მთავარი,სიახლეები

ჟურნალისტების მიმართ აგრესიული უცნობი პირები სიებით საარჩევნო უბნებთან

28.10.2018 • 1256
ჟურნალისტების მიმართ აგრესიული უცნობი პირები სიებით საარჩევნო უბნებთან

28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებზე ბათუმის არაერთ საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებმა და დამკვირვებლებმა შენიშნეს სიებით აღჭურვილი პირები, რომლებიც საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიასთან გაჩერებულ მანქანებში სხედან და ხალხის ნაკადს აკვირდებიან. კითხვას, რომელ კანდიდატს წარმოადგენენ და რას საქმიანობენ საარჩევნო უბანთან, ისინი ან არ, ან კიდევ აგრესიით პასუხობენ.

ბარცხანის დასახლებაში მდებარე #41 საარჩევნო უბანთან დღეს TV 25-ის გადამღებ ჯგუფს უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  „ერთ-ერთი პარტიის აქტივისტი ჩვენი კამერის გამორთვას იმ დროს ითხოვდა, როცა ოპერატორი მიკროავტობუსში სიების არსებობის შესახებს კადრებს იღებდა. ირწმუნებოდნენ, რომ ისინი პანაშვიდზე მიდიოდნენ და სწორედ წამსვლელების შესახებ აგროვებდნენ ინფორმაციას“ – ავრცელებს ინფორმაციას TV 25.

დღეს იგივე ტიპის პრობლემა ჰქონდა გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტს მე-20 საჯარო სკოლაში გახსნილ #44 საარჩევნო უბანთან. ავტომობილში მყოფი პირები, ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა მათი საქმიანობით საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრესიულად მოექცნენ და დაემუქრნენ, სამართალდამცავების თანდასწრებით.

ასევე, #62 და #55 საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მდგარ მანქანასთან ხალხმრავლობა იყო, „ბათუმელების“ ჟურნალისტის კითხვას, რა სიებში ხდებოდა ამომრჩევლების შეყვანა, აგრესიით უპასუხეს და თქვეს, რომ აქ ჟურნალისტები „საინტერესო ინფორმაციას ვერ მიიღებდნენ“.

პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნებზე ე.წ. კოორდინატორების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ აგრესიული დამოკიდებულების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსიდა. გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არჩევნების გასაშუქებლად მყოფ გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტს, ჯაბა ანანიძეს, რომელიც საარჩევნო უბანთან ახლოს გაჩერებულ მანქანაში მყოფ კოორდინატორებს ესაუბრებოდა, ნუგზარ ურუშაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ მანქანის მფლობელია, ჟურნალისტს კატეგორიულად მოსთხოვა ადგილის დატოვება. „ჩემს კერძო საკუთრებასთან ახლოს ნუ მიდიხართ, ვინ გეკითხება ჩემს მგზავრებს რომ ელაპარაკებით!“ – განაცხადა მან. აღნიშნული ავტომანქანა რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფება საარჩევნო უბანთან ახლოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: