მთავარი,სიახლეები

4-ნახევარი საათი სარფიდან წითელ ხიდამდე – 3 მილიარდამდე ლარი ავტობანისთვის რიკოთზე

14.11.2018 • 17440
4-ნახევარი საათი სარფიდან წითელ ხიდამდე – 3 მილიარდამდე ლარი ავტობანისთვის რიკოთზე

რიკოთის  მთლიან მონაკვეთზე ახალი ავტომაგისტრალის ასაშენებლად დაახლოებით 3 მილიარდი ლარი დაიხარჯება, თუმცა ეს თანხა სატენდერო პროცედურების შემდეგ დაზუსტდება – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. აქვე ამბობენ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის გავლას, წითელი ხიდიდან სარფამდე [სიჩქარის შეზღუდვის გათვალისწინებით] დღეს, დაახლოებით 8 საათი სჭირდება, ამ პროექტის დასრულების შემდეგ კი ამ დერეფნის დაფარვა 4,5 საათში იქნება შესაძლებელი.

რიკოთის უღელტეხილზე, ჩუმათელეთიდან [დაბა სურამის უბანი] ზესტაფონის სოფელ არგვეთამდე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის ოთხზოლიანი გზის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში აშენდება 96 ხიდი და 53 გვირაბი.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა ოთხ სექციად  არის დაყოფილი:

[checklist]

  • I სექცია – ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი – 11,7 კმ.
  • II სექცია – ხევი-უბისას მონაკვეთი – 12,2 კმ.
  • III სექცია – უბისა-შორაპანის მონაკვეთი – 13 კმ.
  • IV სექცია – შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი – 14,7კმ.

[/checklist]

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი ჩუმათელეთიდან არგვეთამდე / წყარო: გზების დეპარტამენტი

ჩუმათელეთიდან არგვეთამდე ახალი გზის მშენებლობა დონორებისგან მიღებული სესხით დაფინანსდება.

[highlight color=”green”]ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი[/highlight] მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული სესხით აშენდება. მშენებლობაზე ტენდერი დეპარტამენტმა მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გამოაცხადა. სატენდერო თანხა 376 962 285 ლარია. წინადადებების მიღება კი 2019 წლის 11 იანვარს დაიწყება და 15 იანვარს დასრულდება.

[highlight color=”green”]ხევი-უბისას მონაკვეთის[/highlight] შემთხვევაში, რომელიც აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხით აშენდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. დეპარტამენტში გვითხრეს, რომ Hunan Road and Bridge Construction Group-ისგან ელოდებიან საგარანტიო წერილს, რის შემდეგაც გაფორმდება ხელშეკრულება გზის ამ მონაკვეთის მშენებლობაზე. კონკრეტული თანხა, რომელიც გზის აშენებისთვის არის საჭირო, დეპარტამენტის ინფორმაციით, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გასაჯაროვდება.

[highlight color=”green”]უბისა-შორაპნის მონაკვეთის[/highlight] შემთხვევაში, სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს და დეტალები [გამარჯვებული კომპანია, მშენებლობისთვის საჭირო თანხა და სხვა] დეპარტამენტის ინფორმაციით მოგვიანებით გახდება ცნობილი. გზის ამ მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული სესხით დაფინანსდება.

[highlight color=”green”]შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის[/highlight] სამშენებლო სამუშაოები, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, 2019 წელში დაიწყება. ამ შემთხვევაშიც ტენდერში წინადადებების მიღება დასრულებულია და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. ეს სამუშაოები კი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსგან მიღებული სესხით დაფინანსდება.

„როგორც პროექტის სირთულითა და მოცულობით, ასევე მისი ღირებულებით, ესაა ყველაზე მასშტაბური მშენებლობა, რომელიც აქამდე განხორციელებულა… მთლიანობაში, რიკოთის პროექტი, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია, 2022 წელს დასრულდება“ – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

რამდენად რეალურია ასეთი მასშტაბის პროექტის დასრულება 4 წელში, რთული სათქმელია, მითუმეტეს, როცა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის სხვა მონაკვეთებზე პრობლემებია და სამუშაოები, გრაფიკთან შედარებით ჩამორჩენით მიმდინარეობს.

ერთ-ერთი ასეთი მონაკვეთია სამტრედია-გრიგოლეთი, სადაც გზის მშენებლობაზე 4 კომპანია მუშაობდა. აქედან ერთ კომპანიას გზების დეპარტამენტმა საერთოდ შეუწყვიტა კონტრაქტი და დარჩენილ სამუშაოებზე ახალი კომპანია ტენდერით შეარჩია, სხვა კომპანიას პირგასამდტეხლო დააკისრეს, ხოლო ერთ-ერთმა კომპანიამ „ტოდინმა“ სამუშაოები ერთი წლის დაგვიანებით დაიწყო. ეს კომპანია კი სხვა 110 მილიონიან  ტენდერში გამოაცხადეს გამარჯვებულად.

ახალი ავტობანი სარფიდან წითელ ხიდამდე დაახლოებით ასე გაივლის [დაგეგმილი, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მიხედვით] / წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ახალი ავტობანი სარფიდან წითელ ხიდამდე დაახლოებით ასე გაივლის [დაგეგმილი, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მიხედვით] / წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

_____________________________

მთავარი ფოტო: ოთხზოლიანი მაგისტრალი ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე / ფოტომონტაჟი /წყარო: გზების დეპარტამენტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: