მთავარი,სიახლეები

ირაკლი ჭეიშვილის სასამართლო დავა მედეა ვასაძისა და მურმან დუმბაძის წინააღმდეგ

14.11.2018 • 2799
ირაკლი ჭეიშვილის სასამართლო დავა მედეა ვასაძისა და მურმან დუმბაძის წინააღმდეგ

„მე ვითხოვ იმავე მედია საშუალებით ჩემს შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას, ფინანსურ ნაწილს აღარ ვითხოვთ,“ – მიმართა მოსამართლეს უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა, ირაკლი ჭეიშვილმა. მას სიტყვა მედეა ვასაძემ შეაწყვეტინა: „ჩვენ არ გავმდიდრებულვართ ხელისუფლებაში, ალბათ, ამიტომ აღარ ითხოვთ…“ სასამართლო დავა პოლიტიკოსებს შორის დღეს, 14 ნოემბერს დასრულდა.

მხარეებს გადაწყვეტილების გამოცხადებას მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე 20 ნოემბრისთვის დაჰპირდა.

ეს სასამართლო დავა სამი წლის წინ დაიწყო. დავის საგანი 2015 წელს „რუსთავი 2“-ის ეთერში ირაკლი ჭეიშვილის შესახებ გასული სიუჟეტი გახდა, სადაც იმ დროისთვის უმაღლესი საბჭოს წევრი, მედეა ვასაძე ამბობს, რომ ირაკლი ჭეიშვილის მეგობარმა მისი დახმარებით აჭარაში ნარკოტიკული ნივთიერება შემოიტანა. იმავე სიუჟეტში იმ პერიოდისთვის პარლამენტარი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ ნარკოტიკი ირაკლი ჭეიშვილის სამსახურებრივი ავტომანქანით შემოიტანეს.

ირაკლი ჭეიშვილი ამ ინფორმაციას საქმიანი რეპუტაციის შელახვად მიიჩნევს და ფაქტის საჯაროდ უარყოფას მოითხოვს.

საუბარია 2013 წლის 20 სექტემბრის ფაქტზე, როცა სარფის საბაჟოზე სამართალდამცველებმა კახაბერ კ. დააკავეს. იმავე დღეს სარფის საბაჟო ორჯერ გადაკვეთა ირაკლი ჭეიშვილის სამსახურებრივმა ავტომანქანამ. კახაბერ კ. ირაკლი ჭეიშვილის მეგობარია და იგი იმ პერიოდისთვის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო შტაბში მუშაობდა. ირაკლი ჭეიშვილი, როგორც ახლა, 2013 წელსაც საარჩევნო შტაბს ბათუმში ხელმძღვანელობდა. 2013 წელს ირაკლი ჭეიშვილი ასევე იყო აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი. ირაკლი ჭეიშვილი მაშინაც და ახლაც ირწმუნება, რომ მას ნარკოტიკულ დანაშაულთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

„მე მტკიცებით ფორმაში არაფერი მითქვამს. ვსაუბრობდი იმაზე, რომ აჭარის მთავრობის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა ფიგურირებდა საქმეში, რომელიც მიმაგრებული იყო ირაკლი ჭეიშვილს… თქვენს თავზე რატომ იღებთ?“ – ჰკითხა სასამართლო პროცესზე მედეა ვასაძემ ირაკლი ჭეიშვილს.

„მე ვარ საჯარო პერსონა. მე წარმოდგენაც არ მქონდა, ეს არის ადამიანის ზნეობის დარღვევის არ ვიცი რა მასშტაბი… ამ სიუჟეტის შემდეგ ბევრს უთქვამს, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ წარსულს მიხედეო. მე ნარკოტიკთან კი არა, ნიკოტინთანაც კი არ მაქვს შეხება“, – უთხრა მოპასუხეს ირაკლი ჭეიშვილმა.

ირაკლი ჭეიშვილის განმარტებით, მან მართლაც გადაკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვარი 2013 წლის 20 სექტემბერს. სარფში გადმოსვლის დროს კი, გამშვებ პუნქნტში შეხვდა მეგობარს – კახაბერ კ.-ს

„მას დაველაპარაკე და წავიდა. მე ველოდი ჩემს მძღოლს, რომელიც ავტომანქანით უნდა გადმოსულიყო. მე წამოვედი მანქანით, შემდეგ ის კახაბერი დაუკავებიათ,“ – აღნიშნავს ირაკლი ჭეიშვილი.

„რა დავიჯეროთ ახლა, რომ ღამის ორ საათზე თქვენ ფეხით გაუშვით მეგობარი და თქვენ სამსახურებრივი ავტომანქანით მარტო წამოხვედით?“ – იკითხა მედეა ვასაძემ და განაგრძო: „იმ კახაბერს 37 კვეთა აქვს… აი, თქვენ კი 2 დღეში ოთხჯერ გაქვთ გადაკვეთილი საზღვარი,“ – განაგრძო დისკუსია მედეა ვასაძემ.

„მთავარი არის ის, რომ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი კახაბერ კ.-ს საქმეზე. ეს განაჩენი არცერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია. ამ საქმეში გამოიკვლიეს და დადგინდა ყველა ფაქტობრივი გარემოება,“ – თქვა პაატა გოგალაძემ. იგი სასამართლოში ირაკლი ჭეიშვილის ინტერესებს იცავს.

მედეა ვასაძეს და მურმან დუმბაძეს ადვოკატი არ ჰყავთ. „ვეთანხმები მედეა ვასაძეს“, – მხოლოდ ამ სიტყვებით შემოიფარგლა მურმან დუმბაძე პროცესზე მიმდინარე კამათის დროს. მედეა ვასაძე კი მოსამართლეს მოუყვა, რომ ინფორმაცია ოპერატიული მუშაკისგან მიიღო, რომლის ვინაობასაც ვერ დაასახელებს. მისი თქმით, ირაკლი ჭეიშვილის სამსახურებრივ ავტომანქანაში ნარკოტიკის ნახვის შესახებ ინფორმაცია პოლიციელების საერთო „ჩატში“ ჩააგდეს, თუმცა ინფორმაციის გადმოტანა და შენახვა ვერ მოესწრო.

„ყველა პოლიციელმა იცის ეს… რეალურად მანქანაში სხვა ნარკოტიკი იყო, მაგრამ ის ბოთე ოპერატიული მუშაკი დაიბნა…“ – დაამატა მედეა ვასაძემ.

კახაბერ კ.-ს საქმის მასალების მიხედვით კი, ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერება ჩხრეკის დროს აღმოუჩინეს, როცა იგი სარფის საბაჟოდან ბათუმისკენ ტაქსით მოდიოდა. სისხლის სამართლის საქმეში ირაკლი ჭეიშვილი არ ფიგურირებს.

„მე ვგრძნობ ამ პროპაგანდას… ახლაც არ ჩერდებიან, ბრიფინგებს აწყობენ და ისევ მინიშნებით ჩემზე საუბრობენ. წინა სხდომაზე მითხრა ქალბატონმა მედეამ, როგორ დაზარალდი, პირიქით, დაწინაურდიო, მაგრამ უმაღლეს საბჭოში პროპორციული წესით შევედი, მაჟორიტარული წესით რომ ვყოფილიყავი კანდიდატი, არ ვიცი, რა შედეგი დადგებოდა,“ – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

„იგივე იქნებოდა მაინც,“ – შენიშნა მურმან დუმბაძემ.

„თქვენ დაშალეთ „ქართული ოცნება“ აჭარაში, არ მომაყოლოთ ყველაფერი… ახლა მთლიანად თავზე გემხობათ…თქვენც ამბობთ ჩემზე, რომ თითქოს „ოცნებიდან“ გამრიცხეს, სინამდვილეში, მე წავედი პარტიიდან პროტესტის ნიშნად… არ შეიძლება ასე ტყუილებში ცხოვრება. მაღალი თანამდებობის პირი ხართ და გაგიჭირდებათ ქვეყნის მართვა,“ – მიმართა მოსარჩელეს მედეა ვასაძემ.

მედეა ვასაძემ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ირაკლი ჭეიშვილმა არ წარმოადგინა მტკიცებულებები იმის მიუხედავად, რომ მტკიცების ტვირთი სამართლებრივად ირაკლი ჭეიშვილზე იყო.

„თქვენ ახლა მსჯელობთ ჩემს მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე, რაც მე მოვიპოვე. ეს რომ არ მომეტანა, რა უნდა გეთქვათ?“ – იკითხა ისევ მედეა ვასაძემ.

„განაჩენია საქმეში, რომლის მიხედვითაც დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, მეტი რაღა გინდათ?“ – გაუმეორა მედეა ვასაძეს ირაკლი ჭეიშვილის ინტერესების დამცველმა სასამართლო პროცესის დასრულებამდე.

ამ საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე 20 ნოემბერს გამოაცხადებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: