ბათუმში სუს-ის უფროსის – ირაკლი ერისთავის სახლი გაქურდეს

ბათუმში სუს-ის უფროსის ირაკლი ერისთავის საცხოვრებელი ბინა გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს ადასტურებს. უწყების ცნობით, „ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით წარსულში ქურდობისათვის არაერთგზის ნასამართლევი, 1975 წელს დაბადებული დ. ხ. და 1984 წელს დაბადებული ი. ა. ხოლო წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული ნ. უ. დააკავეს“.

ინფორმაცია აჭარის სუს-ის უფროსის ბინის ქურდობის შესახებ თავდაპირველად „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ხალვაშის ინფორმაციით, რომელიც ადრე საპატრულო პოლიციაში მუშაობდა, ბრალდებულს დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ედავებოდა პროკურატურა ქურდობის ჩადენას, თუმცა წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლამდე მას დანაშაულის ჩადენა ვერ დაუდასტურეს.

„ის იმყოფებოდა ფარული მეთვალყურეობის ქვეშ, უთვალთვალებდნენ სუს-ის თანამშრომლები, თუმცა მან უფროსის სახლში შეღწევა მოახერხა,“ – გვითხრა გია ხალვაშმა.

 „გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.ხ.-მ და ი.ა.-მ ბათუმში, მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა ნივთები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ორივე პირი მომხდარიდან 2 დღეში დააკავა. სამართალდამცველებმა ნ.უ.-ს პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული ნაქურდალი ნივთები, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინის და ავტომანქანის ჩხრეკისას დანარჩენი ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 186-ე მუხლებით,“ – იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ელით.

სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის საცხოვრებელი ბინა ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარეობს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი