარი შპს „დრიმლენდ ოაზისს“ უნდა მოურიგდეს. კომპანია ბათუმის ბულვარს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვას სთხოვს.

საუბარია ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე, რამაც 2016 წელს საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. აჭარის მთავრობა ბათუმის მერიასთან ერთად ძველ ბულვარში მესამე ალეას გაუქმებას, ასევე, გასართობი ობიექტების მოწყობას აპირებდა. საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობამ ბულვარში მასშტაბურ ცვლილებებზე უარი თქვა, თუმცა ჩაუბარებელი და დაუფინანსებელი დარჩა პროექტი, რომელიც მანამდე ბულვარის ადმინისტრაციამ შპს „დრიმლენდ ოაზისს“ დაუკვეთა.

„დრიმლენდ ოაზისსა“ და ბულვარის ადმინისტრაციას შორის ხელშეკრულება 2015 წელს გაფორმდა. კონცეფციაში ბულვარის ადმინისტრაციას 240 ათასი ლარი უნდა გადაეხადა.

„ჩვენ ჩავიბარეთ ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ამაში 80 ათასი ლარი გადავიხადეთ, მაგრამ არ ჩავიბარეთ კონცეფცია, ანუ 160 ათასი ლარი აღარ გადაგვიხდია,“ – ამბობს თამარ თავართქილაძე, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის იურისტი.

აქამდე სასამართლო პროცესზე კომპანია საუბრობდა იმაზე, რომ მან დაკვეთის შესაბამისად მოამზადა და ფული არ გადაუხადეს. ბულვარის ადმინისტრაცია კი ამბობდა, რომ კონცეფცია კორექტირებასა და დახვეწას საჭიროებდა.

„დრიმლენდ ოაზისი“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 160 ათასი ლარის გარდა, ასევე, ითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 19 ათასი ლარია. თუკი ბათუმის ბულვარი სასამართლო დავას წააგებს, მან კომპანიას ზიანის ანაზღაურების თანხაც უნდა გადაუხადოს 2016 წლის მაისიდან იმ დრომდე, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება არ შესრულდება. 2016 წლის მაისი ის თვეა, როცა „დრიმლენდ ოაზისს“ ბულვარის განვითარების ახალი კონცეფცია უნდა ჩაებარებინა ბულვარის ადმინისტრაციისთვის.

რატომ წავიდა მორიგებაზე ბულვარის ადმინისტრაცია?

„ჩვენ უარს არ ვაცხადებდით თანხის ანაზღაურებაზე იმ შემთხვევაში, თუკი ისინი გაითვალისწინებდნენ შენიშვნებსა და ხარვეზებს, რაც ჰქონდა ამ კონცეფციას. ჩვენ არ ჩავიბარეთ კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებდა მესამე ალეის გაუქმებას, ასევე კორტების ქვევით პარკინგის მოწყობას და უნივერსიტეტის მოედანზე გარკვეული შენობების განთავსებას. თუკი ისინი გაითვალისწინებენ დღევანდელ რეალობას, ჩვენ ჩავიბარებთ კონცეფციას,“ – გვითხრა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის იურისტმა, თამარ თავართქილაძემ.

რა სახის კონცეფციას სთხოვს ამჯერად ბულვარის ადმინისტრაცია შპს „დრიმლენდ ოაზისს“, რა არის „ახალი რეალობა“ – ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ კომპანიამ ზოგადი კონცეფცია უნდა წარმოადგინოს. „მაგალითად, განვითარების გეგმა, სადაც იქნება გაწერილი წლების მიხედვით ახალი ხე-მცენარეების შემატება, ამ ტიპის გეგმაზეა საუბარი. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ალეის გაუქმებაზე აღარ არის საუბარი. საუბარია კონსერვაციაზე, თუმცა ეს არ გულისხმობს ბულვარის დახურვას. ეს გულისხმობს მზრუნველობას, დაცულობას და განვითარებას,“ – აღნიშნავს თამარ თავართქილაძე.

ბათუმის ბულვარის კონსერვაციაზე საუბარი ჯერ კიდევ 2016 წლის ბოლოს ზურაბ პატარაძემ დაიწყო, აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ. ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ კონსერვაციის იდეას მთავრობისა და ბულვარის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელობაც იზიარებს. თუმცა ამ დრომდე კონსერვაციის ჯგუფი შექმნილი არ არის. ამ ჯგუფმა კონსერვაციის გეგმის ტექნიკური დავალება უნდა მოამზადოს.

ბულვარის ადმინისტრაციაში ჯერ არ იციან, დასრულდება თუ არ მორიგების პროცესი წარმატებით შპს „დრიმლენდ ოაზისთან“. თუკი მხარეები მორიგებას ვერ შეძლებენ, სასამართლო პროცესი განახლდება. სასამართლო დავა უკვე დასკვნით ეტაპზეა.

სასამართლო პროცესზე დღეს „დრიმლენდ ოაზისის“ წარმომადგენელიც მივიდა, თუმცა მან ჩვენთან გასაუბრებაზე უარი თქვა.

ამ თემაზე:

ისევ ბულვარის კონცეფცია – „ოაზისი“ „ბათუმის ბულვარს“ სასამართლოში უჩივის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: