მთავარი,სიახლეები

„ქართულმა ოცნებამ“ აჭარა TV-ის ბორდის ახალი წევრი გასაუბრების გარეშე შეარჩია

31.10.2018 • 3391
„ქართულმა ოცნებამ“ აჭარა TV-ის ბორდის ახალი წევრი გასაუბრების გარეშე შეარჩია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის ახალი წევრი უმაღლესმა საბჭომ გასაუბრების გარეშე შეარჩია. დღეს, 31 ოქტომბერს, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მისი რჩეული გიგა ჩხარტიშვილია. კანდიდატს დეპუტატებმა კენჭი ხვალინდელ სხდომაზე უნდა უყარონ – ფარულად.

„ხომ ვიცოდით მაინც ყველამ“, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ბორდის წევრობის კანდიდატი, ნათია სირაბიძე ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას. სოციალურ ქსელში აქამდეც გამოითქვა მოსაზრება, რომ გიგა ჩხარტიშვილი „ქართულ ოცნებას“ მანამდე ჰყავდა არჩეული, ვიდრე ის კონცეფციას უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს წარუდგენდა.

„აჭარის ტელევიზიის“ ბორდის წევრებს უმაღლესი საბჭო არჩევს. ვაკანსია ბორდში ორი წლის წინ, მას შემდეგ გაჩნდა, როცა ფრაქცია „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა ზაზა ხალვაშმა ბორდი დატოვა. ორი წლის განმავლობაში უმაღლეს საბჭოს კონკურსი კანდიდატის შესარჩევად არ გამოუცხადებია.

კონკურსში მონაწილე 11 კანდიდატიდან მეორე ეტაპზე უმაღლეს საბჭოში შექმნილმა კომისიამ 6 კანდიდატი გადაიყვანა: გიგა ჩხარტიშვილი, ნათია სირაბიძე, დიანა ვაშაყმაძე, ემზარ დიასამიძე, ნერონ აბულაძე და რაულ ბერიძე. კანდიდატებმა კონცეფციებიც წარადგინეს და მათ კომისია გაესაუბრა კიდეც. დეპუტატებმა კი კანდიდატებთან უშუალო გასაუბრების გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება. ფრაქციას შეეძლო რამდენიმე კანდიდატი წარედგინა უმაღლესი საბჭოსთვის.

ბორდის წევრის არჩევას 11 დეპუტატის ხმა სჭირდება. აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართულ ოცნებას“ 14 წევრი ჰყავს.

„რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, მინიმუმ უნდა გრცხვენოდეთ. ფორმალურად მაინც გაგვსაუბრებოდით, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ… რომელიმეს თავის გასასამართლებელი რომ გქონოდათ, გაჯობა ამ კაცმა და რა ვქნათო,“ – ეს კონკურსში მონაწილე კიდევ ერთმა კანდიდატმა, ემზარ დიასამიძემ მისწერა „ფეისბუქში“ დეპუტატ ლადო მგალობლიშვილს საჯაროდ. მგალობლიშვილი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრია. ამ ფრაქციის კვოტით შევა ხვალ ტელევიზიის ბორდში გიგა ჩხარტიშვილი.

„ნებისმიერ საკითხზე შემიძლია გავაკეთო კომენტარი, ამ საკითხზე არა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლადო მგალობლიშვილმა. „ბათუმელების“ სატელეფონო შეტყობინებას არ უპასუხა ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილმაც.

ბორდის წევრობის კანდიდატი დიანა ვაშაყმაძე მიიჩნევს, რომ უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ ეჭვები გააჩინა, როცა კანდიდატებთან გასაუბრებაზე უარი თქვა.

„გასაგებია, რომ ეს იყო მათი კვოტა, მაგრამ ეს არ იყო რომელიმე ქარხნის ბორდის წევრის არჩევა. ეს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრის შერჩევა და მათივე ინტერესში უნდა ყოფილიყო ის, რომ კანდიდატებისთვის მოესმინათ. ეს იმიტომ არ გააკეთეს, რომ რისკი აიცილეს… შესაძლებელია, ჯგუფის შიგნით გამოჩენილიყვნენ ადამიანები, რომლებიც სხვაგვარად შეაფასებდნენ კანდიდატებს. კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მათ შეარჩიეს კანდიდატი, არ იყო საჯარო. თუ კრიტერიუმი იყო, მაგალითად ის, რომ ვისაც ყველაზე ბევრი ნაწერი ექნებოდა, ეს უნდა გვცოდნოდა მაშინ თავიდან. კომისიამ თქვა, რომ ჩვენ ძირითად კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებდით. საზოგადოებრივი მაუწყებლის მისამართით მიღებული ყველა გადაწყვეტილება უნდა გამომდინარეობდეს საზოგადოების ინტერესიდან. ამ მიდგომამ ბევრი ეჭვი გააჩინა. მე ბოლო წუთამდე მქონდა განცდა, რომ მოგვისმენდნენ მაინც და ისე მიიღებდნენ გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატებს მიეღოთ ინდივიდუალურად გადაწყვეტილებები და არა პარტიას,“ – გვითხრა დიანა ვაშაყმაძემ.

„ჩვენ გასაუბრება დავტოვეთ პოლიტიკური თანამდებობის პირების მიღმა,“ – ირწმუნება ნინო ჩხეტია. ისიც ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრია უმაღლეს საბჭოში. დეპუტატი განმარტავს, რომ უმრავლესობის წევრები შეთანხმდნენ შერჩევის ამ ფორმაზე და დეპუტატებმა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს. ნინო ჩხეტია თვლის, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იყო კანდიდატების მიერ წარმოდგენილი კონცეფციის გაცნობა, ასევე ის გასაუბრება, რომელიც სპეციალურ კომისიასთან შედგა და იყო საჯარო.

„ჩვენ ვარჩიეთ ნაკლები აქტიურობა კონკურსანტებთან და მეტი აქტიურობა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ჩვენ ვთქვით, რომ კარგი იქნებოდა, თუკი აქცენტი გაკეთდებოდა პიროვნებაზე, რომელიც მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელში. ასეთი რამდენიმე იყო ჩემთვის პატივსაცემი პიროვნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გიგა მუშაობს იმ პოზიციაზე, საიდანაც ყველაზე კარგად ჩანს, რა სურს მაყურებელს. ჩვენი მოთხოვნა იყო ასევე ის, რომ ეს პიროვნება არ ყოფილიყო აფილირებული რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან,“ – გვითხრა ნინო ჩხეტიამ.

გიგა ჩხარტიშვილი 2015 წლიდან მუშაობს „აჭარის ტელევიზიაში“. იგი სატელევიზიო მაუწყებლობის განვითარების სამსახურში გაყიდვების და დონორების მოზიდვის მენეჯერია.

რომელ დონორებთან დაამყარა ურთიერთობა ამ პერიოდში „აჭარის ტელევიზიამ“, ან რა გაყიდა წარმატებით აჭარის ტელევიზიამ? – ეს კითხვები გიგა ჩხარტიშვილისთვის გვინდოდა დაგვესვა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

რის გაკეთება შეძლო გიგა ჩხარტიშვილმა „აჭარის ტელევიზიაში“, რა ინფორმაცია აქვთ დეპუტატებს იმის გათვალისწინებით, რომ ბორდის წევრი კანონის მიხედვით უნდა იყოს: „საზოგადოებრივი აღიარების და ნდობის მქონე პირი“?

„რა შეძლო და რა ვერ შეძლო გიგა ჩხარტიშვილმა, ეს ჩვენი შეფასების საგანი არ არის. ჩვენი ამოცანა იყო ის, რომ ის მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელში და მას კარგად ესმის პრობლემები. ეს მის კონცეფციაშიც კარგად ჩანს,“ – გვიპასუხა დეპუტატმა ნინო ჩხეტიამ.

იყო თუ არა გიგა ჩხარტიშვილის კანდიდატურა კენჭისყრამდე შერჩეული? – დიანა ვაშაყმაძე, ბორდის წევრობის კანდიდატი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მას ადრეც ჰქონდა და ახლა ეს ეჭვები კიდევ უფრო გამყარდა.

„იყო ინფორმაცია, რომ გიგა ჩხარტიშვილი მოიაზრებოდა მათ ფავორიტად. მე, ბუნებრივია, არ მაქვს მტკიცებულება, რომ ზუსტად ვთქვა, რა იყო… თუმცა ეჭვები კიდევ უფრო გაძლიერდა, ისე წავიდა ეს პროცესი. ჩნდება რისკი, რომ ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების სანაცვლოდ, არჩეულ წევრსაც მოუწევს შემდგომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ, ვისაც გული შეგვტკივა „აჭარის ტელევიზიაზე“, ამაზე მონიტორინგს აუცილებლად განვახორციელებთ,“ – აღნიშნავს დიანა ვაშაყმაძე.

უმაღლესი საბჭოს წევრს, ნინო ჩხეტიას ასევე ვკითხეთ, იყვნენ თუ არა ამ პროცესში ჩართულები „ქართული ოცნების“ ლიდერები თბილისიდან, ასევე გოგა ხაინდრავა, რომელზეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის გიგა ჩხარტიშვილის მეგობარია და მას ლობირებს. ხომ არ მოუწია უმაღლეს საბჭოს ამ შემთხვევაში მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქციის შესრულება?

„უმაღლესი საბჭო არაა ნოტარიუსი, ჩვენ რამდენიმე კანდიდატთან დაკავშირებით გვიწევდა მსჯელობა… არ ვიცი, ვის ვისთან ჰქონდა პირადი საუბარი, მაგრამ დეპუტატებმა მივიღეთ, აზრთა სხვადასხვაობაც იყო, მაგრამ საბოლოოდ ერთიანი გადაწყვეტილება მივიღეთ, შევჯერდით,“ – გვიპასუხა ნინო ჩხეტიამ.

ბორდის წევრს 6 წლის ვადით ირჩევენ და მისი ხელფასი 2625 ლარია.

მთავარი ფოტო: გიგა ჩხარტიშვილი

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: