მთავარი,სიახლეები

პატიმრის ცოლი: კარგი იქნება, თუკი პატიმრის ოჯახის წევრებს ვინმე დაეხმარება

10.11.2018 • 2306
პატიმრის ცოლი: კარგი იქნება, თუკი პატიმრის ოჯახის წევრებს ვინმე დაეხმარება

„ცხოვრება ძალიან დაგვიმძიმდა მას შემდეგ, რაც გიორგი პატიმარი გახდა,“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები ნელი ტაკიძე. მისი მეუღლე პატიმარია. ის, რასაც ნელი ამბობს, არაა იშვიათი – პატიმრის ოჯახის წევრებისგან ხშირად მოგვისმენია, თუ რამდენად გაურთულდათ ცხოვრება გისოსებს აქეთ პატიმრის ოჯახის წევრებს. მათ სახელმწიფო ამ ეტაპზე ვერაფერს სთავაზობს.

პატიმრების და ყოფილი პატიმრების, ასევე მათი ოჯახის წევრების გაძლიერების კუთხით არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ მუშაობს ევროკავშირის მხარდაჭერით. ნელი ტაკიძე პროექტში ჩართული ჯერ არ არის, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს მნიშვნელოვანია. ეკონომიკური გაძლიერების პროექტამდე, ნელის ვკითხეთ, მის შემთხვევაში რამდენად შეიცვალა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა მეუღლის დაპატიმრების შემდეგ.

ნელის მეუღლე – გიორგი მხეიძე ეკონომიკური დანაშაულისთვის – ქონებრივი დაზიანება მოტყუებით – გაასამართლა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. მას 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. გიორგი კერძო კომპანიაში ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირად მუშაობდა და ხილ-ბოსტნეული სხვა ქვეყნებში გაჰქონდა.

„გიორგი წელიწადი და ორი თვე უკვე ციხეშია, ყველა თვეში ვერ ვახერხებ ჩასვლას, ქუთაისში იხდის სასჯელს… უკანასკნელად აგვისტოს ბოლოს ვნახე. ერთი ჩასვლას მინიმუმ 300 ლარი მაინც სჭირდება: საკვები უნდა ჩაიტანო, ტანსაცმელი, მგზავრობა… ციხიდან თვეში ოთხჯერ ტელეფონზე დარეკვის უფლება აქვს და გვირეკავს. თავიდან ძალიან გაუჭირდა, ახლა შედარებით უკეთაა, ასე მეუბნება…

ჩვენ ორი შვილი გვყავს – 12 და 13 წლის ბავშვები. საკუთარი ბინა არ გვაქვს, ახლობლის ბინაში ვცხოვრობთ დროებით. გიორგი იყო ძირითადი მარჩენალი ოჯახის და ძალიან დაგვიმძიმდა მდგომარეობა პატიმრობის შემდეგ. მანამდე მხოლოდ ბავშვების გაზრდით ვიყავი დაკავებული, ახლა ძიძად დავიწყე მუშაობა, რომ შვილები მშიერი არ დამრჩეს… მთელი დღე ბავშვები მარტო მყავს დატოვებული, რომ საღამოს რამე მივუტანო. მამაჩემი მეხმარება კიდევ სოფლიდან და ესაა.

ეკონომიკა მაქვს დამთავრებული, მაგრამ არ მიმუშავია, ყველაფერს გამოცდილება სჭირდება… სიამოვნებით ვიმუშავებდი სადმე, გააჩნია, რა იქნება,“- გვიყვება ნელი ტაკიძე.

პატიმრის ცოლმა ჩვენგან გაიგო „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის შესახებ, რაც ყოფილი პატიმრების გარდა, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოჯახის წევრების გაძლიერებასაც ითვალისწინებს. ამ პროექტის ფარგლებში, შესაძლებელია პატიმრის ოჯახის წევრი პროფესიულად გადაამზადონ, მოამზადონ უცხო ენაში, დაეხმარონ ახალი სამსახურის მოძიებაში. ოჯახს შესაძლოა მცირე საგრანტო პროექტიც დაუფინანსონ, უკვე არსებული ბიზნესის გასაძლიერებლად.

„პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში პატიმრის შვილებსაც შეუძლიათ ჩართვა, მაგალითად, სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება, ექსკურსიებზე წასვლა. მათთვის პროექტის ფარგლებში საჭიროების შემთხვევაში სასკოლო ნივთებსაც შეიძენენ.

„მთავარია, მათ იგრძნონ გვერდით დგომა… ყველაზე რთული, რაც ამ დროს ადამიანებს აქვთ, არის სტიგმა – „პატიმრის ცოლი“, „პატიმრის შვილი.“ ჩვენ ვცდილობთ, რომ სხვადასხვა კუთხით დავეხმაროთ პატიმრის ოჯახის წევრებს და მათ გაძლიერებას აქტიურად შევუწყოთ ხელი,” – ამბობს „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ კოორდინატორი, ნინო ხაჩიძე.

ნელი ტაკიძემ, პატიმრის მეუღლემ კი გვითხრა, რომ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის შესახებ ამ დრომდე არ იცოდა და მოსწონს გაძლიერების შესაძლებლობა. „კარგი იქნება, თუ პატიმრის ოჯახის წევრებს ვინმე დაეხმარება… ციხიდან როცა გამოვა ადამიანი, მას სიცოცხლის ხალისი უკვე დაკარგული აქვს, ჩვენც ასე ვართ. ჩვეულებრივ რიტმში გააგრძელო ცხოვრება, ამას არაფერი სჯობს,“ – დასძინა მან.

მთავარი ფოტო: ნელი ტაკიძე გიორგი მხეიძესთან ერთად

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: