2,5 მილიონი ლარი სესხის პროცენტისა და ძირის დასაფარად – აჭარის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი

2019 წელს აჭარის ბიუჯეტიდან 2 501 356 ლარი უცხოეთიდან მიღებული სესხების მომსახურებას [პროცენტს] და ამ სესხების ნაწილის [ძირი] დაბრუნებას მოხმარდება. 2019-2022 წლებში კი აჭარის ბიუჯეტიდან დაგეგმილია სესხის პროცენტისა და ძირი თანხის დაფარვა, ჯამში 11 406 085 ლარის ოდენობით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ბიუჯეტი ორი ორგანიზაციისგან მიღებულ სესხს ფარავს. ეს ორგანიზაციებია: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), გამოყოფილი სესხის ოდენობა 3 მილიონი ევრო და გერმანიის განვითარების ბანკი (KfW), გამოყოფილი სესხის ოდენობა 10 მილიონი ევრო.

სამინისტროს ინფორმაციით, KfW-ის 10 მილიონი ევრო სესხი, მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, მთლიანად იყო ათვისებული. თანხა ბათუმის წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციას მოხმარდა [ეს პროექტი გრძელდება ცალკე, მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი სესხით, რომლის ძირი და პროცენტი ბათუმის ბიუჯეტიდან იფარება].

რაც შეეხება EBRD-ის სესხს, პირველი ოქტომბრისთვის მხოლოდ 10%, ანუ 30 ათასი ევრო იყო ათვისებული. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წელია ამ 3 მილიონი ევრო სესხის ათვისება ვერ ხერხდება, აჭარის მთავრობა რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მის პროცენტსაც იხდის და ძირ თანხასაც ფარავს.

EBRD-ის სესხით აჭარაში ახალი ნაგავსაყრელი უნდა მოწყობილიყო, რომლის აშენებაც ქობულეთის სოფელ ცეცხლაურშია დაგეგმილი. როდის დაიწყება მშენებლობა, ამ დრომდე გაურკვეველია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „ჰიგიენა 2009“-ში, რომელიც შესაბამის პროექტს კურირებს, მშენებლობის დაწყებას 2018 წლის სექტემბერში ვარაუდობდნენ, თუმცა დღეის მდგომარეობით, მშენებელი კომპანიაც კი არ არის გამოვლენილი.

აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო. 7 მილიონი ევროდან, რაც ნაგავსაყრელის პროექტს უნდა მოხმარდეს, 3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი.

სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთ დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტით დაფინანსება ეზრდება ისეთ საინვესტიციო პროექტებს, რომელთა შესრულება 2018 წლის 9 თვის გეგმასთან მიმართებაში 50%-ზე დაბალია.

„განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი პროექტები, რომელთა ფარგლებშიც საერთოდ არ მომხდარა თანხების ათვისება როგორც 2017, ასევე 2018 წლის განმავლობაში,“ – აცხადებს აუდიტი. ასეთ პროექტებს შორისაა აჭარის მყარი ნარჩენების, ანუ ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტიც.

ამ თემაზე: 

ვისზეა დამოკიდებული ბათუმის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყება

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com