მთავარი,სიახლეები

პრეზიდენტის არჩევნები აჭარაში [განახლებადი]

28.10.2018 • 1673
პრეზიდენტის არჩევნები აჭარაში [განახლებადი]

დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს. 25 კანდიდატიდან საქართველოს მოქალაქეებმა პრეზიდენტი ხმათა უმრავლესობით უნდა აირჩიონ. „ბათუმელები“ განახლებად რეჟიმში აშუქებს არჩევნებს.

18:25 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის, სულიკო შვენთიძის განცხადებით, საღამოს 17:00 საათის მონაცემებით, 52 017 ამომრჩეველმა  გააკეთა საკუთარი არჩევანი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 36,28 პროცენტს შეადგენს.

18:20 ბათუმში, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შეჩერების მიზეზი მოქალაქის პროტესტი გახდა. უსინათლო პენსიონერი, 89 წლის ნოდარ კვიჭიძე კართან დადგა და უბანზე არავის უშვებდა. იგი ამბობდა, რომ მას გადასატანი ყუთით სურდა ხმის მიცემა, ყუთი არ მიუტანეს და ამიტომაც, სხვების დახმარებით მოვიდა საარჩევნო უბანზე.

17: 45 გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არჩევნების გასაშუქებლად მყოფ გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტს, რომელიც საარჩევნო უბანთან ახლოს გაჩერებულ მანქანაში მყოფ პირებს, სავარაუდოდ – კოორდინატორებს ესაუბრებოდა, ნუგზარ ურუშაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ მანქანის მფლობელია, ჟურნალისტს კატეგორიულად მოსთხოვა ადგილის დატოვება.

17:30 ბარცხანის დასახლებაში მდებარე #41 საარჩევნო უბანთან დღეს TV 25-ის გადამღებ ჯგუფს უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  „ერთ-ერთი პარტიის აქტივისტი ჩვენი კამერის გამორთვას იმ დროს ითხოვდა, როცა ოპერატორი მიკროავტობუსში სიების არსებობის შესახებს კადრებს იღებდა. ირწმუნებოდნენ, რომ ისინი პანაშვიდზე მიდიოდნენ და სწორედ წამსვლელების შესახებ აგროვებდნენ ინფორმაციას“ – ავრცელებს ინფორმაციას TV 25.

დღეს იგივე ტიპის პრობლემა ჰქონდა გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტს მე-20 საჯარო სკოლაში გახსნილ #44 საარჩევნო უბანთან. ავტომობილში მყოფი პირები, ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა მათი საქმიანობით საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრესიულად მოექცნენ და დაემუქრნენ, სამართალდამცავების თანდასწრებით.

16:10 საჩივრები ძირითადად შეეხება პროცედურულ დარღვევებს. „დილით ეს შეეხებოდა წილისყრის პროცედურების დარღვევას და ასევე იმას, რომ გადასატან საარჩევნო ყუთს არ მიყვებოდნენ ის კომისიის წევრები, რომლებსაც შეხვდათ ფუნქცია, რომ გაყოლოდნენ ყუთს“ – გვეუბნება საია აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ანნა მდინარაძე.

15:00 საარჩევნო უბანი ხულოში.

15: 55 ბათუმის ციხეში საუბნო საარჩევნო კომისია ელოდება, როდის მისცემს ხმას 4 ბრალდებული.

15:20 „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ბათუმში საარჩევნო დარღვევებზე: ბათუმის რამდენიმე უბანზე იყო პრობლემა, რომ ორ-ორი წარმომადგენლები ჰყავდათ ზოგიერთებს საარჩევნო უბანზე, ასევე აგიტაციის შემთხვევებიც იყო. ასევე, ენმ-ს კომისიის წევრებმა ბათუმის სამ უბანზე უარი თქვეს წილისყრაში მონაწილეობაზე. ქობულეთში, #32  უბანზე კი საარჩევნო ბიულეტენების პრობლემა იყო.“

14:00 საია: კენჭისყრის შენობის გარეთ აგიტაციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. საია-ში განმარტავენ, რომ დაკვირვების შედეგად შესაძლებელია აგიტაციის კუთხით საკანონმდებლო ცვლილების საჭიროება გამოიკვეთოს.

13:10 ოპოზიცია ამბობს, რომ მოიპოვეს სია, სადაც ამომრჩევლისთვის გადახდილი თანხაა მითითებული.

13:00 ბათუმის 25-ე საარჩევნო უბანზე მარკირების შესამოწმებელი აპარატი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში არ მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში ხმის მიცემის პროცესი უბანზე შეჩერებული იყო.

12: 20 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმის რამდენიმე საარჩევნო უბანზე გამოვლინდა დარღვევები.

11: 41 ბათუმის საოლქო კომისიის ინფორმაციით დილის 10 საათისთვის ბათუმის საარჩევნო უბნებში ხმა 7549 ამომრჩეველმა მისცა, რაც მთლიანი ამომრჩევლების რაოდენობის 5,27%-ია. ამ დროისთვის [11:30 სთ.] ბათუმის N79 საარჩევნო ოლქში 6 საჩივარია შესული.

10: 50 ბათუმში, პირველ საჯარო სკოლაში მდებარე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინცინდენტი მოხდა. მოქალაქე ლამარა კენჭაძის განცხადებით, მას ჯელალ ქიქავამ შეურაცხყოფა მიაყენა და მოქალაქემ პოლიციას მიმართა. შსს-მ გამოძიება დაიწყო.

10:00 ნაციონალური მოძრაობა: ბათუმის ორ უბანზე ამომრჩევლებს ხმის სანაცვლოდ ფულს ურიგებდნენ, თუმცა ოპოზიციას არ წარმოუდგენია ფაქტის დამადასტურებელი ვიდეო და ფოტო მასალა.

9:06 ქობულეთის #32 საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა. შეფერხების მიზეზი, ქობულეთის ოლქის თავმჯდომარის, გელა ხახნელიძის ინფორმაციით, საარჩევნო ბიულეტენში არსებული ხარვეზი აღმოჩნდა:

„ტექნიკური ხარვეზი იყო. ბიულეტენში #5 და #51 მკთრალად ჩანს. კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო და ამომრჩეველი რომ მოვა, საარჩევნო კაბინებში გამოკრულია, რომ არის ასეთი ხარვეზი და მითითებულია კანდიდატების ვინაობა, რეგისტრატორებიც აფრთხილებენ ამომრჩევლებს.“

8: 34 ხულოში #1 საარჩევნო უბანი წესების დაცვით გაიხსნა. პირველი ამომრჩეველი უბანზე რვა საათზე მივიდა. #1 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა ხულო, ქედისა და შუახევის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემაც.

ანზრო ბოლქვაძე. ფოტო: მანანა ქველიაშვილი

_________________

8:30 ბათუმის #17 უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა კომისიის თავმჯდომარის მიერ წილისყრის განმეორებით ჩატარების გამო.

____________________

8:10 აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო.

პირველი ამომრჩეველი ბათუმის #17 უბანზე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: