მთავარი,სიახლეები

რამდენიმე ათეულ ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

29.10.2018 • 1782
რამდენიმე ათეულ ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ასამდე ოჯახს სოციალური შემწეობა შეუწყდა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ინფორმაცია ამ დასახლებაში მცხოვრებმა პირებმა მოაწოდეს.

ალექსანდრე ჯაბნიძეც აღნიშნულ დასახლებაში ცხოვრობს. პენსიონერია და ოჯახში მის გარდა კიდევ ხუთი ადამიანი დარჩა სოციალური დახმარების გარეშე. სახლში ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ. ჯაბნიძე ამბობს, რომ სოციალური შემწეობა ოჯახს მეოთხე თვეა არ მიუღია. „ქულა მოვიდა მაღალი, თუმცა ოჯახში ძალიან გვიჭირს, პატარა ბავშვებიც გვყავს“.

ალექსანდრე ჯაბნიძე ამბობს, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. „შაქრიანი დიაბეტი მაქვს, წამლებისთვის ფული არ მყოფნის და ახლა ოჯახის ერთადერთი შემოსავალი, ჩემი პენსიაა“. მისი აზრით, სოციალური ქულების გადამოწმება ალბათ იმან გამოიწვია, რომ შვილიშვილები მასთან გადავიდნენ საცხოვრებლად.

სოციალური შემწეობა შეუწყდა ნანული ბოლქვაძის ოჯახსაც. ნანული ამბობს, რომ ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვია. „ბავშვები ობლები არიან, მამა არ ჰყავთ, ოჯახის შემოსავალი კი სოციალური დახმარებაა. ვერ ვიხდით გადასახადებს, არ გვაქვს შეშა. ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ“.

სოციალურ შემწეობას ვერც მანანა ბერიძე იღებს. ოჯახში მასაც მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს. მანანა ამბობს, რომ ოჯახს სხვა შემოსავლები, ფაქტობრივად, არ აქვს და მეზობლების დახმარების იმედად არის. „საჭმელი სოციალური სასადილოდან მოგვაქვს და ამით ვარსებობთ“.

მანანა ბერიძის თქმით, ქულების შედეგები ჯერ კიდევ არ არის მოსული და თუკი სოციალურ შემწეობას მაინც არ აღუდგენენ, ის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

მარინა ბერიძეც „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს, მისი თქმით, ყოფილი 25 ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების დიდ ნაწილს, სოციალური დახმარება რამდენიმე თვეა შეუჩერეს.

მარინა ბერიძის თქმით, შემწეობაშეწყვეტილ ოჯახებს გადასახადების გადახდის პრობლემები აქვთ.

„ძალიან ცუდი მდგომარეობაა, შუქის ფულის გადახდაც კი ვერ მოვახერხეთ, დავალიანებები გვაქვს დაგროვილი და, ზოგადად, მძიმე ვითარებაა“.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: