განათლება,მთავარი,სიახლეები

„ყველაფერი დამოკიდებულია მასწავლებელზე“ – როგორ ისწავლება სკოლებში ქიმია და ფიზიკა

02.11.2018 • 3381
„ყველაფერი დამოკიდებულია მასწავლებელზე“ – როგორ ისწავლება სკოლებში ქიმია და ფიზიკა

საჯარო სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვის პროცესი 2010  წელს დაიწყო პროექტ „აინშტაინის“ ფარგლებში. პირველ წელს ლაბორატორიები 150 სკოლისთვის შეიძინეს. ერთი ლაბორატორიის ღირებულება 13 800 ლარი იყო. სკოლებს ლაბორატორიები გადასცეს ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის გაკვეთილების ხარისხის ამაღლების მიზნით, თუმცა სკოლები არ მარაგდებოდა ექსპერიმენტებისთვის საჭირო რეაქციებით და სხვა მასალებით, რის გამოც ლაბორატორიები, ფაქტობრივად, გამოუყენებელი იყო.

პირველ ეტაპზე ორ მილიონზე მეტი ლარი  დაიხარჯა ლაბორატორიების შესაძენად. სკოლების აღჭურვის პროცესი შემდეგ წლებშიც ეტაპობრივად გრძელდებოდა. თუმცა,წინა წლებშიც და ახლაც სკოლებში გვეუბნებიან, რომ მწირი ბიუჯეტის გამო ისინი ვერ ახერხებენ ექსპერიმენტების ჩატარებას.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა მაღალი სტანდარტის საგაკვეთილო პროცესს ითხოვს, სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ხარისხი დღემდე ვერ ამაღლდა. რამდენი ლარი სჭირდებათ სკოლებს წლის განმავლობაში ექსპერიმენტებისა და სხვა სასწავლო რესურსების შესაძენად და სწვდება თუ არა სკოლის ბიუჯეტი მოთხოვნებს?

ბათუმის მე-13 საჯარო სკოლის დირექტორი დავით ჩხაიძე ზუსტ ციფრებზე არ გვესაუბრება, თუმცა ამბობს, რომ რადგან ექსპერიმენტების მატერიალურად ჩატარება ძვირია, სკოლა ვირტუალურ  ექსპერიმენტებს მიმართავს.

„ჩვენ შევიძინეთ ეკრანი, პროექტორი, გვაქვს კლასში კომპიუტერები და მასწავლებელი იყენებს უფასო ვირტუალურ ლაბორატორიებს“.

დირექტორი ამბობს, რომ ძვირია ბეჭდური რესურსები, რომლის ხარისხიც ხშირად დაბალია. „ამიტომ, გუგლში შეგვიძლია უკეთესი ხარისხის რუკაც მოვიძიოთ და სხვა თვალსაჩინოებაც“.

დირექტორი ამბობს, რომ ამ რესურსებზე ბავშვებს და მასწავლებლებსაც ხელი მიუწვდებათ და ის ფორმალური არ არის.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერი მასწავლებელზეა დამოკიდებული. მყავს მასწავლებელი, რომელიც აზუთხინებს მოსწავლეებს ფორმულებს, თუმცა მყავს ისეთიც, რომლის გაკვეთილი არის ინტერაქტიული და ყველა მოსწავლე ჩართულია პროცესში.

ვიყიდე ჭადრაკის ელექტრონული დაფა, დავსდევ ფიზკულტურის მასწავლებელს და ვეხვეწები გამოიყენოს, რომ ფიზკულტურის გაკვეთილი უფრო მრავალფეროვანი გახადოს, მაგრამ არ იყენებს. იმის თქმა მინდა, რომ ის რესურსი, რაც ინტერნეტში არსებობს, 80 პროცენტიც რომ იყოს გამოყენებული მასწავლებლების მიერ, სწავლის ხარისხი უკეთესი გვექნება“.

მე-5 საჯარო სკოლაში გვეუბნებიან, რომ გასულ და მიმდინარე წელს, სასწავლო რესურსებისთვის სკოლის ბიუჯეტში 400 ლარია გამოყოფილი. ამ თანხით უნდა შეიძინონ რეაქტივები. დირექტორი მერაბ ხარჩილავა ამბობს, რომ მის სკოლაში ქიმიის ლაბორატორია აქვთ, სხვა საგნებში ძველი, მაგრამ საკმაოდ შემონახული ლაბორატორიები აქვთ. „ქიმიის მასწავლებელი მყავს ძალიან ძლიერი, თვითონ აკეთებს ექსპერიმენტებს და ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. წელს ფართობის პრობლემაა, რადგან რემონტის გამო სხვა სკოლაა ჩვენთან შემოხიზნული. მომავალი წლიდან კი გვინდა ბიოლოგიას ცალკე კაბინეტი გავუკეთოთ“.

დირექტორის თქმით, იმისათვის, რომ სკოლის ლაბორატორიებში წლის განმავლობაში ელემენტარული ექსპერიმენტები გაკეთდეს, 5 ათასი ლარი მაინცაა საჭირო. „ნაწილ-ნაწილ შეიძლება შეძენა და ლაბორატორიების გაუმჯობესება“, – გვეუბნება ის.

მე-11 საჯარო სკოლის დირექტორის მანანა მიქელაძის თქმით, წლის განმავლობაში სკოლა ცდილობს ლაბორატორიების რესურსი გააუმჯობესოს, თუმცა სრულყოფილებამდე ბევრი აკლიათ. „ქიმიური ნივთიერებები არ გვაქვს და ვერც შევიძენთ, რადგან მათ გამოყენებას უსაფრთხოების წესების დაცვა სჭირდება. არცერთ სკოლაში არ არსებობს გამწოვი კამერები, რომელიც აუცილებელია ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარების დროს.  ფიზიკისთვის, გეოგრაფიისთვის ტაბულები ვიყიდეთ, ვცდილობთ ნელ-ნელა შევმატოთ რაღაც, მაგრამ ყველა საჭიროებას სკოლა ვერ წვდება“.

დირექტორის თქმით, სახელმწიფო სტანდარტებს ითხოვს, თუმცა სკოლის შესაძლებლობები გათვალისწინებული არ არის. „სახანძრო სამსახური მოვიდა და სტანდარტი მომთხოვა. სახანძრო უსაფრთხოება რომ გავმართო, მაგას მთელი სკოლის ბიუჯეტი არ ეყოფა. სანიტარული სამსახური თავის სტანდარტს ითხოვს. მარტო საბუნებისმეტყველო საგნების სასწავლო რესურსი რომ შევიძინოთ, სკოლის ბიუჯეტის 3-4 პროცენტია საჭირო, ამიტომ სწავლება უფრო თეორიულად მიდის“.

მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი კი საპირისპიროს გვეუბნება. მისი თქმით, სკოლას ყველა საჭირო მოთხოვნისთვის გააჩნია ბიუჯეტი. „მასწავლებელი რასაც მეუბნება, იმ მასალას ვყიდულობთ და ვაძლევთ. თვითონ იყენებს გეგმის მიხედვით“.

მე-14 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი ნუკრი კობახიძე ამბობს, რომ სკოლა ყველა ექსპერიმენტის ჩატარების საშუალებას არ იძლევა, თუმცა მასწავლებლის მონდომება ბევრს რამეს ცვლის.

„ლაბორატორიული ჭურჭელი ქალაქის ყველა სკოლას აქვს. მე მასწავლებელთა სახლშიც ვმუშაობ, სადაც მოგვმართეს სკოლებმა და მოითხოვეს რეაქტივები ექსპერიმენტისთვის. ვფიქრობ, მინიმალურ დონეზე ბევრი რამის გაკეთება შეიძლება სკოლაშიც. ბათუმის უნივერსიტეტშიც შესაძლებელია მოსწავლეების წაყვანა და ექსპერიმენტების ჩვენება. სულ ითხოვს, რომ  მიიყვანონ ბავშვები და აჩვენონ გოგირდის, ფოსფორის წვა და ა.შ. რაც მოტივაციას უზრდის ბავშვებს.

ზოგი იძახის რესურსები არ იყიდებაო. თბილისში იყიდება, არის სპეციალური მაღაზია – 110 ლარის ოთხი სახის ქიმიური რეაქტივი შევიძინე და ახლაც მაქვს. თუ ინტერესია, ყველაფერს იშოვი. პატარა თუთია, სპილენძის ნაჭერი, ტყვიის ნაჭერი რომ მოიძიო, დაასხა მარილმჟავა და აჩვენო მოსწავლეს ამის შესაძლებლობა ყველგან არის“.

კობახიძის თქმით, რთულია საკლასო ოთახში ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარება, რადგან ბევრი ბავშვია და უსაფრთხოების ზომების დაცვა რთულია. პედაგოგის თქმით, სტანდარტი ითვალისწინებს, რომ სკოლას ცალკე ჰქონდეს კლას-ლაბორატორია აღჭურვილი ყველა საჭირო მასალით და ინვენტარით. მოსწავლეები ცდებთან უნდა მუშაობდნენ სპეციალური წინსაფრებით და რეზინის ხელთათმანით. „მე ახლა ვაკეთებ ქიმიის კლუბს სკოლაში და მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ყველა სტანდარტის დაცვით იმუშაონ“.

კობახიძე ამბობს, რომ გარკვეული მასალების შეძენა საკუთარი სახსრებითაც უწევს, მაგრამ „რა ვქნა, სხვანაირად მუშაობა არ გამოდის“.

„გლიცერინი, სპირტი ვიყიდე, შაბიც ყველგან არის. ბათუმში არის აფთიაქები, სადაც გიმზადებენ გარკვეულ ნივთიერებებს და შეგიძლია შეუკვეთო. თუ მოინდომებს მასწავლებელი, ყველაფრის შოვნა შეიძლება. შესაძლებელია ინტერნეტრესურსების გამოყენებაც“.

საჯარო სკოლების, ძირითადად მაღალმთიანი სკოლების ლაბორატორიებით  აღჭურვას  აჭარის განათლების სამინისტროც აგრძელებს, თუმცა რეაქტივების და სხვა სასწავლო რესურსების პრობლემა სოფლის სკოლებშიც აქტიურად დგას.

როგორც სამინისტროში გვეუბნებიან, მუნიციპალიტეტების სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვა 2016 წლიდან დაიწყეს. თავდაპირველად ბიუჯეტში 60 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა 2018 წლისთვის ბიუჯეტი გაორმაგდა და 120 ათასზე ლარზე ავიდა. 2019 წლის ბიუჯეტში 150 ათასი ლარია გათვალისწინებული სკოლის ლაბორატორიებით აღჭურვისთვის.

სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსის, ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძის ინფორმაციით, მომავალ წელს, ლაბორატორიებისთვის დაგეგმილია პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაც, „რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლები სიმულაციური ცდების ჩატარებას შეძლებენ და აღარ იქნება საჭირო რეაქტივების ან სხვა მასალის შეძენა“.

სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ლაბორატორიების შეტანის დროს, სკოლებს პირველადი მასალებით ამარაგებენ, თუმცა შემდეგ, სკოლამ უნდა უზრუნველყოს მასალების შეძენა.

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გვეუბნებიან, რომ ღია კარის დღეების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს უნივერსიტეტის ლაბორატორიებით სარგებლობა შეუძლიათ. მთავარია, წინასწარ შეატყობინონ ადმინისტრაციას, რომ ვიზიტების შესახებ გრაფიკი გაკეთდეს.

„ჩვენ უფრო ვართ დაინტერესებული მოსწავლეების ლაბორატორიაში მუშაობით, სკოლები უფრო ნაკლებად იჩენენ აქტიურობას. მოსწავლეებს შეუძლიათ ექსპერიმენტები თვითონაც ჩაატარონ და სხვებსაც დააკვირდნენ“.

როგორც ბსუ-ს ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, მეცნიერების პოპულარიზაციისთვის  ხშირად აკეთებენ სამეცნიერო პიკნიკებს. „ბოლო პიკნიკზე 400 მოსწავლე გვყავდა. მთავარია, სკოლების მხრიდან გაიზარდოს ინტერესი, უნივერსიტეტს მოსწავლეების მიღებაზე პრობლემა არ აქვს“.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: