ენმ: სუს-ის უფროსი აჭარის მთავრობაშია და მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებს დავალებებს აძლევს

აჭარის მთავრობის შენობაში შესვლას  ვერ ახერხებს ელგუჯა ბაგრატიონი. იგი უმაღლესი საბჭოს დეპუტატია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. დეპუტატის ინფორმაციით, მთავრობის სახლში შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] უფროსი ვახტანგ გომელაური მართავს.

„როგორც ჩანს, არჩევნების ჩატარება აჭარაში გომელაურს ჩააბარეს. ის ახლა მთავრობის შენობაში ხვდება თორნიკე რიჟვაძეს და ყოფილ თავმჯდომარეებს – ზურაბ პატარაძეს და არჩილ ხაბაძეს. სუს-ის უფროსი ამ ადამიანებს წინასაარჩევნო დავალებებს აძლევს“, – ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.

აჭარის მთავრობის პრესცენტრში გვითხრეს, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ამ დროისთვის ვერაფერს გვეტყვიან. პრესცენტრში ვერც ის გვითხრეს, ამ დროისთვის სად იმყოფება ან მართავს თუ არა რაიმე შეხვედრას თორნიკე რიჟვაძე.

დეპუტატ ელგუჯა ბაგრატიონს აჭარის მთავრობის შენობაში შესვლის უფლებას  დაცვის სამსახური ამ დრომდე არ აძლევს. მსგავსი პრობლემა დეპუტატს 24 აგვისტოსაც შეექმნა. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს დეპუტატს აქვს უფლება, შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში, თუმცა იგივე რეგლამენტი ითვალისწინებს გამონაკლისებს. საია-მ მაშინ განმარტა, რომ მთავრობამ უნდა დაასაბუთოს, რატომ ეზღუდება დეპუტატს სახელმწიფო ორგანოში შეუფერხებლად შესვლის უფლება.

აჭარის მთავრობაში ვახტანგ გომელაურის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობის განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი