მთავარი,სიახლეები

ძალადობაში ბრალდებული ქმარი: 10 წელი ცოლთან სექსი არ მქონია

09.11.2018 • 2852
ძალადობაში ბრალდებული ქმარი: 10 წელი ცოლთან სექსი არ მქონია

ოჯახში ძალადობისთვის წინასწარი პატიმრობა ბათუმში მცხოვრებ გურამ ჩ.-ს შეუფარდეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განიხილა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ცოლზე ფიზიკურად იძალადა. დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის იგი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა – რამდენიმე თვის წინ გურამ ჩ. ისევ ოჯახში ძალადობისთვის გაასამართლეს. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა.

„მას თმები ჰქონდა გაშლილი, ხელი ვკარი, რომ გავსულიყავი გარეთ… ხელში მომყვა მისი თმები და გვერდით გავწიე,“ – ამბობს ბრალდებული. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში. გურამ ჩ. ყვება, რომ იმ საღამოს ნასვამი მივიდა სახლში და კონფლიქტის დაწყებამდე, უბრალოდ, დივანზე წამოწვა.

„ჩემს ცოლს ვთხოვე, როგორც ნორმალურ ცოლ-ქმარს შეეფერება, ვწოლილიყავით ერთად. ნ.-მ წინადადებაზე უარი მითხრა და მაფრთხილებდა, არ მელაპარაკა, რადგან ბავშვს არ გაეღვიძა… მინდა, აღვნიშნო, რომ ჩემს ცოლთან ბოლო 10 წელია სქესობრივი კავშირი არ მქონია“, – აღნიშნა გურამ ჩ.-მ თავის ჩვენებაში.

ბრალდებულის მონათხრობის მიხედვით, მას დილის ხუთის ნახევრისკენ გამოეღვიძა და სამზარეულოში მაცივრის კარის გამოღების შემდეგ ორი შუშის ქილა დაიმსხვრა, რამაც ცოლი გამოაღვიძა.

„ის მიყვიროდა, შენ ისევ ქალებში დაეთრევიო… ის წავიდა და უკან დედაჩემთან ერთად დაბრუნდა,“ – ყვება ბრალდებული.

გურამ ჩ.-ს ჩვენების მიხედვით, კამათი ნამსხვრევების მოწმენდას მოჰყვა. ცოლი მწნილის ქილის ნამსხვრევებს წმენდდა, თუმცა მან მეუღლეს გარეთ გასვლის საშუალება არ მისცა. გამოძიების ვერსიით, ამ დროს მიაყენა ფიზიკური ტკივილი გურამ ჩ.-მ დაზარალებულ ქალს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, გურამ ჩ.-ს მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვეღარ შეუფარდებენ, რადგან მას წინა სასჯელი მოხდილი არ აქვს. ბრალდებულს ერთიდან სამ წლამდე პატიმრობა ელის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: