მთავარი,სიახლეები

არასამთავრობოები ეკა ლალიაშვილის განცხადებას დისკრიმინაციულად აფასებენ

05.11.2018 • 1625
არასამთავრობოები ეკა ლალიაშვილის განცხადებას დისკრიმინაციულად აფასებენ

ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ „ტაქსის მძღოლი არ უნდა იყოს ნასამართლევი და საშიში საზოგადოებისთვის”.

განცხადებას პატიმრებისა და ყოფილი პატიმრების საკითხებზე მომუშავე 24 არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება. აღნიშნული ორგანიზაციები პენიტენციური და პრობაციის სისტემის რეფორმის ალიანსში არიან გაერთიანებული. პატიმართა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეკა ლალიაშვილის განცხადებას დისკრიმინაციულად მიიჩნევენ. მათი აზრით, მსგავსი განცხადებები აძლიერებს სტიგმას ყოფილი პატიმრების მიმართ, მაშინ, როცა კვლევების მიხედვით, დასაქმება უჭირთ არამხოლოდ ყოფილ პატიმრებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც კი.

ეკა ლალიაშვილის განცხადებას ეხმაურება დემოკრატიის ინსტიტუტიც, რომელიც წელიწადნახევარზე მეტია ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს ახორციელებს.

„როდესაც ქვეყანაში სახელმწიფოს ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროგრამები, რომელთა მთავარი მიზანი კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაციის, დასაქმების ხელშეწყობაა, მიგვაჩნია, რომ მსგავსი შინაარსისა და ყოველგვარ არგუმენტს/დასაბუთებას მოკლებული განცხადებები საფრთხის შემცველია და აძლიერებს ნასამართლევი პირების მიმართ საზოგადოებაში სტიგმატური და არასწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. მსგავსი შეფასებებით საზოგადოებასა და დამსაქმებელს პირდაპირ მივანიშნებთ, რომ ნასამართლევი პირი არის საშიში და მათი დასაქმება საფრთხის შემცველია. ეს, ჩვენი შეფასებით, არის არასწორი და დისკრიმინაციული დამოკიდებულება”, – ნათქვამია განცხადებაში.

დემოკრატიის ინსტიტუტის, ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის კოორდინატორი, ნინო ხაჩიძე აცხადებს, რომ ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციაზე ორიენტირებულ ამ პროექტში ჩართულ ბენეფიციართა უმრავლესობა სწორედ ტაქსით მომსახურების სფეროშია დასაქმებული.

„ბათუმელებთან“ ეკა ლალიაშვილიმა განმარტა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დისკრიმინაციულად შეფასებულ მის განცხადებაში, ის მძიმე და განსაკუთრებულად მძიმე მუხლებისთვის ნასამართლევ პირებს გულისხმობდა, თუმცა საჯაროდ გამოქვეყნებულ განცხადებაში ეს არ იყო დაკონკრეტებული. „ბათუმელების“ კითხვაზე, ეყრდნობოდა თუ არა მისი განცხადება ყოფილი პატიმრების შესახებ რაიმე კვლევას ან ყოფილ პატიმართა საკითხებზე მომუშავე რომელიმე ორგანიზაციისგან, დანაშაულის პრევენციის ცენტრისგან გამოთხოვილ სტატისტიკას, ეკა ლალიაშვილი პასუხობს, რომ ყოფილ პატიმრებთან დაკავშირებული რაიმე ტიპის კვლევა არც ორგანიზაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ უწარმოებია და არც არავისგან გამოუთხოვიათ სტატისტიკა.

„ევროპის ქვეყნებში მოქმედებს ეს მოდელი და აქაც მსგავსი რეფორმის გატარებას ვგეგმავთ. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი ზუსტად, საკითხი დამუშავების პროცესშია, თუმცა განვმარტავ წინასწარ, რომ ტაქსის მძღოლობისას შეზღუდვა შეეხება მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევ პირებს“, – აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

ნინო ხაჩიძე მბობს, რომ თუნდაც მძიმე და განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულის გამო ნასამართლევი ყოფილი პატიმრების მიმართ აკრძალვის შემთხვევაშიც, საკითხი მაინც ექვემდებარება განხილვას:

„თუ ადამიანმა რამდენიმე წელი გაატარა საპატიმროში, გამოისყიდა დანაშაული და რეაბილიტაცია გაიარა წარმატებით, გამოდის, რომ ის მაინც საშიშია საზოგადოებისთვის? ეს ნიშნავს, რომ ყველა სარეაბილიტაციო პროგრამა, სახელმწიფოსა თუ არასამთავრობოების მიერ განხორციელებული,~ ყველა რესურსი, რაც ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციაზე, დასაქმების ხელშეწყობაზე იხარჯება, ამაოა და უმნიშვნელო.

ეს რომ ყოფილიყო სტატისტიკაზე, კვლევებზე დაფუძნებული განცხადება, რომელიც აჩვენებდა, რომ დანაშაულის ჩამდენ ტაქსის მძღოლთა დიდი ნაწილი წარსულში ნასამართლევი იყო მძიმე დანაშაულისთვის, გასაგები იქნებოდა განცხადების საფუძველი, მაგრამ მინიმუმ სასჯელაღსრულების სამინისტროსგანაც თუ არ მიგიღია კონსულტაციები, მსგავსი განცხადებები ყოფილ პატიმართა პრობლემების მიმართ ზედაპირული მიდგომის მანიშნებელია და ძალიან საშიში და საზიანოა ყოფილი პატიმრებისთვის. მათ სტიგმის გამაღრმავებელი ასეთი განცხადებების გარეშეც საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ და უჭირთ რესოციალიზაცია, დასაქმება“, – ამბობს ნინო ხაჩიძე.

პენიტენციური და პრობაციის სისტემის რეფორმის ალიანსში აცხადებენ, რომ მტკიცებულებების და კვლევის გარეშე მსგავსი განცხადებები ნაადრევია და რჩება შთაბეჭდილება, რომ განცხადების ავტორს არ ჰქონია შეხება ყოფილი პატიმრების სარეაბილიტაციო საკითხებთან. ალიანსში მიიჩნევენ, რომ სწორედ ამიტომ საჭიროა პატიმართა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო კავშირი, მოლაპარაკებები და შეთანხმებები კონსენსუსის მისაღწევად.

ყოფილ პატიმართა საკითხებზე მომუშავე, ალიანსში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები მზაობას გამოხატავენ, ჩაერთონ ტაქსების რეფორმის პროცესში და კონსულტაციები გაუწიონ დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს, რათა ტაქსების სფეროს რეფორმა არ მოხდეს მოწყვლადი ჯგუფების უსაფუძვლო დისკრიმინაციის ხარჯზე.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ()იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: