მთავარი,სიახლეები

19,5 მილიონი ლარით სესხის პროცენტი და ძირი დაიფარება – ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი

17.11.2018 • 1931
19,5 მილიონი ლარით სესხის პროცენტი და ძირი დაიფარება – ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი

ბათუმის მერია მომავალ წელს სესხის დასაფარად ბიუჯეტში 19 555 500 ლარს გაითვალისწინებს. ამ თანხაში შედის როგორც სესხის პროცენტის, ასევე ძირი თანხის დაფარვა. მერია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ორი საერთაშორისო ორგანიზაციის [KfW და EBRD] ვალს იხდის. მიმდინარე წელს კი სასესხო ვალდებულებების დასაფარად ბიუჯეტში 18 242 000 ლარია გაწერილი.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ბათუმის მერიას 9,2 მილიონი ლარის ვალი ჰქონდა და მისი დაფარვა მომავალ წელს დასრულდება. მერიაში გვითხრეს, რომ აღნიშნული თანხით სხვადასხვა დროს ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან [EBRD] მიღებულ 5,5 მილიონ ევრო სესხს რაც შეეხება, ის ბათუმის მუნიციპალური ავტობუსების შეძენას მოხმარდა. მერიაში აცხადებენ, რომ ამ სესხის დაფარვა 2019 წელს დაიწყება და 2027 წელში დასრულდება, თუმცა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ამ სესხის პროცენტის დასაფარად 60 100 ლარია გათვალისწინებული.

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან [KfW] ბათუმის მერიას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოდენობის სესხი აქვს აღებული. ამ თანხით ბათუმში წყლისა და კანალიზაციის სისტემები კეთდება. ბათუმის მერის მრჩევლის, ჯაბა ტუღუშის თქმით, ამ ეტაპზე ქალაქის სხვადასხვა უბანში მე-3 და მე-4 ფაზის სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს.

სამუშაოების ოთხი ფაზის დასაფინანსებლად გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან ქალაქის მერიას 17-4,5-27 და 30 მილიონი ევროს სესხები აქვს აღებული. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის საკრედიტო ბანკისთვის 60 მილიონი ლარია გადახდილი.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სესხების მომსახურებისთვის გადასხდელი თანხა:

[checklist]

  • მუნიციპალური განვითარების ფონდი – 167 100 ლარი;
  • გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი [KfW] – 19 195 400 ლარი;
  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი [EBRD] – 193 000 ლარი.

[/checklist]

მომავალი წლის ბიუჯეტში დონორების დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობისა და თანადაფინანსების ხარჯებისთვის 9 550 000 ლარია გათვალისწინებული.

აქედან 1 800 000 ლარი ბათუმის ავტობუსების პროექტის, ხოლო 7 750 000 ლარი – ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებას მოხმარდება.

 

ამავე თემაზე:

„ჰიგიენა 2009“-დან 5 მილიონის მითვისების შემდეგ დირექტორი მეორედ შეცვალეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: