მთავარი,სიახლეები

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ

16.11.2018 • 1783
ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ

„ვერ გადაიტანს“, „ნუ მოკლავ“ – ამ და სხვა ტრანსპარანტებით იმედა აბაშიძის ახლობლები დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ. აქციაზე შეკრებილები გირაოს საფუძველზე იმედა აბაშიძის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. იმედა აბაშიძეს გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობას ედავება.

„ჩემი მეუღლის მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება. ციხეში მას ყურადღებას აქცევენ, მაგრამ ვერაფრით დაადგინეს, რატომ არ უწევს სიცხე… ის ეტლით მოსარგებლეა და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ოთხ კაცს მოჰყავს იმედა სასამართლო პროცესებზე,“ – ამბობს ნინო აბაშიძე.

ნინო აბაშიძემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გვაჩვენა, რომლის მიხედვითაც იმედა აბაშიძეს სხვადასხვა მძიმე დაავადება აქვს. ოჯახმა ექსპერტიზის დასკვნა კერძო საექსპერტო ბიუროსაც შეუკვეთა. ამ დასკვნის მიხედვით, იმედას ციხეში ყოფნა მისი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

იმედა აბაშიძის ახლობლები აცხადებენ, რომ სასამართლომ ეს დასკვნები და პატიმრის მძიმე მდგომარეობა უნდა გაითვალისწინოს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, იმედა აბაშიძის ახლობლები ყოველდღიურ რეჟიმში აპირებენ სასამართლოსთან საპროტესტო აქციების მოწყობას.

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულების საქმის განხილვა დღეს, 12:30 საათზეა დანიშნული. დღევანდელ პროცესზე მოსამართლე მოწმეთა ჩვენებებს მოისმენს.

იმედა აბაშიძესთან ერთად კიდევ 10 პირს ედავება პროკურატურა ქურდული სამყაროს წევრობას. ისინი სამართალდამცველებმა 17 ივლისს დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები ემუქრებოდნენ დაზარალებულებს, სცემდნენ და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ ქურდული „ობშიაკის“ შესავსებად. საქმის მასალებში არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – კანონიერ ქურდობაში ბრალდებულები „დაზარალებულებს  ემუქრებოდნენ სახელის გამტეხი ცნობების გავრცელებით“.

პროკურატურის თქმით, ბრალდებულები ბათუმში, გონიოსა და ახალშენში იბარებდნენ დაზარალებულებს და აიძულებდნენ ქურდული „ობშიაკისთვის“ თანხის შეწირვას. პროკურატურის მტკიცებით, ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდა იმედა აბაშიძეც. ამის შესახებ ფარული სატელეფონო ჩანაწერები აქვს წარმოდგენილი პროკურატურას. ადვოკატი მზია დიასამიძე კი აცხადებს, რომ ამ ჩანაწერებით არ იკვეთება იმედა აბაშიძის ბრალეულობა, სხვა მტკიცებულება კი პროკურატურას წარმოდგენილი არ აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: