მთავარი,სიახლეები

დასრულდეს გამოუძიებელი მკვლელობები – ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია ბათუმში

27.10.2018 • 1492
დასრულდეს გამოუძიებელი მკვლელობები – ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია ბათუმში

ცოტა ხნის წინ [19:00 საათი] ბათუმში გაიმართა ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათ სურთ გაიზიარონ ზაზა სარალიძის ტკივილი და ის, რომ საქართველოში დასრულდეს მკვლელობების გამოუძიებელი ისტორიები, რომელიც მთელ საზოგადოებას ლაქად რჩება.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ასლან ჭანიძის თქმით, დაუშვებელია ზაზა სარალიძის დამნაშავედ გამოცხადება, რომელსაც ცხრა თვის განმავლობაში არ ეძლეოდა კონსტიტუციით მინიჭებული უფლების განხორციელების შესაძლებლობა.

„გაამტყუნო ადამიანი, რომელიც 9 თვის განმავლობაში სამართალს ვერ პოულობს, რომ ის არის ყველაფერში დამნაშავე და შენ არ ხარ არაფერში დამნაშავე, ძალიან უცნაურია. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ვგულისხმობ. უამრავი დაპირება მიიღეს, მაგრამ შედეგად დაიდო ის, რომ სარალიძე გამოცხადდა დამნაშავედ. სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს – როდესაც უკანონობას თესავ, ამ უკანონობის მსხვერპლი თავადაც გახდება“.

ბათუმელი ირაკლი კუპრაძე დარწმუნებულია, რომ მიუხედავად პატიმრობისა, ზაზა სარალიძე და ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილი უსამართლობას არ დანებდებიან და არც ის მოქალაქეები, რომლებიც ამ უსამართლობას ხედავენ:

„ეს პროცესი აუცილებლად გაიზრდება და ხელისუფლებას მიიყვანს იქამდე, რომ ის დაიღუპება საკუთარ ხუხულაში, მოყვება ამ ნანგრევებს შორის…“

ირაკლი კუპრაძის აზრით, საზოგადოებას საქართველოში აქვს რესურსი იბრძოლოს შვილმკვდარი მამებისა თუ საკუთარი უფლებებისთვის:

„აქციებზე, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, სამოქალაქო საზოგადოებაზე უფრო მეტად აქტიურობდნენ მარგინალური პოლიტიკური ჯგუფები, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში ამ პროცესების მართვა.

ჩვენ ახლა თუ გვყავს შვილმკვდარი მამები, წლების წინ იყვნენ დედები, რომლებიც იბრძოდნენ ტელევიზიიდან ტელევიზიაში, ქუჩიდან ქუჩაში, ერთი ინსტანციიდან მეორე ინსტანციაში და მათ მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მიაღწიეს სამართალს. გვახსოვს ირინა ენუქიძის საქმე, რომელიც სირცხვილად არის ქართული საზოგადოების ისტორიაში, ვინაიდან მაშინ ამ ადამიანს ძალიან მცირე ოდენობის მოქალაქეები ედგნენ გვერდით. ვფიქრობ, ჩვენ ეს შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ, ჩვენ უნდა  შევძლოთ ამ ადამიანის ძალიან დიდი ტკივილის გაზიარება.

ასევე უნდა ითქვას, რომ ეს მოძრაობა, რომელიც იქმნება დღეს, არ ეხება მხოლოდ ზაზა სარალიძეს. თითქოსდა მივიწყებულია მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც საკუთარ თავზე იღებს მთელს იმ დარტყმებს, რომელიც პარლამენტთან ხდება. ის ცილისწამება, ზეწოლა, ცინიზმი მისი შვილის მიმართ, რომელიც ტერორისტად შერაცხეს, არ უნდა დაგვავიწყდეს. მისი შვილიც უსამართლოდ იქნა ჩაცხრილული საკუთარ საწოლში. მალხაზ მაჩალიკაშვილი არის ქისტი ხალხის ღირსეული სახე, რომელიც მამაცურად იცავს საკუთარ თავს, იბრძვის სიმართლისთვის“.

აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორი, ბათუმელი სულხან წულუკიძე თვლის, რომ მცირერიცხოვანი აქციაც საკმარისია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად: „გუშინ ორი ადამიანი ვიყავით, დღეს 30-მდე ვართ, მაგრამ ეს სრულიად საკმარისი იმისათვის, რომ მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ზაზას. შეიძლება ხელისუფლება ხალხმრავლობას ანიჭებს უპირატესობა, მაგრამ ეს ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გავიზიარეთ ზაზა სარალიძის ტკივილი და ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა იზიარებს ამ ტკივილს.

ეს არის პროტესტი უსამართლობის მიმართ, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს თავისი მოქალაქეების მიმართ, ზაზა სარალიძე კი უსამართლობის ეპიცენტრში აღმოჩნდა. მე მგონი უნდა გამოვფხიზლდეთ. ეს უნდა იყოს ერთგვარი მესიჯი, რომ დამთავრდეს საქართველოში ეს მკვლელობები და გამოუძიებელი ისტორიები, რომელიც მთელ საზოგადოებას ლაქად გვრჩება“.

შვილმკვდარი მამა, ზაზა სარალიძე თბილისში გუშინ დააკავეს. ის თავისი შვილის მკვლელების დასჯას უკვე რამდენიმე თვეა ითხოვს და პარლამენტთან აქციებს მართავს.

https://netgazeti.ge/news/314377/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: