განათლება,მთავარი,სიახლეები

სიმონ ჯანაშია: სკოლებში ასწავლიან არსებული აზრის გამეორებას და არა აზროვნებას

07.11.2018 • 15927
სიმონ ჯანაშია: სკოლებში ასწავლიან არსებული აზრის გამეორებას და არა აზროვნებას

რატომ არ ისწავლება საჯარო სკოლებში აკადემიური წერა, რომელიც მოიცავს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, მსჯელობას საკვანძო საკითხებზე და რატომ უჭირთ ფორმალური კომუნიკაცია როგორც მოსწავლეებს, ასევე აკადემიურ პერსონალს? ქართული განათლების გამოწვევებზე „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი, სიმონ ჯანაშია საუბრობს.

  • ბატონო სიმონ, რა არის ძირითადი მიზეზი იმის, რომ ქართულ სკოლებში არ ისწავლება აკადემიური წერა?

ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებში არის გარკვეული ასპექტები, რომლებიც მოითხოვს აკადემიური წერის სტანდარტებს. თუმცა ეს სფერო, ზოგადად, ძალიან განუვითარებელია არა მარტო სკოლებში, უნივერსიტეტებშიც. ეს არ არის მარტო განათლების პრობლემა, არამედ დამოკიდებულების პრობლემაცაა, რადგან წლების განმავლობაში აკადემიურ წრეებში ფიქრობდნენ, რომ  უფრო მნიშვნელოვანია, ვთქვათ, წყაროების მიხედვით ზუსტად წერა, ვიდრე ხედვის და აზრის ჩამოყალიბება. ამას ასწავლიდნენ, მაგალითად, უმაღლესშიც, თუ როგორ უნდა გადაიწერო ავტორიტეტული წყარო მითითების გარეშე.

  • ანუ პლაგიატი გახდა ნორმა?

დიახ, ასწავლიდნენ სტუდენტებს, როგორ დაეპლაგიატებინათ სხვადასხვა შინაარსი. რამდენიმე წლის წინ ჩავატარეთ კვლევა პლაგიატთან დაკავშირებით და დავინახეთ, რომ პროფესორებიც კი საერთოდ ვერ ხედავენ ამაში პრობლემას.ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ თუ სტუდენტმა ტექსტთან ახლოს დაწერა, ეს მის განათლებაზე მეტყველებს და არა მაინცადამაინც იმაზე, რომ სხვისი აზრი მიითვისა.

ზოგიერთ პროფესორს არც რცხვენოდა პირდაპირ ეთქვა, რომ „ჩვენ ორიგინალურ ნაშრომს არ ვწერთ, რადგან დაბალი ხელფასი გვაქვს“. როცა ამას პროფესორი ამბობს საჯაროდ, ნიშნავს, რომ საერთოდ არ აქვს ღირებულება და, შესაბამისად, ეს მასწავლებლებიც ამ გარემოში არიან აღზრდილები. ამ დროს გვინდა, რომ განსაკუთრებულ შედეგებზე გავიდეთ.

  • აკადემიური წერა მოითხოვს არა ემოციებზე აგებულ ნაშრომს, არამედ გონებაზე დაფუძნებულს. სკოლებში კი, ჩვენი დაკვირვებით, დღემდე პათეტიკურად იწერება დავალებები.

აკადემიურ ნაწერს სტრუქტურა უნდა ჰქონდეს გამართული. არა მხოლოდ მთლიან ნაწარმოებს, არამედ თითოეულ აზრს. ამას ნაკლებად ასწავლიან. სკოლებში უფრო შემოქმედებით წერას ასწავლიან და იმასაც წესიერად არა. მაგალითად, აშშ-ის სკოლებში იმასაც ასწავლიან, როგორ იწერება ლექსი.

ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ჩვენთან წლების განმავლობაში პრაქტიკულად არ ისწავლებოდა საინფორმაციო ტექსტები. მოსწავლეებს არ აქვთ იმის ცოდნა, თუ როგორ იწერება ესე, სტატია და ა.შ. ერთადერთი საინფორმაციო ტექსტი, რაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში გვხვდებოდა, იყო ბიოგრაფია ან ტექსტის ძალიან მცირე ანალიზი. მაგრამ როგორ უნდა გაკეთდეს პერიფრაზი, როგორ უნდა დაიწეროს წიგნის განხილვა, სტატიის განხილვა, ეს არ ისწავლება.

უბრალოდ, ასწავლიან სხვისი აზრის გამეორებას. თუ გაიმეორებდი ავტორიტეტების მიერ შეთანხმებულ აზრებს, მაშინ აღარ გესაჭიროებოდა მტკიცების ჩამოყალიბების ცოდნა. ალტერნატიული მოსაზრებების განხილვა არ ხდებოდა.

  • თუმცა წიგნებში, ისტორიის სახელმძღვანელო რომ ავიღოთ მაგალითად, არის მოცემული დავალებები, რომლებიც ითხოვს მოსწავლისგან წყაროებთან მუშაობას, მსჯელობას, ფაქტების ანალიზს. თუ აკადემიური წერა არ ისწავლება და მოთხოვნებში არსებობს, მაშინ რა ჰქვია ასეთი განათლების სისტემას?

ჩვენთან ისტორიის საგანში მსჯელობას ნაკლებად ასწავლიან, უფრო ცდილობენ, რომ ჩამოაყალიბონ მოსწავლეები პატრიოტებად და ჰგონიათ, რომ თუ გავრცელებულ აზრს მოსწავლე გაიზიარებს პირდაპირ, აზროვნების გარეშე, ის რეალურად უფრო იქნება პატრიოტი, ვიდრე მსჯელობის შემდეგ. ჰგონიათ, რომ ქართული ლიტერატურის და ისტორიის სწავლების ძირითადი მიზანიც პატრიოტიზმის გაღვივებაა და არა აზროვნების სწავლება. ეს არის პრობლემა.

  • მოაზროვნე ადამიანს პატრიოტული გრძნობები არ აქვს, თუ რატომ ფიქრობენ ასე?

პირიქით მგონია, რომ ადამიანებს, რომლებსაც უკეთესად შეუძლიათ აზროვნება, უფრო უყვართ სამშობლო, ვიდრე მათ, ვინც რომელიმე ავტორიტეტის ნაკარნახევით სწავლობს ამ სიყვარულს.

შემდეგ აღმოჩნდება, რომ იმის ნაცვლად, თვითონ გადაწყვიტოს კრიტიკულ ვითარებაში, როგორ უნდა მოიქცეს საკუთარი ხალხის სასარგებლოდ, ელოდება სხვა რას ეტყვის, რა იქნებოდა საუკეთესო ნაბიჯი.

სწავლების მიზნებია ხშირად მცდარი, რადგან ავტორიტეტების მორჩილებაა მიზანი და არა აზროვნება, საინფორმაციო ტექსტებთან არ მუშაობენ, არ ხდება კარგი მაგალითების მიწოდება და განხილვა. პრობლემაა ისიც, რომ ქართული ენის გარდა, სხვა მასწავლებლები წერას პრაქტიკულად საერთოდ არ ასწავლიან ბავშვებს. იგივე საბუნებისმეტყველო საგნებში, ისტორიაში, გეოგრაფიაში უნდა მიექცეს აკადემიურ წერას ყურადღება.

  • როგორც ვიცი, თქვენ მუშაობთ სკოლაშიც, სადაც ამერიკული განათლების სისტემაა დანერგილი. რა პარალელების გავლება შეგიძლიათ ამერიკულ და ქართულ სისტემას შორის, თქვენთან თუ ისწავლება აკადემიური წერა?

გარდა იმისა, რომ ყველა საგანში არის წერითი დავალებები, რა თქმა უნდა, ასწავლიან აკადემიურ წერასაც. მაგალითად, მე-9 კლასის ისტორიაში ასწავლიან არგუმენტირებული ესეს დაწერას, სადაც მოსწავლემ უნდა შეიმუშაოს საკუთარი თეზისი, ხოლო არგუმენტები ეხმარება ამ თეზისის მტკიცებაში.

მე-12 კლასისთვის ფორმალური აკადემიური წერის ელემენტები ინტეგრირებულად ისწავლება, სხვადასხვა კურსში სწავლობენ. საკმაოდ დიდი ძალისხმევა და ბევრი მასწავლებლის შეთანხმებული მუშაობა სჭირდება ამას. იქაც უჭირთ მოსწავლეებს, მაგრამ კარგი მდგომარეობაა იმ მხრივ, რომ მასწავლებლების უმრავლესობას კარგ უნივერსიტეტებში აქვთ მაგისტრატურა გავლილი.

  • გამოდის, რომ სკოლა ვერ ამზადებს მოსწავლეს კონკურენტული გარემოსთვის?  

სხვა ქვეყნებსაც აქვთ პრობლემები, მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებიც კომპენსირებას აკეთებენ სხვა ცოდნით. ჩინელ სტუდენტებს აქვთ ხოლმე მსგავსი პრობლემები, როცა აშშ-ის უნივერსიტეტებში აბარებენ, რადგან არ აქვთ ფორმალური წერის, ანალიზის გამოცდილება, თუმცა მათ მაღალი კომპეტენციები აქვთ, მაგალითად, მათემატიკაში.

ანალიზი მოითხოვს შეპირისპირებას, შედარებას ნაწილების და საერთო ჯამში, აზრის გამოტანას, რაც ხშირად მასწავლებლებსაც უჭირთ. აკადემიური კი არა, გარკვეულ ნაწილს, საკომუნიკაციო უნარებიც კი არ აქვთ. მასწავლებლებთან ხშირად მაქვს ურთიერთობა და ჩანს, რომ კომუნიკაციის ეტიკეტიც არ იციან.

მაგალითად, ელექტრონულ წერილს რომ აგზავნიან, აგზავნის ასპექტს, მაგრამ ეს არ არის წერილი. იმიტომ, რომ არ აქვს სათაური, არ წერია „გამარჯობა“, „ნახვამდის“, ხშირად არ აწერია, ვინ აგზავნის და იმეილიდან შეუძლებელია ამის გარკვევა.

არის შემთხვევები, როცა სმს-ით სთხოვ რაღაცის დადასტურებას. გწერენ, -„მოვდივარ“, „ვინ ხარ?“, „რატომ მწერ?“… ასეთი რაღაცები უჭირთ, არ უსწავლიათ. მაგალითად, ამერიკაში პრობლემურ სკოლებში მოსწავლეს არათუ აკადემიურ წერას, იმასაც კი ასწავლიან, როგორ უნდა დარეკოს ტელეფონზე უფროსთან, როგორ უნდა მიესალმოს, დაემშვიდობოს, როგორ უნდა თქვას, რასთან დაკავშირებით რეკავს და ა.შ. ეს არის კომუნიკაციის უნარები. აკადემიურ წერასაც სჭირდება გარკვეული საკომუნიკაციო უნარები.

  • ვისი ბრალეულობა უფრო მეტია ამაში, პედაგოგების თუ განათლების სისტემის?

ყველანაირი პრობლემა არის განათლების პოლიტიკის შედეგი. უნივერსიტეტებში არ ხდება წახალისება, რომ აკადემიური წერა პრიორიტეტული გახდეს, მასწავლებლების სქემა რომ ავიღოთ, სავსეა პლაგიატით და ამას ყურადღებას არავინ აქცევს. საუკეთესო გზა იქნებოდა ამ სქემის ფარგლებში, რომ ეჩვენებინათ მასწავლებლებისთვის, როგორ უნდა წერო. აქაც საჭიროა შეთანხმება, რომ პროფესორებმა გაუწიონ მენტორობა და ასწავლონ პედაგოგებს, როგორ იმუშაონ, მაგრამ არ აინტერესებს ეს სახელმწიფოს.

უნივერსიტეტები ახლა ცდილობენ პირველ კურსზე გააკეთონ აკადემიური წერის კომპენსირება, მაგრამ, რადგან ბევრი პროფესორი არ არის ამ საქმეში გაწაფული, ესეც რჩება ფორმალობად.

სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული იქეთ, რომ უნივერსიტეტების აკადემიური კულტურა შეიცვალოს, რომ შემდეგ მათ გავლენა იქონიონ სკოლებზე.

სკოლებში უნდა შეიცვალოს განათლების მიზნები და აკადემიური წერა უნდა ისწავლებოდეს არა მარტო ქართულ ენაში, არამედ სხვადასხვა საგანში.

სწავლის მიზანი უნდა გახდეს არა პატრიოტიზმის გაღვივება, არამედ წერა-კითხვის და აზროვნების სწავლება.

______________________

მთავარ ფოტოზე: სიმონ ჯანაშია. აღებულია რესპონდენტის ფეისბუქგვერდიდან მისივე თანხმობით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: