მთავარი,სიახლეები

სტუდენტი, რომელიც ყველაფერს ასწრებს

12.11.2018 • 4858
სტუდენტი, რომელიც ყველაფერს ასწრებს

„დიდი მადლობა ჩემს ტელეფონს, რომელიც მახსენებს დღის განმავლობაში რა არ უნდა გამომრჩეს“, – ასე გვიხსნის 22 წლის ანა შაინიძე თავისი დროის მენეჯმენტის საიდუმლოს. ანა ასწრებს ერთდროულად სწავლას, მუშაობას, სტაჟირებას, სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას, მეგობრების მონახულებას და გართობასაც კი. ამბობს, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან მარტივად შეთავსებადია და ამაში ტელეფონში წინასწარ შედგენილი გეგმა ეხმარება.

ანა ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია, ამავდროულად ერთ-ერთ სასტუმროში მიღება-განთავსების ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობს. პარალელურად ამავე სასტუმროს ონლაინსწავლების კურსის გავლას გეგმავს და ამბობს, რომ სამსახური არის ის, რაც მას განვითარებაში ეხმარება და დამოუკიდებლად ცხოვრების ხარჯებს სრულად უზრუნველყოფს:

„ახლახან სამსახურში მითხრეს, რომ დეკემბრიდან ახალ პოზიციაზე გადამიყვანენ და პარალელურად ორწლიან სასწავლო პროგრამაში ჩავერთვები, ონლაინ-პროგრამით ვისწავლი და თან  სხვადასხვა დეპარტამენტში ვიმუშავებ, გავეცნობი მათ მუშაობას ადმინისტრაციულ საკითხებში.“

ანას ყოველდღიურ განრიგშია ლექციები, სამსახური, მეგობრები და სხვა შემხვედრი აქტივობები, რომლებსაც ერთმანეთს მარტივად უთავსებს. ამბობს, რომ როგორც სამსახურში, ასევე უნივერსიტეტშიც ცდილობენ გრაფიკი ისე შეუდგინონ, რომ  ხელი არ შეეშალოს.

ანას პროფესიული არჩევანი ბაზრის მოთხოვნებმა განაპირობა, საერთაშორისო ურთიერთობებზეც გეგმავდა ჩაბარებას, თუმცა დიდი ფიქრის შემდეგ ტურიზმი აირჩია, სწავლის დაწყების შემდეგ კი მიხვდა, რომ ეს საქმე ძალიან მოსწონს და აინტერესებს:

„მივხვდი, რომ ბაზარს ამ სფეროში გამოცდილი კადრები სჭირდება, ამიტომაც გადავწყვიტე ამ მიმართულებით მესწავლა.“

თავის საქმიანობაში ყველაზე მეტად ადამიანებთან კომუნიკაცია მოსწონს, განსაკუთრებით, როცა უცხოელ ტურისტებთან ურთიერთობის, მათი კულტურის გაცნობის საშუალება ეძლევა. ანა ამბობს, რომ თავისუფლად საუბრობს ინგლისურად და რუსულად, იცის საკომუნიკაციო თურქული, ახლა გერმანულს  სწავლობს.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ანას სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საშუალებაც მისცა, რითაც ის ძალიან კმაყოფილია: „არ ველოდი, იმდენად საერთაშორისო აღმოჩნდა ჩემი ოთხწლიანი სწავლა ბათუმის უნივერსიტეტშიო.“

გასულ წელს „ერასმუსის“ პროგრამით საბერძნეთში გაიარა სტაჟირება, პირველ კურსზე კი ერთი კვირით გერმანიაში, საზაფხულო სკოლაში გაუშვეს სასწავლებლად, შემდეგ ყირგიზეთში გაიარა აგროტურიზმის საკითხები, აქაც საზაფხულო სკოლის ფარგლებში, შემდეგ ისევ გერმანიაში გაიარა სამთვიანი სამუშაო პრაქტიკა:

„გერმანიაში საზაფხულო სკოლის თემა იყო ტურიზმის განვითარება ბერლინში, დეკემბერში ისევ მივდივარ საერთაშორისო სასტუმროთა მენეჯმენტის თემაზე“.

პირველი სამსახური ბათუმში, ერთ-ერთ კაფეში დაიწყო:

„მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ ვეძებდი სეზონურ სამუშაოს, კაფეებში დავტოვე ჩემი მონაცემები და ამიყვანეს…“

ანამ  დასაქმების ადგილზე თავისი პოზიციების ეტაპობრივად შეიცვალა. ამბობს, რომ ძალიან კმაყოფილია: „გაცვლით პროგრამებში მონაწილეობასაც დიდი  მხარდაჭერით შეხვდნენ და ყველანაირად ცდილობენ, ხელი შემიწყონ განვითარებაში.“

ანა მაგისტრატურაში აპირებს სწავლის გაგრძელებას, პარალელურად მუშაობასაც გააგრძელებს: „მშობლების მაქსიმალური მხარდაჭერა მქონდა, რომ შემერგო სტუდენტობა, მაგრამ იმდენად მივეჩვიე მუშაობას, რომ ერთი სემესტრი საბერძნეთში როცა ვიყავი, სადაც მხოლოდ ვსწავლობდი და არ მუშაობდი, უჩვეულო იყო ჩემთვის.“

სამსახურში რვასაათიანი განრიგი აქვს. იშვიათად, თუმცა მაინც უწევს მუშაობა ღამის ცვლაში, რაც მოსწონს კიდეც: „ღამის ცვლაში მუშაობა საერთოდ არ მიჭირს, ამ დროს უფრო მეტი თავისუფლება მაქვს იმისთვის, რომ პარალელურად წავიკითხო, მოვამზადო რაიმე, ანუ ჩემი საქმეც გავაკეთო.“

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: