განათლება,მთავარი,სიახლეები

ტექსტის ანალიზის გარეშე აბიტურიენტი ბარიერს ვეღარ გადალახავს – რა იცვლება ეროვნულ გამოცდებში

12.11.2018 • 7042
ტექსტის ანალიზის გარეშე აბიტურიენტი ბარიერს ვეღარ გადალახავს – რა იცვლება ეროვნულ გამოცდებში

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე ცვლილებები იქნება. ცვლილება ოთხ გამოცდას – ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს შეეხება.

ცენტრის ინფორმაციით, წინა წლების ტესტების ანალიზმა და პედაგოგებთან ერთად ამ გამოცდების შედეგების განხილვამ აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტების ფორმატში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ცვლილებების  მიუხედავად, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.

რა შეიცვლება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში?

ტესტში იქნება მხოლოდ სამი დავალება: ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური 16 ქულა), არგუმენტირებული ესე (მაქსიმალური 24 ქულა) და მხატვრული ტექსტის ანალიზი (მაქსიმალური 30 ქულა). ასე რომ, წინა წელთან შედარებით 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტს მოაკლდება 15-ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება (წაკითხულის გააზრება), მხატვრული ტექსტის ანალიზს კი დაემატება 5 ქულა; შესაბამისად, საგამოცდო ტესტი იქნება 70-ქულიანი და არა 80-ქულიანი, როგორც ეს წინა წლებში იყო;

ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად შემცირდება საგამოცდო დროც და გახდება 3 საათი და 45 წუთი.

უცხოური ენების გამოცდატესტიდან ამოღებულია  ერთ-ერთი დავალება. ეს არის მე-7 არჩევითპასუხებიანი დავალება, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. გრამატიკის ცოდნა შემოწმდება ტესტში არსებული წერითი დავალებების საშუალებით.

საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 80 და არა 90, როგორც ეს წინა წელს იყო;

შესაბამისად, საგამოცდო დრო გახდა 2 საათი და 30 წუთი (დრო 10 წუთით შემცირდა).

ლიტერატურის გამოცდა:

ტესტიდან ამოღებულია ერთი წერითი დავალება, სამაგიეროდ გაიზრდება ღია კითხვების ბლოკი (მაქსიმალური ქულაა 40, ნაცვლად 30-ისა) და მხატვრული ტექსტის ანალიზის მაქსიმალური ქულა იქნება 30, ნაცვლად 25-ისა.

საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 70  და არა 80, როგორც ეს წინა წლებში იყო;

ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად შემცირდება გამოცდისათვის განკუთვნილი დროც – 4 საათისა და 15 წუთის ნაცვლად იქნება 4 საათი.

გეოგრაფიის გამოცდა:

ტესტში გაიზრდება ე.წ. ღია დავალებების ხვედრითი წილი, რომლებიც კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ცოდნის გამოყენებასა და ანალიზზე;

შემცირდება ე.წ. არჩევითპასუხებიანი კითხვების წილი და დაემატება 1, 2, 3 და 4-ქულიანი ღია დავალებების ბლოკი;

ტესტში უცვლელია შემდეგი დავალების ტიპები: კითხვა არჩევითი პასუხებით; რუკის ანალიზი (ფიზიკური და ტოპოგრაფიული); ინფორმაციის ანალიზი;

ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60, ნაცვლად 59-ისა;

აბიტურიენტებს გამოცდაზე კვლავინდებურად დაურიგდებათ საქართველოსა და მსოფლიოს A3 ფორმატის ფიზიკური რუკები და შესაბამისი დავალებისათვის გათვალისწინებული ტოპოგრაფიული რუკები. 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში სხვა ტიპის სიახლე არ იგეგმება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, კახა ჯამბურია „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ოთხ საგანში გამოცდების ფორმატის ცვლილება აუცილებელი იყო, რადგან დროთა განმავლობაში ტექსტები იშტამპება, „რის გამოც, აბიტურიენტები ზეპირი შპარგალკებით ცდილობენ ფონს გასვლას“.

„საგამოცდო ფორმატი დროთა განმავლობაში ძალიან იშტამპება  და ბავშვები ხშირად, ზეპირი შპარგალკებითა და შტამპებით ცდილობენ გავიდნენ ფონს. ხშირად ეს ფორმატი ცუდია იმისთვის, რომ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები გამოვავლინოთ. ამიტომ ყოველთვის საჭიროა გარკვეული ცვლილებების შეტანა საგამოცდო ტესტში,“-ამბობს ჯამბურია.

კახა ჯამბურიას თქმით, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტიდან ამოღებულია 15-კითხვიანი, არჩევითპასუხებიანი დავალება, რაც გარკვეულწილად ამარტივებს ტესტს, რადგან აბიტურიენტს მეტი დრო რჩება. „თუმცა ეს დრო მან უკვე წერით დავალებას უნდა მოახმაროს. აქამდე აბიტურიენტს შეეძლო წერითი დავალების გარეშე გადაელახა ბარიერი, მაგრამ ამჯერად ტექსტის ანალიზისა და არგუმენტირებული ესეს დაწერის გარეშე ბარიერს ვერ გადალახავს. ლიტერატურული ტექსტის ანალიზის გარეშე ახლა სათანადო ქულებს ვეღარ დააგროვებენ“.

კახა ჯამბურია ამბობს, რომ აბიტურიენტებმა ბევრი დრო უნდა დაუთმონ წერითი დავალებების შესრულებას სკოლაში.  „ჩვენ გამოვაქვეყნეთ არა მარტო ტესტის ნიმუში, არამედ განმარტებებიც, რომელიც არის მასწავლებლებისთვის, რადგან ამის მიხედვით იმუშაონ შემდეგში უცილებლად, რადგან ეს არის სახელმწიფოს მოთხოვნა და თუ აქამდე არ უთმობდნენ ამის სწავლებას დროს, ახლა უნდა დაუთმონ“.

კახა ჯამბურიას თქმით, თუ სკოლა ვერ ართმევს თავს ამ საკითხების მოგვარებას, ეს ძალიან ცუდია.

„ეს გამოცდა ძირითადად აგებულია საუნივერსიტეტო მოთხოვნებზე, ამიტომ, მასწავლებლებმა და სკოლამ თავიანთი მოვალეობები უნდა შეასრულონ და თუ არ აკეთებენ, რა თქმა უნდა, ეს დიდი პრობლემაა.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: