დარჩება თუ არა ბათუმს მწვანე ზონა – საკრებულოს მრჩეველთა საბჭო მერიისგან პასუხს ითხოვს

„იქნებ ჩვენც გვინდა, რომ შემოვიდეს შენიშვნები, რატომ ფიქრობთ, რომ ვმალავთ რაღაცას?“ – ამ კითხვით ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა, მირიან მეტრეველმა საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს, კონკრეტულად კი, საბჭოს წევრს, ნინო ინაიშვილს მიმართა. მანამდე ნინო ინაიშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ ბათუმის მერიამ, საკრებულოსთან ერთად, მწვანე კონცხზე სამშენებლოდ გამიზნულ მიწის ფართობს ისე შეუცვალა ზონის სტატუსი, რომ დაინტერესებულმა მხარემ ამის შესახებ არაფერი იცოდა, შესაბამისად, ვერც ამ თემის განხილვაში ჩაერთო გადაწყვეტილების მიღებამდე.

მერიაში ამტკიცებენ, რომ პროექტის საჯაროობის მიზნით კანონმდებლობის მოთხოვნა დააკმაყოფილეს და მასალები მერიის ვებგვერდზე ატვირთეს, ასევე გამოაქვეყნეს გაზეთ „აჭარაში“.

როგორც „სამოქალაქო საბჭოში“, ასევე ორგანიზაცია „ბათომში“, რომლებიც ქალაქმშენებლობის საკითხებზე მუშაობენ, მიიჩნევენ, რომ ინფორმაციის საკრებულოს ვებგვერდზე ატვირთვა და გაზეთ „აჭარაში“ გამოქვეყნება საკმარისი არ არის და მერიამ ასეთი პროექტების საჯარო განხილვა უნდა უზრუნველყოს.

დისკუსია ამ თემაზე საბჭოს წევრებსა და მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე შედგა, სადაც კიდევ ერთხელ განიხილეს მწვანე კონცხზე დაგეგმილი ოცდარვასართულიანი, მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის დასაშვებობა-არდასაშვებობის საკითხი.

სამოქალაქო საბჭოს წევრები ამტკიცებენ, რომ  სარეკრეაციო ზონის სტატუსის შეცვლა მწვანე კონცხზე, შესაძლოა მომავალში ტენდენციად იქცეს.

„მთელ მსოფლიოში ცდილობენ სარეკრეაციო ზონები გააფართოვონ, ჩვენ ამ ზონებს რატომღაც ვიღაცის ხუშტურზე გადავაკეთ-გადმოვაკეთებთ, თუ უნდა ვიღაცას აშენება, ააშენებს. ყველაფერი კანონის ფარგლებშიაო, კანონებს წერენ ადამიანები, რომლებიც შემდეგ, როგორც უნდათ, ისე გადაწერენ. კანონი არ უნდა იწერებოდეს  ვიღაცისთვის ან რაღაცისთვის. სარეკრეაციო ზონა თუა, ვერ უნდა შეეხოს ვერავინ“, – განაცხადა საბჭოს წევრმა, ზურაბ ჩიხლაძემ შეხვედრაზე.

რთულია ზუსტად იმის გარკვევა, რამდენად მისაწვდომია მერიის ვებგვერდზე [არა მთავარ გვერდზე] გამოქვეყნებული, პროფესიული ტერმინოლოგიით მომზადებული მასალების გააზრება მოსახლეობისთვის. მით უმეტეს, რომ ამ მასალებში მოცემული ინფორმაცია ფეისბუქზე მერიამ ისე არ გაავრცელა, როგორც ეს ავტობუსის ფერის შერჩევის დროს გააკეთა.

კითხვას, თუკი მერიამ შეძლო ავტობუსის ფერის შერჩევა მოქალაქეების ასე თუ ისე ჩართულობით, რატომ არ გააკეთა იგივე მწვანე კონცხზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით? – მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მხოლოდ ღიმილით უპასუხა.

არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელებმა, მირიან მეტრეველმა და მამუკა რამიშვილმა აქცენტი გააკეთეს იმაზეც, რომ რთულია უარის თქმა, როცა პირი საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ითხოვს და მიიჩნევს, რომ საკუთარ ტერიტორიაზე მშენებლობას ვერავინ დაუშლის, ან იმ შემთხვევაში, როცა კონკრეტული ნაკვეთი მთავრობამ ამ ადგილზე მშენებლობის პირობით გაასხვისა და მერიას არაფერი არ ჰკითხა,

„რა ვუთხრა მე ასეთ ადამიანს?“ – იკითხა მირიან მეტრეველმა შეხვედრაზე.

მერიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმაზეც, რომ ზონის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ბათუმის საკრებულო და არა მერია:

„ჩვენ არ შეგვიცვლია არაფერი. ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას, კი არ ვაბრალებთ არავის, მაგრამ სულ იმის თქმა ტელევიზიებში, რომ არქიტექტურამ რაღაც შეცვალა და ასე შემდეგ, არასწორია“.

დაახლოებით ორსაათიანი დისკუსიის შემდეგ, სამოქალაქო საბჭოს წევრები და მერიის წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ, უნდა აშენდეს თუ არა მწვანე კონცხზე 28-სართულიანი შენობა.

საბჭომ ვერ მიიღო პასუხი, რატომ არ შეიძლება მშენებლისთვის უარის თქმა, თუ მისი სურვილი რეგულაციებს მიღმაა? შეხვედრაზე ასევე იყო რიტორიკული კითხვები – დარჩება თუ არა ბათუმს საერთოდ რეკრეაციული ზონა, თუ ყველა მშენებლის სურვილის გაითვალისწინებს საკრებულო და მას სტატუსს შეუცვლის? პასუხგაუცემელი დარჩა ასევე კითხვა, მაშინ საერთოდ რა საჭიროა სარეკრეაციო ზონები და რეგულაციები?

შეხვედრას სამოქალაქო საბჭოს თავმჯდომარე კახა გუჩმანიძე უძღვებოდა.

შეხვედრა საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი