მთავარი,სიახლეები

სოცაგენტის ხელფასი თვეში 100 ლარია, დირექტორის კი 5116 – სოციალური უსამართლობა სოცსააგენტოში

02.11.2018 • 8271
სოცაგენტის ხელფასი თვეში 100 ლარია, დირექტორის კი 5116 – სოციალური უსამართლობა სოცსააგენტოში

მომავალი წლიდან 16-წლამდე ბავშვები, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ, 50-ლარამდე დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ დღეს, 2 ნოემბერს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა. პრემიერი და ხელისუფლება ჯერ არ საუბრობს სოციალურ მუშაკებზე, რომლებმაც, პირველ რიგში, უნდა იზრუნონ ამ ბავშვების დაცვაზე. სოციალური აგენტის ხელფასი თვეში ისევ 100 ლარია, სოციალური მუშაკის – 800 ლარი, სააგენტოს დირექტორის კი – 5 116 ლარი.

სახელმწიფოში სოციალურ დაცვაზე პასუხისმგებელი უშუალო ორგანო სოციალური მომსახურების სააგენტოა, თუმცა თუკი ამ უწყების ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურებას გაეცნობით, ნახავთ, რომ სოციალური უსამართლობა აქედან იწყება.

80 ლარი ხელფასი – რატომ ტოვებენ სოციალური აგენტები ხულოში სამსახურს“ – ეს სტატია „ბათუმელებმა“ 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა. სტატიაში საუბარია ვაკანსიებზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს განყოფილებაში. მიზეზი მარტივია: დაბალი ანაზღაურების გამო სოციალურ აგენტად მუშაობა არ სურთ.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ აგენტის ხელფასი სტანდარტულია ქვეყანაში და ის 100 ლარს შეადგენს. ამას ემატება 6 ლარი თითო შევსებული დეკლარაციისთვის. სოციალური აგენტებს თვეში დაახლოებით 400-500 ლარი გამოსდით შრომის ანაზღაურება.

მიზერული გასამრჯელოს გარდა, სოციალურ აგენტებს, რომლებსაც ყოველდღიურად სოფლიდან სოფელში უწევთ გადაადგილება, ტრანსპორტი არ ემსახურება. მათ არც მგზავრობის ხარჯს უნაზღაურებს ვინმე. შესაბამისად, საკუთარი შემოსავლების დიდი წილს გადაადგილებაში ხარჯავენ.

სოციალური აგენტები ოჯახების სოციალურ მდგომარეობას აფასებენ სპეციალურად შერჩეული კითხვარების მეშვეობით. სააგენტოს ასევე ჰყავს სოციალური მუშაკები, რომლებიც, ძირითადად, ძალადობის მსხვერპლ ქალებთან, ასევე ბავშვებთან მუშაობენ. ამ განყოფილების თანამშრომლებს თბილისში 850 ლარს უხდიან, რეგიონებში – 800 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ უფროსი სოციალური მუშაკის ანაზღაურებაა განსხვავებული და იგი 1 000 ლარია.

სოციალური მუშაკების მძიმე სამუშაო პირობებზეც წერდა „ბათუმელები“, თუმცა მათთვის ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. სტატიაში „ზრუნვა ცარიელი ხელებით“ ჩანს, რომ თითოეული სოციალური მუშაკის ხელში ბათუმში დაახლოებით 60 საქმეა. სოციალური მუშაკი შეიძლება გვიან ღამით დარჩეს საგამოძიებო ორგანოში მისასვლელი, როცა სოციალურად დაუცველ არასრულწლოვანს კითხავენ. ტრანსპორტი არც სოციალურ მუშაკს ემსახურება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების შესახებ „ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაცია ზაფხულში გამოითხოვა. მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დირექტორების მოადგილეებს თენგიზ აბაზაძესა და თამაზ მოდებაძეს 2017 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის პირველ ივლისამდე ჯამში 57 600 [თვე – 3200] ლარი აქვთ აღებული.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის კიდევ ერთი მოადგილის – კობა სონღულაშვილის შრომის ანაზღაურებამ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში 50 406 ლარი შეადგინა.

თამაზ მოდებაძე

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობას კი თამაზ მოდებაძე ასრულებს, რომელიც მანამდე დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. თამაზ მოდებაძის მიერ შევსებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, მან 2017 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჯამში 61 400 ლარი აიღო [თვე 5116 ლარი].

„ბათუმელებისთვის“ სააგენტოდან მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, თამაზ მოდებაძის საშუალო თვიური ანაზღაურება 3 200 ლარი გამოდის, დეკლარაციის მიხედვით კი – 5 116. ამ სხვაობის შესახებ განმარტება სააგენტოში ვითხოვეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ ორშაბათამდე პასუხს ვერ მივიღეთ.

სააგენტოს ასევე ვთხოვეთ კომენტარი სხვაობაზე, რომელიც რიგით სოციალურ მუშაკებს აქვთ მათ უფროსებთან შედარებით – ამ კუთხითაც სააგენტო კომენტარს ორშაბათისთვის დაგვპირდა.

საჯარო ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურებაზეც გამოვითხოვეთ. ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის პირველ ივლისამდე სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსმა თემურ ქარცივაძემ 29 636 ლარი მიიღო [თვე 1646 ლარი]. თემურ ქარცივაძეს სამი მოადგილე ჰყავს. წელიწად-ნახევრის განმავლობაში შაქრო ჯაფარიძეს და ზაირა მელაძეს ერთნაირად მიუღიათ ანაზღაურება – თითოეულს 21 600 ლარი, რუსუდან ბოლქვაძეს კი – 21 405 ლარი.

„ეს აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლებისთვის სოციალური დაცვა არ არის პრიორიტეტი“, – მიიჩნევს სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე. ის რამდენიმე შემთხვევას იხსენებს, როცა სოციალურ მუშაკებს დაემუქრნენ, ან ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„მათ აქვთ ძალიან მძიმე სამუშაო გარემო. ჩვენ გვინახავს კიდეც ფაქტები, როცა მათ დასკვნის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაემუქრნენ…. იგივეა სოციალურ აგენტზე, რომელიც სიღარიბის კუთხით ავსებს დეკლარაციას. თუკი მოქალაქე გაასაჩივრებს, სოციალური აგენტს მოეთხოვება პასუხი. პასუხი ყველა შემთხვევაში მოეთხოვებათ დაბალი რანგის თანამშრომლებს და არა ხელმძღვანელობას, რომლებსაც 10-ჯერ და 15-ჯერ უფრო მაღალი შრომის ანაზღაურება აქვთ. ჩემი აზრით, სოციალური მუშაკის სტატუსი გათანაბრებული უნდა იყოს საჯარო მოხელის სტატუსთან,“ – გვითხრა ირაკლი კუპრაძემ.

როგორ ზიანდება სოციალური დაცვის პროცესი, როცა უსამართლობის განცდა თავად სოცმუშაკს აქვს? – ირაკლი კუპრაძის დაკვირვებით, სოციალური სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირებს უხდიან მაღალ ხელფასს, რადგან მათ პოლიტიკური დავალების შესრულება უწევთ, დაბალი რგოლი კი არავის ანაღვლებს.

„ყველა ვხედავთ, რომ არჩევნების წინ სოციალურად დაუცველების კატეგორია იმატებს, არჩევნების შემდეგ იკლებს… სოციალური აგენტი მიზერულ ანაზღაურებას იღებს, მაგრამ ხშირად ისიც იძულებულია კონკრეტულ პრობლემებზე დახუჭოს თვალი. ამ დაბალი ანაზღაურების გამოა შემდეგ ბევრი პრობლემა, რაც სოციალური დაცვის საკითხებს უკავშირდება. დაბალი შემოსავლების გამო სოციალური აგენტობა კვალიფიციურ კადრებს ნაკლებად სურთ. მათ, სამწუხაროდ, სხვა ალტერნატივა არ აქვთ, თორემ ადამიანს ამ პირობებში შეუძლებელია 100-ლარიანი სამუშაო მოუნდეს,“ – გვითხრა ირაკლი კუპრაძემ.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: