მთავარი,სიახლეები

8 პროცესი ერთ დღეში ოჯახში ძალადობაზე ბათუმის სასამართლოში

06.11.2018 • 2159
8 პროცესი ერთ დღეში ოჯახში ძალადობაზე ბათუმის სასამართლოში

„დუმილის უფლებას ვიყენებ მე,“ – უპასუხა მოსამართლეს ბრალდებულმა მიხეილ კ.-მ. მას გამოძიება ოჯახში ძალადობას ედავება. გამოძიების ვერსიით, მიხეილმა ქალს სცემა, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა და ვისთანაც 5 წლის შვილი ჰყავს. მიხეილი არაა ერთადერთი, ვისაც დღეს მოსამართლემ ჰკითხა: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“ ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 6 ნოემბერს, ოჯახში ჩადენილ დანაშაულზე 8 სისხლის სამართლის საქმე განიხილა. „ბათუმელები“ რამდენიმე პროცესს დაესწრო.

ბრალდებული, რომელმაც სასამართლოში ვენები გადაიჭრა

მიხეილ კ. ის ბრალდებულია, რომელმაც წინასწარი პატიმრობის შეფარდების დროს ვენები ენის ქვეშ დამალული ნივთით გადაიჭრა. „ამის გამო მაკავებთ, არ გრცხვენიათ?“ – მიმართა მან მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს.

პატიმრობის შეცვლის საკითხი დღეს უკვე მოსამართლე ლევან გელოვანმა განიხილა წინასასამართლო სხდომაზე. ადვოკატმა ჯიმშერ არობელიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე აღარ არსებობს და ბრალდებულის გათავისუფლება ითხოვა 5 ათასი ლარის სანაცვლოდ. პროკურორი მოთხოვნას არ დაეთანხმა. მოსამართლემ მიხეილ კ. პატიმრობაში დატოვა, თუმცა ეს გადაწყვეტილება პატიმარს აღარ გაუპროტესტებია.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობის, ასევე სადავოობის საკითხი განიხილა მოსამართლემ. პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები დაცვის მხარემ დასაშვებად მიიჩნია, მაგრამ სადავოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე გამოძიების ეტაპზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებს მოისმენს, მათ შორის, ქალის, რომელიც მიხეილ კ.-მ სახეში სცემა.

მიხეილ კ. გურიიდანაა, ნაცემი ქალი კი უზბეკეთის მოქალაქეა. საერთო შვილს, რომელიც ახლა უკვე 5 წლისაა, გურიაში ბებია ზრდის. დაზარალებულად ცნობილი ქალი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია.

ადვოკატი: არ უცემია, ძაღლზე მოეშალა ნერვები და ცოლი დივანზე დასვა

ადვოკატს და პროკურორს შორის ხმამაღალი კამათით დასრულდა მორიგი პროცესი ოჯახში ძალადობაზე. ამ შემთხვევაში ოჯახში ძალადობას გამოძიება თურქეთის მოქალაქეს – რეჯებ ჯ.-ს ედავებოდა. დაზარალებულად ცნობილი ქალი არც ამ პროცესზე გამოჩენილა.

„შერიგებული არიან უკვე, მას არ უნდა, რომ ქმარი დაისაჯოს, არც ყოფილა არაფერი,“ – გვითხრა პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა პაატა შავაძემ.

ამ საქმეში 112-ში შესული სატელეფონო ზარის აუდიოჩანაწერი დევს. ჩანაწერში ქალის ხმა ისმის. ის ამბობს, რომ ქმარმა სცემა და პოლიციის დახმარებას ითხოვს.

იმ ღამით პოლიციელებმა რეჯებ ჯ. დააკავეს, თუმცა მალევე გირაოს – 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რეჯებ ჯ.-მ ასევე დადო პირობა, რომ პასპორტს პოლიციელებს ჩააბარებდა და კვირაში ერთხელ პოლიციაში გამოცხადდებოდა.

„მას არ ჩაუბარებია პასპორტი, ასევე არ გამოცხადებულა პოლიციაში, რაზეც შედგენილია შესაბამისი ოქმები,“ – მიმართა მოსამართლეს პროკურორმა გიორგი რამიშვილმა. მანვე დააყენა შუამდგომლობა და გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა.

„ეს აბსურდული განცხადებაა,“ – წამოიყვირა ადვოკატმა პაატა შავაძემ. ადვოკატის თქმით, ბრალდებულს პირადობის მოწმობა ამ დრომდე არ აქვს, ხოლო პოლიციაში ბრალდებულს არავინ შეხვდა.

„იყო მისული განყოფილებაში და უთხრეს, არ გვცალიაო, ხვალ მოდიო, მერე ზეგ მოდიო, რა ექნა?“ – იკითხა ადვოკატმა.

ადვოკატის საპასუხოდ პროკურორმა ხელი ბრალდებულისკენ გაიშვირა და თქვა: „დააკვირდით პერანგის ჯიბეს, იქ უდევს ბრალდებულს პასპორტი“.

ადვოკატმა პროკურორს უთხრა, რომ ის არაკორექტულია, პროკურორმა კი პასპორტის ჩვენება დაჟინებით მოითხოვა.

„კი, მაქვს პასპორტი,“ – თქვა ბოლოს ბრალდებულმა, თუმცა დასძინა, რომ პოლიციელები მართლაც არ დაელაპარაკნენ.

„მითხრეს, მთავარია საზღვარი არ გადაკვეთოო და არც წავსულვარ სადმე,“ – აღნიშნა ბრალდებულმა.

რეჯებ ჯ.-ს საერთო შვილი ჰყავს ქალთან, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნაცემია.

„არ უცემია ცოლი, უბრალოდ, იმ დროს ძაღლზე მოეშალა ნერვები და ცოლი დივანზე დასვა. ხელი მოკიდა და დასვა, მეტი არაფერი,“ – გვითხრა ადვოკატმა პაატა შავაძემ. მას ვკითხეთ, რატომ დარეკა მაშინ ქალმა პოლიციაში და რატომ ითხოვა შველა.

„ეგ არ ვიცი,“ – გვიპასუხა მოკლედ ადვოკატმა.

როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში, აქაც დაზარალებულად ცნობილი ქალი სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას აღარ აპირებს. მთავარი მტკიცებულება ახლა მხოლოდ 112-ის ჩანაწერია, რომლის დაუშვებლად ცნობა დღეს ასევე მოითხოვა ადვოკატმა.

„ოჯახში ძალადობა ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიაა. ამ კატეგორიის საქმეში არ უნდა იყოს წარმოდგენილი ფარული სატელეფონო ჩანაწერი, ეს დაუშვებელია,“ – თქვა მან.

პროკურორმა გიორგი რამიშვილმა კი განმარტა, რომ აუდიოჩანაწერში იგივე ისმის, რაც ბეჭდურ ვერსიაში. „შესაბამისად, ფარულობის პრინციპი ამ ნაწილზე არ უნდა გავრცელდეს,“ – დასძინა პროკურორმა.

მოსამართლე ლევან გელოვანმა ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 112-ის ჩანაწერი, სადაც ქალმა თქვა, რომ ქმარმა სცემა, საქმეში დარჩა.

„მან მოხუც მამას სახეში თავი ჩაარტყა“ – ბრალდებული პროცესზე არ მოვიდა 

„მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება,“ – უთხრა პროკურორმა მოსამართლე ლევან გელოვანს, როცა ის ბრალდებულის სხდომაზე გამოუცხადებლობით დაინტერესდა. დავით წ.-საც გამოძიება ოჯახში ძალადობას ედავება.

პროკურატურის ვერსიით, დაახლოებით ერთი თვის წინ დავით წ.-მ მოხუც მამას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, სახეში თავი ჩაარტყა. ბრალდებულის ხმამაღალი გინება მეზობლებმა გაიგეს და პოლიციაში დარეკეს.

ოჯახში მისულ პოლიციელებს მოხუცმა უთხრა, რომ შვილი ყოფით პრობლემებზე ეჩხუბებოდა, ბოლო უთანხმოების საგანი კი, გაფუჭებული ტელევიზორი გახდა. მოხუცს ტელევიზორის შეკეთება სურდა და ნივთის გადაგდების წინააღმდეგი იყო.

„მან შემთხვევით მიარტყა თავი კედელს,“ – უთხრა პოლიციელებს ჩვენების მიცემის დროს ბრალდებულის ძმამ, რომელიც ამ კონფლიქტის თვითმხილველია. ოჯახში ძალადობას კიდევ ერთი თვითმხილველი ჰყავს – ბრალდებულის დედა. მან გამომძიებლებს არ დაუმალა, რომ შვილმა ჩაარტყა თავი მამას.

დავით წ. სასამართლოს 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ ჰყავს გათავისუფლებული, მას ადვოკატი არ ჰყავს. გირაოს პატიმრობით შეცვლა დღევანდელ პროცესზე პროკურორს არ მოუთხოვია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: