ენერგოეფექტურობის გლობალურ პროექტში საქართველო ლიდერი საპილოტე ქვეყანაა

2018 წლის 13 ნოემბერს ჩინეთში, ქ. ჰანგზუში, გაიმართა ენერგოეფექტურობის გლობალური პროექტის დასკვნითი ღონისძიება, რომელსაც საქართველოს, როგორც ლიდერი საპილოტე ქვეყნის სახელით, დაესწრო საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე.

შეხვედრაზე განხილულ იქნა „გლობალური საზღვაო ენერგოეფექტურობის ურთიერთთანამშრომლობის (GloMEEP) პროექტის მიერ მიღწეული შედეგები, კერძოდ, პროექტის ფარგლებში ლიდერმა საპილოტე ქვეყნებმა წარადგინეს შემდეგი 3 სახის დოკუმენტი:

  • სახელმწიფოს შეფასება ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით;
  • ენერგოეფექტურობის ეროვნული ტრატეგიის სამუშაო ვერსია;
  • MARPOL VI – დანართის საიმპლემენტაციო კანონმდებლობა

პროექტი დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ და განხორციელდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გარემოს დაცვითი სამმართველოს ძირითადი პროექტების დანაყოფის მიერ.

პროექტის ფარგლებში, საქართველომ შეიმუშავა სამივე ზემოხსენებული დოკუმენტი და უახლოეს მომავალში დაიწყება მუშაობა კონვენციის სარატიფიკაციო პროცედურებზე.

აღსანიშნავია, რომ პარიზის კლიმატის შეთანხმების იმპლემენტაცია საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში სწორედ ხსენებული კონვენციის მეშვეობით ხდება. განსაკუთრებით კი აღსანიშნავია 2020 წლის მიზანი, რომ საზღვაო საბუნკერო საწვავში გოგირდის შემცველობა დავიდეს 0,5 m/m.-მდე MARPOL VI დანართი ასევე წარმოადგენს ძირითად დოკუმენტს, რომლითაც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) 2050 წლის სტრატეგია უნდა განხორციელდეს საზღვაო ტრანსპორტის საშუალებებიდან გამონაბოლქვის შემცირების შესახებ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი