„რევოლუციის საფრთხე არ არსებობს“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ქართული ოცნების“ ლიდერები ბოლო დღეებში ყველაზე მეტად ოპოზიციის „რევოლუციურ სცენარზე“ საუბრობენ. მანამდე ისინი სამოქალაქო ომის საშიშროების შესახებ უყვებოდნენ ამომრჩევლებს. ყოველდღე ახალ-ახალი ფეისბუქ სტატუსები ჩნდება ყოფილი სამხედრო პირებისგან, ასევე პატრულის თანამშრომლებისგან დაწერილი – მათ მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილი მთავარსარდალი არ შეიძლება იყოს.

რეალურად ჩანს თუ არა მოვლენების რევოლუციურად  განვითარების შესაძლებლობა – „ბათუმელები“ ისტორიკოს გრიგოლ გეგელიას ესაუბრა.

ბატონო გრიგოლ, ბოლოს თბილისის მერმა კახი კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრეს „რევოლუციურ სცენარზე“. „რევოლუციას და დესტაბილიზაციას ვერ ეღირსებიან,“ – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ. ფიქრობთ, რომ ეს არის წინასაარჩევნო სტრატეგიის ნაწილი, თუ რეალურად ჩანს პროცესების რევოლუციური განვითარების შესაძლებლობა? 

რევოლუციურ სცენარზე საუბარი გადაჭარბებულია, ობიექტური საფრთხე არ არსებობს. „ქართულ ოცნებას“ ამ ეტაპზე აქვს საერთო ე.წ. მესიჯ ბოქსი, რომ ყველამ ამაზე ისაუბროს, რომ აი, თუ არ ავირჩევთ „ქართულ ოცნებას“, რაღაც მკაფიო საფრთხეები არსებობს გადატრიალების… პირველ რიგში, ერთი რამ ცხადია, რომ ძალიან საშიში თამაში მიდის. რამდენიმე დღის წინ სრულიად არაეთიკურად „ოცნების“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ სამოქალაქო ომი შეიძლება დაიწყოს. ეს არის აბსოლუტური მავნებლობა,  ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. ომს არავინ არ იწყებს, ჯერ ერთი და მეორე – ამას არც არავინ დაუშვებს. რეალურად გრიგოლ ვაშაძეს მისცა ძალიან ბევრმა ადამიანმა ხმა და მათ აქვთ საკმაოდ დემოკრატიული ლეგიტიმაცია. დღეს ხელახლა გადატრიალების საჭიროება არ დგას.

მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერი მოვისმინე, მის ხასიათში ზის ეს რევოლუციონიზმი და რევანშიზმი, რომელიც ქაოსისკენ მიიწევს, მას ქაოსი უყვარს, მაგრამ ობიექტურ რეალობას რომ შევხედოთ, საქართველოს ჰყავს ძლიერი ჯარი, რომელსაც შეუძლია დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი, თუკი ამის საჭიროება დადგა, საქართველოს ჰყავს სხვა ინსტიტუციები, პოლიცია, რომელიც არის გამართული და კარგად აღჭურვილი, არანაირი სამოქალაქო დაპირისპირების განწყობა არ არსებობს და არც რევოლუციის წინაპირობები არსებობს. შესაძლოა, სააკაშვილი კი ოცნებობდეს რაღაცებზე, მაგრამ აღარ არის 2003 წელი და მსგავს სცენარს აღარავინ ემხრობა.

გამორიცხავთ იმას, რომ შესაძლოა, არსებობდეს რევოლუციური სცენარი? 

ვერ გამოვრიცხავ ამას, რადგან შესაძლოა, სააკაშვილის გონებაში რაღაც მსგავსი იყოს, მაგრამ ამის წინაპირობები დღეს არ ჩანს და ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებდი, რომ ამ მავნებლობას შეეშვან. მე, პირადად, არ მაქვს რევოლუციურად მოვლენების განვითარების მოლოდინი ბევრი მიზეზის გამო: რევოლუცია, როგორც წესი, არის მაშინ, როცა ერთი ძალისკენ იხრება ბალანსი, ახლა კი ამომრჩევლების ხმები გადანაწილებულია, არსებობს გამოკვეთილი ორი პოლუსი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში ხალხი გადაიღალა რევოლუციით და ქაოსით, ქუჩის პოლიტიკით. ნახეთ, როგორი სიმშვიდეა, პირველ ტურზე არც კი იგრძნობოდა ქვეყანაში, რომ სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ვინმეს ვირჩევდით.

აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – ხალხი ვერ გაჰყავს ქუჩაში ვერცერთ პოლიტიკურ ძალას. ჩვენ ვნახეთ 7 ნოემბერს „ოცნების“ უცნაური შეხვედრა და ვერ გაიყვანეს ხალხი, იგივე „ნაციონალურ მოძრაობის“ ჩართვამ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქციაში ხალხი გააქცია, ეს ხომ აშკარაა. პრაქტიკულ დონეზე ხალხი ვერ გამოჰყავს ვერცერთ პოლიტიკურ ძალას. ხალხის დაკვეთა დღეს აღარაა რევოლუცია, ხალხს სურს ქვეყნის სტრუქტურული განვითარება: განათლება, სოფლის მეურნეობა, დასაქმება და ასე შემდეგ. საქართველოში ხალხი აღარაა რევოლუციის მხარე. თუ ვინმეს უნდა ამ ფონზე პოლიციის და უსაფრთხოების სამსახურების პოლიტიზება მოახდინოს, ეს არის დასჯადი და ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება.

ყოველდღიურად ყოფილი სამხედრო თანამდებობის პირები, ასევე პოლიციის ყოფილი თანამშრომლები სოციალურ ქსელში ერთი და იგივე შინაარსის განცხადებას აქვეყნებენ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ… 

ეს არის უპრეცედენტო რამ. 90-იანი წლების შემდეგ, ანუ სამხედრო გადატრიალების შემდეგ, არ ყოფილა შემთხვევა, როცა გენერალიტეტი გამოვიდა ასე ცალსახად და პოლიტიკური განცხადება გააკეთა. მე ვისურვებდი, რომ საერთოდ არ გაეკეთებინათ ეს განცხადებები, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა სრულიად დაუფიქრებელი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით ერიც და ბერიც განაწყო თავისი თავის წინააღმდეგ. ამიტომ „ოცნებას“ უნდა დაენიშნა ცოტა ადეკვატური კანდიდატი და არ გვექნებოდა საქმე არაფერ მსგავსთან. სამხედრო პირების ეს განცხადებები გადატრიალებას არ ნიშნავს, სალომე ზურაბიშვილმა შეიარაღებულ ძალებს რეალურად დააბრალა საკუთარი მიწების დაბომბვა. ამის მერე იქნებიან მის წინააღმდეგ განწყობილი, აბა, როგორ იქნებიან?

ფიქრობთ, ეს მათი პიროვნული პროტესტია თუ საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიულ გათვლასთან? 

არ ვიცი, ამის შეფასება რთულია. მე, პირადად, ვიცნობ ქართველ სამხედროებს და ვიცი მათი ზოგადი ეთიკა. მე ძალიან გამიკვირდებოდა, რომ ისინი იყვენენ პარტიული პოლიტიკით ანგაჟირებული. ესენი არიან წესიერი და პრინციპული ხალხი. საზოგადოებასაც ვთხოვდი, რომ ფრთხილად მოეკიდოს მათ განცხადებებს, რადგან ეს არის ხალხი, ვინც ქვეყანას იცავს. მე მგონია, რომ ქართული ჯარი არის ფუნდამენტურად შეურაცხყოფილი და ამას მოჰყვა ეს განცხადებები. კიდევ იმას, რომ „ოცნების“ ლიდერებმა პროტესტის მოსმენის ნაცვლად, ირონია არჩიეს, როდის თქვა, არ უთქვამს მასეო, ან რაღაც მსგავსი. ამ რეაქციებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან აცდენილია მოთხოვნებს და განწყობებს. საქართველოში ხალხმა „ოცნებას“ კატეგორიულად უთხრა, რომ რაღაცებს არ მიიღებს.

ვთქვათ, „ქართულ ოცნებას“ არ ესმის ამომრჩევლის. „ნაციონალურ მოძრაობაში“ რამდენად ადეკვატურად გაიგეს ამომრჩევლის მოთხოვნა? 

ვფიქრობ, ორივე პოლიტიკური ძალა არაადეკვატურად უყურებს ამომრჩეველს, დაკარგული აქვთ რაიმეს გადაფასების, ცვლილების უნარი. ცალსახად ჩანს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ბოლო 6 წლის განმვლობაში არაფერი შეუცვლია… ჩვენ გვჭირდება სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული გამოსავალი, რომ სტრუქტურული პრობლემები დაიძლიოს: სიღარიბე, დასაქმება და ასე შემდეგ.

რეალურად რა საფრთხე შეიძლება შექმნას სამხედრო პირების, ასევე პოლიციის ყოფილი თანამშრომლების საჯაროდ იმის დაფიქსირებამ, რომ არ დაუშვებენ სალომე ზურაბიშვილის მთავარსარდლობას?

დაუშვებელია, თუკი ეს კერძო მოსაზრებები ინსტიტუტებთან იქნება ასოცირებული და ინსტიტუციურ პოზიციებად იქცევა. რეალურად ჯარი არ ირჩევს, ვინ იქნება მთავარსარდალი და ჯარი ნებისმიერ მთავარსარდალს უნდა დაემორჩილოს. დემოკრატია ირჩევს ვინ იქნება ქვეყნის მთავარსარდალი. კარგი იქნება, თუკი მაქსიმალურად თავისთვის შეინახავენ სამხედრო პირები საკუთარ პოზიციებს, რომ ეს არ გაიგივდეს ინსტიტუციებთან. როგორც წესი, ისინი ტყუილ-უბრალოდ არ აქტიურდებიან და მოსალოდნელი იყო, რომ მათ ეს პოზიცია ექნებოდათ. მთავარია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება, თუკი ინსტიტუციები, რომლებსაც აკრძალული აქვთ წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვა, ჩაერთვებიან ამ პროცესში.

რევოლუციურ სცენარში, თუკი მართლაც არსებობს, რა საფრთხეს ხედავთ – რევოლუციურ სცენარს სხვები პროგნოზირებენ იმ შემთხვევაშიც, თუკი გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი ვერ გახდება. 

მე ვერ ვხედავ საფრთხეებს, რადგან არ მესმის, რა საფრთხე უნდა გამოიწვიოს გრიგოლ ვაშაძემ, თუკი ის პრეზიდენტი გახდება. ყველაზე ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, მაგრამ ამისთვის შესაბამისი და კონკრეტული წინაპირობებია საჭირო. რაც შეეხება შეწყალებას, ის ხალხი, ჯერ ერთი, ამბობს, რომ შეწყალება არ უნდა. ვინც ამას არ ამბობს, უკვე გასდის პატიმრობის ვადა, მაგალითად, ახალაიას. კიდევ რა ტიპის ქაოსი უნდა შეიქმნას, ჩემთვის გაურკვეველია…

სიმართლე რომ ითქვას, რევოლუციური სცენარის თეორიული შესაძლებლობა ამ შემთხვევაში [თუკი გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი ვერ გახდება] უფრო არსებობს. ამ დროს უფრო მეტი მოთხოვნა ექნება „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, მოვლენების რევოლუციურ განვითარებას, თავისი წინაპირობა სჭირდება, რაც ახლა არ არსებობს. ამიტომაც ვერ ვხედავ რევოლუციური განვითარების საფრთხეს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი