მთავარი,სიახლეები

ცოლის ცემაში ბრალდებული კაცი სიდედრმა მკაცრი სასჯელისგან იხსნა

02.11.2018 • 1936
ცოლის ცემაში ბრალდებული კაცი სიდედრმა მკაცრი სასჯელისგან იხსნა

„არანაირ კონფლიქტს არ ჰქონია ადგილი,” – მოკლედ უთხრა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ბრალდებული გ. რ.-ს სიდედრმა. იგი ცოლ-ქმარს შორის ჩხუბის ერთადერთი მოწმეა.

შემთხვევა 8 მაისს ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. გამოძიების ვერსიით, ქმარმა ცოლს სიდედრის კუთვნილ კაფეში, დედის თვალწინ სცემა. დაზარალებულმა ქალმა იმ ღამით 112-ზე დარეკა და შველა ითხოვა.

გ. რ. აქამდეც არის გასამართლებული ოჯახში ძალადობისთვის. ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

სიდედრის ჩვენების მიხედვით, სიძე კაფეში ნამდვილად მივიდა 8 მაისის საღამოს, მაგრამ მათ „მხოლოდ მშვიდი საუბარი ჰქონდათ, მეტი არაფერი”.

სასამართლოს ჩვენება საერთოდ აღარ მისცა დაზარალებულად ცნობილმა ქალმა. მანამდე, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში კი, ქალმა აღწერა, როგორ სცემა ის მეუღლემ.

დასკვნით სიტყვაში პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ დარბაზში მჯდომ სიდედრს გახედა და თქვა, რომ ახალი გამოძიება უკვე დაიწყო.

„ჩვენების შეცვლას ჰქონდა ერთადერთი მიზანი – პასუხისმგებლობისგან თავის არიდება. ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება,” – აღნიშნა პროკურორმა.

პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბრალდებული ცოლზე ძალადობისთვის უკვე გასამართლებულია და დანაშაულის ჩადენის დროს იგი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

„ერთი პირდაპირი მტკუცებულებაც კი არ არის წარმოდგენილი,“ – მიმართა პროკურორს ადვოკატმა ირაკლი აბაშიძემ.

ადვოკატი დასკვნით სიტყვაში ექსპერტის ჩვენებასაც დაეყრდნო.

„მას დაცვის მხარემ ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა დაზარალებულს დაზიანებები მიეღო, მაგალითად, რამეზე შეჯახებით. ექსპერტმა ეს არ გამორიცხა,” – თქვა ადვოკატმა.

პროკურორმა კი 112-ზე 8 მაისის ღამით შესულ შეტყობინებაზე ისაუბრა.

„112-ის ოპერატორი ავსებს ამ დროს სპეციალურ ფორმას. დაზარალებულმა ოპერატორს უთხრა, რომ მასზე ქმარმა იძალადა… იგივე უთხრა დაზარალებულმა ექსპერტს,” – აღნიშნა პროკურორმა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქალს თავის არეში სისხლნაჟღენთები ჰქონდა.

სიდედრის ნათქვამი გაიმეორა სიძემაც გისოსებიანი გალიიდან:

„არანაირ კონფლიქტს არ ჰქონია ადგილი”… შემდეგ კი დაამატა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და მოძალადე არ არის.

„სასამართლო იზიარებს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას,” – მიმართა მხარეებს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა. მან ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ასევე, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 400 საათით.

„შეგიძლიათ ისარგებლოთ შეწყალების უფლებით,“ – უთხრა მოსამართლემ მსჯვარდებულს დარბაზის დატოვებამდე.

„რატომ დაურეკა ქალმა პოლიციას, თუკი კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია?“ – ჰკითხა „ბათუმელებმა“  მსჯავრდებულის სიდედრს, დაზარალებული ქალის დედას, პროცესის დასრულების შემდეგ.

„არ მინდა მაგაზე ლაპარაკი, ცუდად ვარ…“ – გვითხრა მან. დუმილი არჩია ისევ მსჯავრდებულის მეუღლემ. მან უხმოდ დატოვა სხდომათა დარბაზი.

გ. რ. დაახლოებით ერთ თვეში გამოვა ციხიდან. 5 თვე იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: