მთავარი,სიახლეები

პაციენტი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს

04.11.2018 • 7478
პაციენტი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვირიკეში მცხოვრებ 33 წლის გიორგი ცეცხლაძეს რამდენიმე დღის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. გიორგი, რომელიც სოფელში დედასთან ერთად ცხოვრობს და ოჯახის რჩენას აქამდე თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე მიღებული ანაზღაურებით ახერხებდა, ახლა დიდი გამოწვევის წინაშე დგას. იგი ცდილობს თანხა შეაგროვოს და თურქეთში ჩაიტაროს გამოკვლევები.

გიორგი ცეცხლაძე ამბობს, რომ დაახლოებით თვენახევრის წინ, კისერზე დაჩირქების გამო ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმართა. იგი ამ საავადმყოფოს ქირურგს არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს:

„ჩვეულებრივმა ქირურგმა ხელი არ მოკიდა და გამიშვეს ჩირქოვან ქირურგთან. რომ ნახა ჩირქი იყო, გათეთრებული იყო ადგილი, მითხრა, 650 ლარი უნდა, რომ დაწვე საავადმყოფოში, ერთი კვირა აქ იქნები და გაგიკეთებ ოპერაციასო, ან 170 ლარი უნდა, სითხეს გამოვიღებ, დრენაჟს ჩაგისვამ და გადახვევის შემდეგ თავისუფალი იქნები, არ იქნება პრობლემაო. გადავიხადე 170 ლარი. ჭრილობა გაყინა და გახსნა, ძალიან ბევრი ჩირქი გამოვიდა. მეორე დღეს კიდევ მივედი, გახსნა, საფენი შემიცვლა და გამომიშვა. მესამე დღეს უკვე დამეწყო ხელების ტკივილი, სახსრების ტეხვა და სიცხე მომცა. რომ ჩავედი ბათუმში, ვუთხარი, რომ ტკივილი და სიცხე მქონდა. არაფერი არ არისო, მითხრა, დამატებით გამაყუჩებელი დამინიშნა და გამომიშვა, ანტიბიოტიკები ადრე ჰქონდა დანიშნული. ტკივილი აღარ გაჩერდა, იმატა და იმატა. მე-12 დღეს ჩემმა ახლობელმა ანალიზები ამაღებინა და გადააგზავნა თბილისში. ამ ექიმსაც ვუთხარი, რომ ანალიზები თბილისში გადავაგზავნე. ამაზე მითხრა კარგი, ჭრილობა უკვე კარგად არის და ახლა სხვა ექიმთან უნდა გაგიშვათო. იმ ექიმმა კი მითხრა, ჭრილობაზე ხელი არავის მოაკიდებინო, პირდაპირ წადი თბილისშიო“, – ყვება გიორგი.

თბილისში, თოდუას კლინიკაში, რამდენიმე დღის წინ გიორგის დიაგნოზი დაუსვეს. მას ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. გიორგი ამბობს, რომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებული ჩირქგროვის გაკვეთიდან თვენახევრის შემდეგაც კი მას ჭრილობიდან ჩირქი სდის.

„მე არ ვადანაშაულებ ამ ექიმს იმაში, რომ სიმსივნე დამმართა, მაგრამ მისი დაუდევრობის გამო მე მდგომარეობა გამირთულდა. გადახვეული მაქვს ყელი, ჩირქი მოდის თვენახევარია. რატომ არის ასე, თუ სწორად გაკეთდა ყველაფერი, რატომ გართულდა ჩემი მდგომარეობა სამ დღეში, რატომ მოდის ჩირქი თვენახევრის შემდეგაც? რატომ არ გამიშვა სხვა ექიმთან დროზე?

ჩემი აზრით, ეს იმიტომ მოხდა, რომ თანხა ოფიციალურად არ გადახდილა. მე ვფიქრობ, ის 170 ლარი, უბრალოდ, ჯიბეში ჩაიდო და რომ ნახა, რთულად იყო საქმე, ბიოფსია ვერ მოითხოვა, რადგან ანკეტა არ იყო ჩემზე გახსნილი. პირადობა რომ გამომართვა, გარეთ გავიდა ზუსტად ერთი წუთით და მალევე დაბრუნდა და დამიბრუნა. მესამე დღეს, ტკივილი რომ დამეწყო, მას შემდეგაც არ გამიშვა სხვა ექიმთან, არ გაუკეთებია არც ანალიზი, არც ბიოფსია. თბილისიდან რომ ჩამოვედი, დავურეკე: ასეა მდგომარეობა და ღებულობთ თქვენ თავზე თუ არა, მპატრონობთ თუ არა-მეთქი – პირდაპირ ასე ვუთხარი ტელეფონში. მითხრა, მე რაც გასაკეთებელი მქონდა, ყველაფერი გავაკეთეო. ისე გაჭრა ყელზე ჩირქოვანი ადგილი,  ანალიზი არ აუღია“.

გიორგი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში ექიმი პაციენტის მდგომარეობაზე პასუხისმგებელია. იგი ამბობს, რომ გამოკვლევების ჩატარება თურქეთში უნდა, თუმცა ამისათვის საკმარისი თანხა არ აქვს. გიორგი ამბობს, რომ ექიმისგან არ ითხოვს მთლიანად დაფინანსებას, მაგრამ  მიიჩნევს, რომ გარკვეული მატერიალური პასუხისმგებლობა ასეთ შემთხვევაში ექიმმა თავის თავზე უნდა აიღოს.

„ახალგაზრდა ადამიანი ვარ, ბევრი შემთხვევა ყოფილა ჩემს ახლობლებში, რომ აქ დასმული დიაგნოზი არ დასტურდება თურქეთში. სანამ ვიცოცხლებ, ვიფიქრებ, რომ მე რომ თურქეთში წავსულიყავი, იქნებ ეს დიაგნოზი არ ყოფილიყო…. ამიტომ მინდა, რომ წავიდე.“

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი ეთერ იფშირაძე ამბობს, რომ გიორგი რთული მდგომარეობა ესმის, მაგრამ მისი მიზეზით პაციენტის მდგომარეობა არ გართულებულა:

„გიორგი ცეცხლაძე მოვიდა კისერზე დაჩირქებული პროცესით და ჩვენების შესაბამისად ჩაუტარდა ამბულატორიული ჩარევა – გაკვეთა-დრენირება. ამას არაფრით არ შეიძლება ან პროვოცირება მოეხდინა იმ დაავადების, რომელიც ამ წუთას მას აქვს და არც მის წარმოქმნაში არ მიუძღვის არანაირი წვლილი. პირიქით, ჩემი ჩარევა იყო ჩვენება იმისთვის, რომ არ განვითარებულიყო სეფსისი. ყველა კოლეგა დამეთანხმება ამაში. თუ ეჭვი აქვს, რომ ჩემს ჩარევას შეეძლო ეს გამოეწვია, მიმართოს უნდა შესაბამის უწყებას – რეგულაციების სამსახურს [სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო], რომელიც გამოავლენს თუ რა მოხდა, რა იყო და ა.შ. არ ვიცი მას ამის სურვილი აქვს თუ არა, პირდაპირი წესით გადმოდის შანტაჟზე.

ჩირქგროვა სადაც არის, იქ არ კეთდება ბიოფსია. გიორგი ნამყოფი იყო ჰემატოლოგთან ჩემამდე ერთი თვით ადრე. იმ ანალიზში, რომელიც ჩემთან გაუკეთდა – სისხლის კლინიკური ანალიზი, აბსოლუტურად არანაირი ცვლილება არ არის, რომელიც მიანიშნებს ჰემატოლოგიურ პათოლოგიაზე.  ამას სჭირდება კიდევ დამატებითი კვლევები, რომელიც მას ერთი თვის განმავლობაში უტარდებოდა ქალაქ თბილისში.

მე მესმის გიორგის აღელვების, მისი განცდების, ეს სერიოზული პათოლოგიაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ის, რომ ამ ჩარევას შეეძლო ამ დაავადების პროვოცირება, არასწორია. დღეში მინიმუმ ხუთი პაციენტი მყავს, რომელთაც უვითარდებათ მსგავსი ჩირქგროვები სხვადასხვა ადგილზე, იმიტომ რომ იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ და მე ვაკეთებ ჩარევას. ეს არანაირი უკუჩვენება არ არის, პირიქით, სეფსისი რომ არ განვითარდეს, უნდა გაიკვეთოს და გამოშვებული უნდა იქნას ჩირქი“, – ამბობს ეთერ იფშირაძე „ბათუმელებთან“. იგი ამბობს, რომ ამ საქმის კურსშია საავადმყოფოს დირექტორიც და ჯანდაცვის მინისტრიც.

იგი მისი მხრიდან გიორგის მკურნალობის დაფინანსების საკითხს შეუძლებლად მიიჩნევს: „ასეთი რამ არ ხდება ბუნებაში. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა აფინანსებს ამ დაავადებას, მაგრამ მას უნდა თურქეთში წასვლა“.

ეთერ იფშირაძე ასევე აღნიშნავს, რომ პაციენტის ისტორიაში დევს გიორგის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი ჩეკიც.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ სდის გიორგის ჩირქი ამ დრომდე ჭრილობიდან, ქირურგი ამბობს, რომ ამაში უცნაური არაფერია: „სადაც არის ჩირქი, უნდა გამოვიდეს. მყავს პაციენტები, რომელთაც უკეთებენ ჯირკვლებზე ოპერაციას თბილისში, გზადაგზა ხდება ასეთი დაჩირქებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, რომელსაც ვუკეთებ მე ოპერაციას“.

გიორგი კი ამბობს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გახსნილი მისი ავადმყოფობის ისტორია აქამდე მას არ უნახავს და ამბობს, რომ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოსაც მიმართავს. ახლა იგი საჭირო კვლევებისთვის თანხის შეგროვებას ცდილობს და ყველას, ვისაც მისი დახმარება შეუძლია, თანადგომას სთხოვს.

_________

მთავარ ფოტოზე: გიორგი ცეცხლაძე. კადრი ნიკოლოზ ცეზარიშვილის მიერ მომზადებული ვიდეოსიუჟეტიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: