მთავარი,სიახლეები

არასრულწლოვნებმა ბათუმში სამი მაღაზია გაქურდეს – წაღებულია ორი სათამაშო თოფი და ხურდა ფული

11.11.2018 • 2124
არასრულწლოვნებმა ბათუმში სამი მაღაზია გაქურდეს – წაღებულია ორი სათამაშო თოფი და ხურდა ფული

ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე, გუშინწინ ღამით სამი მაღაზია გაქურდეს, მეოთხეში – შესვლა ვერ შეძლეს.

„ნივთებზე ხელი არ უხლიათ, მხოლოდ ხურდები წაიღეს და ორი ცალი სათამაშო თოფი, 5-5 ლარში ვყიდდი მაგენს. ეტყობა, სხვების შესაშინებლად წაიღეს,“ – გვითხრა ერთ-ერთი მაღაზიის მესაკუთრემ, მერი ირემაძემ.

მაღაზიის მფლობელების თქმით, ქურდობის შესახებ მათთვის ცნობილი გუშინ, 10 ნოემბერს, დილით გახდა.

„მივედით და ბოქლომები დაგვხვდა დატეხილი… ჩვენთან კამერა არ არის და არც სიგნალიზაცია. მერე ვითვალეთ ნივთები და ცოდვას ვერ ვიტყვი, მხოლოდ ხურდებია წაღებული, რაც უჯრაში მქონდა დატოვებული. რამდენი იყო, ესეც არ ვიცი,“ – აღნიშნა ჩვენთან გასაუბრების დროს კიდევ ერთი მაღაზიის გამყიდველმა.

გაქურდულ მაღაზიებში გვითხრეს, რომ ჯამში სამივე მაღაზიიდან დაახლოებით 150 ლარის ხურდა ფულია წაღებული.

თავდაპირველად ბერიძისა და პუშკინის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე საცვლების მაღაზია გაქურდეს. აქ საღამოს 11 საათზე სიგნალიზაცია ჩართულა.

„ჩვენ სიგნალიზაცია გვაქვს. შეშინდნენ ეტყობა და გაიქცნენ. დაახლოებით 3 ლარის ხურდა მედო მაგიდაზე და ის წაუღიათ, სხვა არაფერი,“ – გვიყვება ამ მაღაზიის მესაკუთრე, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების პრესცენტრის ცნობით, მხოლოდ ერთი მაღაზიის გაქურდვის შესახებ შევიდა მათთან ინფორმაცია და ამ დროისთვის დაკავებული არავინაა. გამოძიებამ რამდენიმე არასრულწლოვანი დაადგინა, როგორც დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: