პარკირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველო ქსელი და ფეხით გადაადგილება - სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია

მოძველებული საინფორმაციო დაფები და სხვა შენიშვნები ბათუმის ავტოტრანსპორტის მისამართით

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილების ყველაზე იაფი საშუალებაა და ე.წ. ყვითელი და ლურჯი ავტობუსებით ბევრი მოქალაქე სარგებლობს, თუმცა ბათუმის ავტოტრანსპორტის მისამართით, რომელიც ბათუმის მერიის შპს-ეა, ისმის არაერთი საყვედურიც. ამჯერად „ბათუმელებმა“ მოქალაქეების რამდენიმე პრეტენზიაზე გაამახვილა ყურადღება.

  • გადატვირთული ავტობუსები პიკის საათებში 

საღამოს საათებში რამდენიმე მარშრუტზე გადატვირთული ავტობუსები, განსაკუთრებით პიკის საათებში, მგზავრებისთვის სერიოზული პრობლემაა. როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ გვითხრა, რამდენიმე დღის წინ #12 ავტობუსში ასვლა ვერც მგზავრმა შეძლო და ვერც კონტროლიორმა, რადგან ადგილი ფიზიკურად არ იყო.

ბათუმის ავტოტრანსპორტში გვითხრეს, რომ ქალაქში სულ 148 მუნიციპალური ტრანსპორტია, აქედან ყოველდღიურად ხაზზე 118 ავტობუსი გადის [დანარჩენი საჭიროებს გეგმით გათვალისწინებულ ტექდათვალიერებას] და იმის მიუხედავად, რომ პიკის საათებში ცალკეულ მარშრუტებზე ავტობუსები გადატვირთულია, ავტობუსის დამატებას ვერ ახერხებენ.

„თუ ახალი ავტობუსები მივიღეთ, გავზრდით, მაგრამ სხვაგვარად ეს ვერ მოხდება,“ – გვითხრეს ავტოტრანსპორტის პიარისა და მარკეტინგის სამსახურში. აქვე აღნიშნეს, რომ ასეთ შემთხვევაში მოქალაქეებმა სჯობს ქალაქის მერიას მიმართონ განცხადებით.

  • მოძველებული საინფორმაციო დაფები, გაჩერებებზე მითითებული არ არის მარშრუტი და დრო 

მართალია, ზოგიერთ გაჩერებაზე ელექტრონული ტაბლო არის, მაგრამ რაც უფრო შორდებით ქალაქის ცენტრალურ უბნებს, მით უფრო იშვიათად გხვდებათ ელექტრონული ტაბლოები და თუ მგზავრმა ზუსტად არ იცის კონკრეტული ავტობუსის მარშრუტი, გაჩერებაზე სხვა მგზავრებს უნდა ჰკითხოს ან კიდევ მოძრავი ავტობუსის ტაბლოზე უნდა ამოიკითხოს, რაც მარტივი არ არის. ასევე, გაჩერებებზე არ არის მითითებული ავტობუსის მოძრაობის გრაფიკი და ზოგ ადგილას დაზიანებულია საინფორმაციო დაფაც.

ბათუმის ავტოტრანსპორტში ამბობენ, რომ ბოლო ხანს მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემაში ბევრი ცვლილება განხორციელდა და ამის ფონზე გარკვეული ხარვეზები ფიქსირდება. გარდა ზემოთ დასახელებული პრობლემისა, საინფორმაციო დაფა ზოგიერთ ადგილას აღარ ემთხვევა ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტს. „ველოდებოდით ოპტიმიზაციის დასრულებას, რომ დაფების გამოცვლა დავიწყოთ და ყველა ინფორმაცია იყოს გასწორებული,“ – გვითხრეს ავტოტრანსპორტში. თუმცა კონკრეტულად რა ვადებში იგეგმება დაფების განახლება და გამოცხადდება თუ არა ტენდერი, ამის შესახებ ავტოტრანსპორტში დაზუსტებით ვერ გვიპასუხეს.

„დაახლოებით 450 ნიშნულია ქალაქში, მათი უცებ, ერთი ხელის მოსმით გამოცვლა ვერ მოხერხდება, დასჭირდება რაღაც პერიოდი. ეს არ არის გრძელვადიანი, მაგრამ კონკრეტული ვადა, როდის უნდა დამთავრდეს – არ არის. ჩვენ შევეცდებით ჩვენი ძალებით, ტენდერის გარეშე გავაკეთოთ და თუ ვერ მოხერხდება, ტენდერს გამოვაცხადებთ. ჯერჯერობით, ვცდილობთ ჩვენი ძალებით აღმოვფხვრათ ეს პრობლემა,“  – გვითხრეს ავტოტრანსპორტის პიარისა და მარკეტინგის სამსახურში.

რაც შეეხება გაჩერებებთან ინფორმაციის განთავსებას იმის შესახებ, თუ როგორია კონკრეტული ავტობუსის მოძრაობის გრაფიკი, ბათუმის ავტორანსპორტში მიიჩნევენ, რომ ამის მითითებას შედეგი არ ექნება, რადგან ქალაქში პერიოდულად მოძრაობა გადატვირთულია და გრაფიკი ზუსტი ვერ იქნება.

„ ჩვენ გვინდა, რომ ბევრგან იყოს ელექტროტაბლო, ამაზე არის საუბარი. ინფორმაციის დაბეჭდვა და გაკვრა არ არის პრობლემა, ჩვენ დავწერთ დროს, მაგრამ საცობებია ქალაქში.  თუ ავტობუსისთვის ხაზზე გათვალისწინებულია 1 საათი, საცობის შემთხვევაში ეს დრო არ არის საკმარისი და სჭირდება საათი და 20 წუთი მაგალითად, რის გამოც ინტერვალი ავტომატურად იზრდება.  კი, მართალია, შემოვიდა ახალი ავტობუსები, მაგრამ ეს [ერთსაათიანი] ინტერვალები რომ შევინარჩუნოთ, ჯერჯერობით ამის საშუალება არ გვაქვს,“ – გვითხრეს ბათუმის ავტოტრანსპორტში.

  • გაჩერებებზე არ არის მითითებული, რომ მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ბარათით 

ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული ბარათით გადახდა პირველი აგვისტოდან ხორციელდება და ეს ინფორმაცია კარგადაა ცნობილი მათთვის, ვინც ყოველდღიურად სარგებლობს ავტობუსით, თუმცა არა ყველასთვის. ეს განსაკუთრებით პრობლემურია ქალაქში მყოფი ტურისტებისთვის, რადგან ინფორმაცია გაჩერებებთან მითითებული არ არის.

თუ მოქალაქე ავტობუსში გადახდას ვერ შეძლებს და კონტროლიორი შეამოწმებს, ჯარიმა ხუთი ლარია. ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში დღეში საშუალოდ 50 ჯარიმა იწერებოდა.

ბათუმის ავტოტრანსპორტში ამბობენ, რომ ყველა ავტობუსში იქნება სამარშრუტო სქემა განთავსებული: „გარდა ამისა, ახალ ავტობუსებში საბედნიეროდ მონიტორები არის და მონიტორებზე ვაჩვენებთ, ბარათის აღება სად არის შესაძლებელი, როგორ აიღოს და მოიხმაროს ბარათი. ვებგვერდზეც არის წარმოდგენილი სად არის შესაძლებელი ბარათის ყიდვა.“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com