მთავარი,სიახლეები

270 გაჩერება ბათუმში მოსაცდელის გარეშე

15.11.2018 • 2692
270 გაჩერება ბათუმში მოსაცდელის გარეშე

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის 450 გაჩერებიდან მოსაცდელი მხოლოდ 180 ადგილზეა განთავსებული. ანუ მგზავრებს 270 გაჩერებაზე ღია ცის ქვეშ უწევთ ლოდინი, რაც განსაკუთრებით შემაწუხებელია ავდარში. ბათუმის მერია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 20 მოსაცდელის ჩანაცვლებას აპირებს ახლით. სხვა რაიმე ამ კუთხით დაგეგმილი არ აქვს და, შესაბამისად, არც თანხაა გაწერილი ქალაქის ბიუჯეტში.

სატრანსპორტო სერვისის განვითარებისთვის ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში 10 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, ბათუმის მერიისთვის მოსაცდელების შეძენა-მონტაჟი მომავალი წლის პრიორიტეტებში არ შედის. აღნიშნული თანხიდან 1,2 მილიონი ლარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პარკირების სერვისის მართვას უნდა მოხმარდეს, 1,8 მილიონი ლარი – ბათუმის ავტობუსების პროექტის თანადაფინანსებას, ხოლო 6,6 მილიონი ლარი – მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარებას.

ბათუმში არსებული 180 მოსაცდელიდან, როგორც ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, 100 მოსაცდელი განთავსებულია იმ კომპანიის მიერ, რომელსაც მუნიციპალიტეტმა შესაბამისი მიწის 100 ნაკვეთი გადასცა მრავალწლიანი იჯარით. წლიური საიჯარო ქირა 35 ათასი ლარია. სწორედ ეს კომპანია – შპს „ალმა“ შემოიტანს ახალ 20 მოსაცდელს და ამდენივე ძველ მოსაცდელს ჩაანაცვლებს. ეს ძველი მოსაცდელები კი, მერიის შპს  „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ეკუთვნის, რომელიც დემონტაჟის შემდეგ მათ სხვა ადგილებში დაამონტაჟებს.

როგორც „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, მათ საკუთრებაში ბათუმში [შემოერთებული ტერიტორიების ჩათვლით] სულ 80 მოსაცდელია – 40 აგურითაა ნაშენი და 40 მინის კონსტრუქციაა.

ახალი მოსაცდელებისთვის თანხას არც „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ითვალისწინებს საკუთარი შემოსავლებიდან. მეტიც, „ავტოტრანსპორტს“ სხვა უამრავი პრობლემის გამოც უჩივიან.

რა პრინციპით დგამენ მოსაცდელებს გაჩერებებზე? – „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის სამსახურში გვითხრეს, რომ მოსახლეობამ განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქის მერიას, რომელიც განცხადებას გადაუგზავნის შესაბამის უწყებებს: „ეს იქნება ავტოტრანსპორტი, არქიტექტურის, კეთილმოწყობისა თუ ეკონომიკური სამსახურები, რომლებიც განიხილავენ შესაძლებელია თუ არა მოსაცდელის განთავსება, რა დიზაინით და შემდეგ მოხდება შეთანხმება ქალაქის მერთან“.

კითხვაზე, როგორ განისაზღვრება ის, თუ სად შეიძლება დაიდგას მოსაცდელი და სად არა, „ავტოტრანსპორტში“ აცხადებენ, რომ შეიძლება ზოგ ადგილზე ტროტუარის სივიწროვე არ იძლეოდეს დადგმის საშუალებას, ზოგ ადგილზე კი გაჩერებასთან ახლოს კერძო მესაკუთრეები არ აძლევენ მოსაცდელის დადგმის საშუალებას.

„ბათუმელები“ შპს „ალმასაც“ დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ბათუმში მოსაცდელებთან დაკავშირებულ ჩვენს კითხვებზე პასუხებს წერილობით მოგვაწვდიან.

მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების ადგილები მოსაცდელების გარეშე ბათუმში /ფოტოები „ბათუმელებმა“ სხვადასხვა ქუჩაზე დღეს, 15 ნოემბერს გადაიღო:

მუნიციპალური ავტობუსების გაჩერება აეროპორტის გზატკეცილზე

მუნიციპალური ავტობუსების გაჩერება ნონეშვილის ქუჩაზე

მუნიციპალური ავტობუსების გაჩერება ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე

მუნიციპალური ავტობუსების გაჩერება ნონეშვილის ქუჩაზე

მუნიციპალური ავტობუსების გაჩერება ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე

მუნიციპალური ავტობუსების გაჩერება ნონეშვილის ქუჩაზე

მუნიციპალური ავტობუსის გაჩერება მაიაკოვსკის ქუჩაზე

მუნიციპალური ავტობუსების გაჩერება აეროპორტის გზატკეცილზე

მუნიციპალური ავტობუსების გაჩერება ნონეშვილის ქუჩაზე

ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოსაცდელი, რომელიც მგზავრებისთვის გამოუსადეგარია, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: